* * *
სადა ხარ, ღმერთო!
შენი შექმნილი ქვეყანა რომ ხელიდან მიდის,
გზა-კვალი არ ჩანს, კაცი არ ჩანს გამდები ხიდის,
გახდა ქვეყანა მოღალატის, გამცემის, ფლიდის,
ხელიდან მიდის და მიდის!
ხედავ, უფალო, მორევში ვართ ცოდვების დიდის,
კაცი არაჩანს, რასაც თესავს, იმასვე მკიდის,
არის ქვეყანა ავაზაკის, ფეხებზე მკიდის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
დადგა, დამკვიდრდა მეფობა ბინდის,
მტერი-მოყვარე ქვეყანას ჰყიდის,
წისქვილი არ ფქვავს მომცემი მინდის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
თენდება დილა არას მქონე, არაფრის მინდის,
ღამდება რულით და თავის ქინდვრით.
ფარას მგლები გლეჯს, არავინ მწყემსავს, არავინ ითვლის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
ვართ, მაგრამ ვიცით რატომ ვართ, რისთვის?!
გინდ გიყვირია, გინდა თავი გიხლია ქვისთვის,
თავი დაჰკარგა, ვის ცხელა სხვისთვის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
არავინ გვივის, ვინც იღვწის ხსნისთვის,
არავინ ომობს, არავინ იბრძვის,
არავინაა ქვეყნისთვის გამძრევი თითის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
გვიმძიმს, უფალო, უსაზღვროდ გვიმძიმს,
გაღატაკებულთ, შემოგვაცვდა პერანგი ჩითის,
ცას ვიღა ჩივის, აღარაა პატრონი მიწის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
ენას ვიგლეჯავთ ზღაპრის, მითის,
ენას სამკვიდროს, იმ ბარის, იმ მთის,
„ენა შემკული“ აღარც კი ითქმნის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
ენას ხუცესის, რუსთველის დიდის
გვაცლის ბრიტანის თუ ენა სკვითის,
ენა თამარის, ენა დავითის,
ენა უძველეს ქართველთა მკვიდრის
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
რწმენა დავკარგეთ ღვთის შიშის, რიდის,
ღმერთის - მფარველის და მეხამრიდის,
სამშობლოს ვალს ხომ არავინ იხდის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
ქალი ქალს არ ჰგავს, უპერანგო პერანგს რად იხდის,
კაცი არა ჩანს მოძულე სიძვის!
არავინაა გამკითხავი, არავინ იძვრის,
ქვეყანას ფასი დაედო კიტრის,
ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!
/ოტია იოსელიანი 2011 წელი