x
მეტი
  • 21.08.2024
  • სტატია:136616
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510873
ტურიზმისა და მასპინძლობის განვითარების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე საქართველოში

ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მანქანათმშენებლობის შემდეგ, ეკონომიკისთვის ყველაზე შემოსავლიან დარგს წარმოადგენს. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს 2010 წლის შეფასებით, მოგზაურობა და ტურიზმი, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი, მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ზე, 200 მილიონ სამუშაო ადგილზე, დასაქმების 8%-სა და ყოველწლიურად 5, 5 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნაზეა პასუხისმგებელი. საქართველოსთვის, რომელიც მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით შედარებით ღარიბია, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. იმ მდიდარი ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული კომპლექსების გათვალისწინებით, რითაც ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, ეს სფერო განვითარების სერიოზულ პოტენციალს ფლობს. თუმცა, ამ დარგში არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს. საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, თანამედროვე ეტაპზე, არაერთი პრობლემით ხასიათდება, რაც, თუ არ გამოსწორდა, ხელს შეუშლის ამ დარგის ზრდასა და განვითარებას.
ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა განთავსების ობიექტების მცირე რაოდენობა და მათი არასათანადო დონე. ტურისტთა ნაკადის მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს განთავსების საშუალებათა მცირე რაოდენობა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 5 515 559 ვიზიტორი შემოვიდა (http://stats.georgia.travel/Default.aspx). სტუმართა განთავსების ობიექტების საერთო რაოდენობა კი ჩვენს ქვეყანაში 1328 ერთეულს შეადგენს, რომელთაგან 445 სასტუმრო (ოთახების რაოდენობა - 11 475, საწოლი ადგილების რაოდენობა - 25 262), 462 საოჯახო სასტუმრო (2 754 ოთახი, 6 830 საწოლი ადგილი), 183 სასტუმრო სახლი, „ჰოსტელი“ (1 899 ოთახი, 5 016 საწოლი) და 55 სხვა განთავსების ობიექტია. შავიზღვისპირეთში განთავსების საშუალებათა უკმარისობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ზაფხულის სეზონის პიკზე. აგვისტოში დამსვენებლები ხშირად ღამის გასათევ ადგილს ვერ შოულობენ სასტუმროების გადავსების გამო. ამის მიზეზი კი საშუალო დონის სასტუმროების დეფიციტია. ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის 290 სასტუმრო, 4 495 ნომერი და 11 ათასამდე საწოლია. ზამთრის სეზონზეც გუდაურსა და ბაკურიანში ხშირად დგება მომენტი, როდესაც ყველა სასტუმრო სავსეა და დამსვენებლები გამოუვალ სიტუაციაში ვარდებიან. პრობლემატურია განთავსების ობიექტთა ნაწილში არსებული პირობებიც, რაც ხშირად ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს. აუცილებელია საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარება, რომლებიც, ამავდროულად, მაღალ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს. სახელმწიფომ კი ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა გრანტების მოზდვა, დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემა, სერვისის სწავლება და ა.შ.
საქართველოში ტურისტებისათვის კიდევ ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური კვანძების გაუმართაობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საპირფარეშოები მოეწყო ავტოგასამართ სადგურებთან, ტურისტული მარშრუტების უმრავლესობაში მათი ძალიან მძიმე სანიტარული მდგომარეობა ან, საერთოდ არარსებობა, კვლავაც გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს. ამ პრობლემაზე ხშირად საუბრობენ ვიზიტორები, რაც ჩრდილის ქვეშ აყენებს იმ პოზიტიურ შთაბეჭდილებებს, რასაც ისინი საქართველოში იღებენ. აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში კი, უშუალოდ, უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან კერძო სექტორი.
ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისათვის მნიშვნელოვან წინაღობას ქმნის, ასევე, დასუფთავების პრობლემა. ხშირ შემთხვევაში, ნაგავსაყრელი უშუალოდ პოპულარული ტურისტული ადგილის სიახლოვეს მდებარეობს. ამის მაგალითია გუდაურის ნაგავსაყრელი და საყოფაცხოვრებო ნარჩენების არეალი ყაზბეგში. გარდა ნაგავსაყრელებისა, აღნიშნულ პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ ტურისტული მარშრუტების გასწვრივ ნარჩენები, განსაკუთრებით პოლიეთილენის ბოთლები და პარკები, უკონტროლოდაა მიმოფანტული.
პრობლემას წარმოქმნის რეგიონებში შიდა ტრანსპორტის მოუწესრიგებლობაც. სატრანსპორტო საშუალებების გრაფიკი ხშირად არაორგანიზებულია და პუნქტუალურობითაც არ გამოირჩევა. მსგავსი ქაოტური ვითარება კი ინდივიდუალურ ტურისტებს გადაადგილებისას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტულ-საინფორმაციო დაფები ტურისტულ მარშრუტებში არასაკმარისი რაოდენობით არის განთავსებული. ტურისტებს არ ეძლევათ საშუალება, რომ ღრმა ინფორმაცია მიიღონ ცალკეულ ტურისტულ კომპლექსზე. დაფები საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისაგან. აგრეთვე, მცირეა საორიენტაციო მანიშნებლებიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც საინფორმაციო დაფის სიძველის ან მისი ვანდალური დაზიანების გამო ვერ ხერხდება ინფორმაციის სრულად წაკითხვა. ასევე, ზოგ შემთხვევაში, ტურისტები აწყდებიან ენობრივ ბარიერს.
ამრიგად, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია ერთ-ერთი მდგრადი და, რაც მთავარია, ზრდადი შემოსავლის წყაროა ქვეყნის ეკონომიკისათვის. საქართველოსათვის, რომელსაც ნავთობისა და მისი თანმხლები პროდუქტის, ბუნებრივი აირის, მნიშვნელოვანი რესურსი არ გააჩნია, ტურიზმის განვითარება სასიცოცხლო ხასიათს ატარებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ტურიზმის პოტენციალით. ამ ინდუსტრიაში არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რაც გადაჭრას საჭიროებს. პრობლემას წარმოადგენს განთავსების ობიექტების სიმცირე და დაბალი სტანდარტები, სანიტარული ობიექტების გაუმართაობა, დასუფთავების პრობლემა, შიდა ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა რეგიონებში და ტურისტულ-საინფორმაციო ნიშნების imageსიმცირე ტურისტულ მარშრუტებთან.

0
402
შეფასება არ არის
ავტორი:Shota Narsia შოთა ნარსია
Shota Narsia შოთა ნარსია
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0