x
image
დათო შვანგირაძე
ჩვენ ის ვიპოვეთ, 13 ივნისის გმირი, რომელსაც მის მიერ გადარჩენილები ეძებენ

image13 ივნისის ღამე, ახალგაზრდა ბიჭი მწყობრიდან გამოსული ავტომობილით ცდილობდა გაესწრო წყლის ნიაღვრისთვის, სიცოცხლესა და სიკვდილს ერთმანეთისგან წამები აშორებდა და წამებს უნდა გადაეწყვიტა მისი ბედი, სამშვიდობოსკენ ჰქონდა გეზი აღებული, წყლის ნიაღვარი უკან მისდევდა, როდესაც გზაზე მიმავალი ორსული ქალი და მამაკაცი შენიშნა... უკან დაბრუნება სიკვდილთან მიბრუნების ტოლფასი იყო, მაგრამ მიბრუნდა, სტიქიის წინაშე მარტოდდარჩენილი ადამიანები მანქანაში ჩაისვა და მათთან ერთად განარგძო თვითგადარჩენისთვის ბრძოლა... 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 დღის შემდეგ ფილმის სიუჟეტის მსგავსი ისტორიის გმირმა ორსულმა ქალბატონმა დღის შოუს მიმართა და მისი გადამრჩენელის პოვნა სთხოვა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ დრონი.ჯიმ 13 ივნისის გმირი ახალგაზრდის ძებნა დაიწყო და ჩვენი მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა, ის ბიჭი 23 წლის გიგი კეშელავა აღმოჩნდა, რომელსაც დავუკავშირდით და ტრაგიკული ღამის გახსენება ვთხოვეთ. გიგი კეშელავა: ვაკეში მივდიოდი ჩემს ორ ძმაკაცთან ერთად, თამარაშვილი გადაკეტილი იყო და ბახტრიონიდან ჩავედი ახალ გზაზე... უკან პატრული მომყვებოდა, გამოძახებული არ იყო, უბრალოდ მოდიოდა. ახალი გზის მეორე მხარეს უკვე დაგუბებული იყო წყალი და მანქანები გაჩერებული იყვნენ. პატრულმა გააჩერა და დაიწყო მგზავრების გადმოყვანა გზის მეორე ნაწილიდან... ჩვენც გავაჩერეთ რომ დავხმარებოდით. შემდეგ უკვე ტრასებს შორის რომ არის „ბარდიული“, სადაც ლამპიონებია დაყენებული, აი მაქედან დაიწყო უკვე ჩვენს მხარეს წყალმა გადმოსვლა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მდინარე ადიდდა და ის გადმოდიოდა, უბრალოდ რაღაც მომენტში ვიფიქრე მეთქი არ დაიტბოროსთქო და ვცადე მანქანის დაქოქვა. მანქანა არ დაიქოქა, რადგან მანქანის დამქოქო ნაწილი მქონდა გაფუჭებული. ზუსტად ვიდექი ვაკეში რომ ადის გზა აი იქ, საპატრულო შენობა რომ არის იმ აღმართზე უნდა ამესწრო, ძლივს დავქოქე და ავასწარი. იქვე დავინახე ფეხმძიმე ქალი და მისი ქმარი, წყალი უკვე წამოსული იყო, წავედი ისინი ჩავისვი და ძლივს ავედი აღმართზე, ხეები მოჰქონდა უკვე წყალს და მანქანის უკანა ნაწილიც დაფარული იყო წყლით. ბუქსაუბოთ ავიყვანე სამშვიდობოს, მერე მე და ჩემი მეგობრები დავბრუნდით უკან სხვების დასახმარებლად უკვე ფეხით, ორსული და მისი ქმარი კი ისე წავიდნენ არც მახსოვს... ამის შემდეგ კი არვიცი აი იქ უკვე კადრები იყო საშინელება. ერთმა პატრულმა მოასწრო გზის მეორე მხარეს გადმოსვლა, მეორე კი მანქანიანად აიტაცა წყალმა და წაიღო დინებამ. ისეთი პანიკა იყო, რომ უბრალოდ ვერ ვშველიდით. ის მეორე პატრული კი ისეთ შოკში იყო, რომ ვიჭერდით რომ ისიც არ გადაშვებულიყო იმ საშინელებაში, თორემ დაიხრჩვებოდა. მერე უკვე მოვიდნენ 112-ის თანამშრომლები, მაშველები, სასწრაფო. გრიგოლიას გადაცემაში ვნახე ის კაცი, რომელიც ბოძზე იყო შემოხვეული და ძალიან გამიხარდა რომ გადარჩენილა...ტრასებს შორის ბოძები ყველა ჩაინგრა, ეგ ბოძი კი კი რომელზეც კაცი იყო შემოხვეული იმიტომ გადარჩა, რომ ხეს მიებჯინა და გაჩერდა. ის კაციც სამი საათის განმავლობაში იყო შემოხვეული, ვერ ვშველოდით, ფარნებს ვუნთებდით და შეძახილებით ვამხნევებდით...ნუ ალბათ მერე რომ დაწდა ეს წყალი გადარჩენილა და გამიხარდა. წყალმა ალბათ ერთი 30 მანქანა მაინც წაიღო, ასეთი რაღაც მე არ მინახავს. ისეთი პანიკა იყო, კადრები რაც ტრიალებს არაფერი არაა იმასთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა. საშინელება მოხდა ნამდვილად და ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს.

0
1157
1-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
1157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0