x
image
ათასი
''ზურაბ გურიელიძე: ახალი ზოოპარკის მოწყობას რამდენიმე წელი დასჭირდება.''

image''ლიბერალი'' აქვეყნებს ინტერვიუს, რომელშიც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გვაცნობებს, რომ ზოოპარკის ასაშენებლად მათ წლები დასჭირდებათ. ისმის კითხვა, რატომ? ამ კითხვაზე პასუხს მიიღებთ, თუ სტატიას ბოლომდე წაიკითხავთ, -''თბილისის ზოოპარკი დღეს. მოკლული, გაქცეულიდა გადარჩენილი ცხოველები...
ზოოპარკის ნახევარი მთლიანად განადგურებულია. მოგეხსენებათ ზოოპარკი 3 იარუსისგან შედგება - ქვედა იარუსი მთლიანად დაფარული იყო წყლით, მეორე - ნაწილობრივ, მხოლოდ მესამე, ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე იარუსი გადარჩა. ზოგადად ასეთი მდგომარეობაა დღეს ზოოპარკში.
ძალიან დიდი რაოდენობით ცხოველი დაიღუპა. ბევრი დაიხოცა წყალდიდობის გამო, ნაწილი კი მოკლეს. ცხოველთა დიდი ნაწილი წყალდიდობას ვოლიერებში ემსხვერპლა. მათ შორისაა ლომები, ვეფხვები, დათვები, მაიმუნები და ფრინველები - თუთიყუშები, რომლებიც ასევე ვოლიერებში იყვნენ ჩაკეტილი.
როგორ დაიწყო 13 ივნისის მოვლენები?
საკმაოდ ძლიერად წვიმდა. ზოოპარკში მეუღლესთან ერთად შევედი, ვეტექიმი შეგვხვდა და გვითხრა, რომ დიდი წვიმის შედეგად გარეული ღორების ვოლიერში წყალი დადგა. იმისთვის, რომ გოჭებს სიმაღლეზე ყოფნა შეძლებოდათ, ვოლიერში სხვადასხვა საგნები ჩაყარეს.
ამ დროისათვის აღარ წვიმდა და მანქანით ზოოპარკის ქვედა ნაწილში, გარეული ღორების, ბეჰემოტისა და აფთრის ვოლიერებთან ჩავედით. აფთრების ვოლიერი დატბორილი დაგვხვდა, თუმცა ცხოველები ჩვეულებრივ დარბოდნენ. ასე რომ, წყალი განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენდა.
კიბეებზე ამოსვლისას დაცვის თანამშრომელმა დამიძახა, მოვტრიალდი და ამ მომენტში აფთრების ვოლიერში ჩანჩქერი მოვარდა. ზემოთ ამოვედი, რომ მენახა, რა ხდებოდა. ამ დროს კი წყალი საკმაოდ მძლავრად მოედინებოდა - ჩემი ავტომობილის კარი მოგლიჯა, შიგნით შემოვიდა, წყლის დონე ძალიან სწრაფად მატულობდა. მანქანა მივატოვეთ და ყველაზე დიდი შენობის სახურავზე მოგვიწია აფოფხება. ამ შენობის სიმაღლე დაახლოებით 7 მეტრზე მეტია და წარმოიდგინეთ წყალი მას თითქმის მთლიანად ფარავდა.
რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც დათვების და აფთრების ვოლიერი იყო, წყალის დონე 15-დან 20 მეტრამდე აღწევდა.
არსებობდა თუ არა ევაკუაციის გეგმა? თუ - კი, რამ შეუშალა ხელი მისგანხორციელებას?
რა თქმა უნდა, ასეთი გეგმა არსებობს და ასეთ დროს ყველა თანამშრომელს საკუთარი ფუნქციები აქვს, თუმცა მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, რამის მოხერხება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. სამი თანამშრომელი დაგვეღუპა, ასეთი სტიქიის წინააღმდეგ უბრალოდ ვერაფერს გააწყობ. არ არსებობს არცერთი გეგმა, რომელიც ამ სტიქიის დროს იმუშავებდა. შეუძლებელი იყო ვოლიერებამდე მისვლა - ძალიან ძლიერ, სწრაფ დინებას თან ლოდები და მორები მოჰქონდა.
"იმ შემთხვევაში, თუ მტაცებელი თავს ესხმოდა ადამიანს, მაშინ მისი ლიკვიდაციაგასაგებია. მაგრამ ასეთ დროს ბევრი რამ გარკვევას მოითხოვს. ზუსტად ვიცი, რომცხოველების დახოცვის ბრძანება გაცემული არ ყოფილა, უბრალოდ შესაძლოაზოგიერთმა პირმა არსებულ ვითარებაში ბოროტად ისარგებლა". რას გულისხმობთბოროტად სარგებლობაში და რის „გარკვევაზე" საუბრობდით „რუსთავი 2“-ისეთერში?
მე პოზიცია არ შემიცვლია. ვთქვი, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა პირმა არსებული ვითარება ბოროტად გამოიყენა. ამის დამადასტურებელი ფაქტები ჯერჯერობით არ გვაქვს. თუმცა მომხდარის შესწავლა აუცილებლია, გამოძიება უნდა დაიწყოს. უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ასეთ შემთხვევას ადგილი. იგივე ვთქვი „რუსთავი 2“-ის ეთერშიც, უბრალოდ სხვა სიტყვებით.
თუკი გალიებიდან გამოსული ცხოველები შეტევაზე გადადიოდნენ ან ქალაქში გასვლას ცდილობდნენ და სახიფათო სიტუაცია შეიქმნა, მაშინ, რა თქმა უნდა, სხვა გზა არც იქნებოდა - ან ადამიანის სიცოცხლე, ან - ცხოველის. როცა ყველაფერი ეს ხდებოდა, ჩემს მეუღლესთან ერთად პარაპეტზე ვიდექი. მხოლოდ სროლის ხმა აღწევდა ჩვენამდე. თავდასხმის ერთი შემთხვევა ნამდვილად იყო, როდესაც ჯიხვის ვოლიერში ვეფხვი შეტევაზე გადავიდა, აქ ყველაფერი გასაგებია. დანარჩენი ფაქტები შესწავლას საჭიროებს.
ლომი და ვეფხვი, როგორ უწყინარ შთაბეჭდილებასაც არ უნდა ტოვებდნენ, თუ შეტევაზე გადადიან, ძნელია ადამიანს მოსთხოვო, რომ არ ესროლოს. ნებისმიერ ტრანკვილიზატორს, ყველაზე ძლიერიც კი, რამდენიმე წუთი სჭირდება, რომ მოქმედება დაიწყოს.
მითქმა-მოთქმა დაკარგულ ცხოველებზე...
ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არცერთი სახიფათო მტაცებელი ზოოპარკის ტერიტორიიდან ცოცხალი არ გასულა.
"როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანებისა დასამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყეს, დაიწერაბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ დამოპოვებული ფულით ზოოპარკი დაეარსებინათ. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს დასხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული.ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები" - რას ნიშნავდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამ სიტყვების მოსმენა თქვენთვის იმ რთულ ვითარებაში?
ამის მოსმენა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. 1927 წელს ასეთი რამ რომც მომხდარიყო, მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა. არ მესმის რას ემსახურებოდა ეს სიტყვები. მოგეხსენებათ, იმ დროს არ მქონდა საშუალება ტელევიზორისთვის მეყურებინა ან რამეს გავცნობოდი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება.
პირველი ემოცია - საშინელი შეურაცხყოფის გრძნობა იყო. ამას მოყვა ბრაზიც. ადამიანების დაღუპული სიცოცხლე და რისკი, რასაც ტრაგედიის ღამეს ჩვენი თანამშრომლები წევდნენ, მსგავს სიტყვებს უბრალოდ არ იმსახურებდა.
საუბარი ზოოპარკის გადატანაზე. თბილისის ზოოპარკი ისევ დღევანდელ ადგილას აღდგება თუ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს? რა დრო დასჭირდება ინფრასტრუქტურის მოწყობას?
ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება, იმიტომ რომ მოსამზადებელია ძალიან დეტალური პროექტი, რასაც ასევე უამრავი დეტალი უსწრებს წინ. მაგალითად, კოლექციის გეგმის შედგენა, რაც ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ცხოველები გვეყოლება - თითოეულ ცხოველს შესაბამისი პირობები სჭირდება.
ზოოპარკში არსებობდა ვოლიერები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა, თუმცა იყო ისეთებიც, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. ახალ ზოოპარკში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოეწყოს. ახალი ზოოპარკის მოწყობას რამდენიმე წელი დასჭირდება. ასე რომ, დღეისათვის, ნაწილობრივ მაინც, აქ უნდა აღდგეს ზოოპარკი. კი, დღეს ცხოველები უსაფრთხოდ არიან, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხოდ - ისინი კარგ პირობებში არ იმყოფებიან და თანამშრომლები თავისი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობენ მათ გადარჩენას.
მიმდინარეობს ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით საუბარი, თუმცა ამ მიმართულებით მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის.
ცხოველების ფასი - როგორც მატერიალური, ასევე მათ ხელახალ მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები...
ცხოველები აუცილებლად უნდა აღვადგინოთ. თავის დროზე ჩვენი ზოოპარკი საკმაოდ ცუდ პირობებში იყო, შემდეგ კი იმდენი მოვახერხეთ, რომ EAZA-ში (European Association of Zoos and Aquaria) გაწევრებაზე დაიწყო საუბარი. ახლა ყველაფერი ისევ თავიდან გვაქვს დასაწყები. პირველ რიგში, ყველაფერი უნდა აღვადგინოთ, თუმცა აქ კიდევ ერთი რთული ასპექტია გადასალახი - პირადად ჩემი და ზოოპარკის თანამშრომლების დამოკიდებულება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც დაიხოცნენ. რაც მთავარია, უდიდესი დანაკლისი - ჩვენი დაღუპული თანამშრომლები. ეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია. ჩვენი სფერო, ჩვენი პროფესია საკმაოდ სპეციფიკურია და ძალიან რთულია შესაბამისი ადამიანების პოვნა.
რაც შეეხება დახმარებას, EAZA-დან უკვე მივიღეთ წერილი, დახმარებას დაგვპირდნენ და გვთხოვენ, რომ შესაბამისი პრესრელიზი გავუგზავნოთ. მრავალი ქვეყნიდან მოდის მხარდაჭერის წერილები: შვეიცარია, ისრაელი, პოლონეთი, ჩეხეთი, ინგლისი; თითქმის ყველა ქვეყნის ზოოპარკებიდან გვპირდებიან, რომ დაგვეხმარებიან, მათ შორის კოლექციის აღდგენაშიც.
გარდა ამისა, მაგალითად, დღეს ჩამოდიან პრაღის ზოოპარკის წარმომადგენლები, 7 ადამიანი, რომლებიც დაგვეხმარებიან როგორც დაღუპული ცხოველების გამოტანაში, ასევე ეპიდემიის საშიშროების წინააღმდეგ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაში. ორი ვეტექიმი იერუსალიმის ზოოპარკიდან ჩამოდის - გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები. ასე რომ, მთელი მსოფლიო მობილიზებულია, ნამდვილად არ ვაჭარბებ.
დასასრულ, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მოხალისეები - ზღვა ხალხი მოდის. თქვენი ჟურნალის მეშვეობით ამ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და ალბათ მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა ის იქნება, თუ გაცილებით უკეთეს ზოოპარკს მოვაწყობთ.''

0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:ათასი
ათასი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0