ასეთი ამბის წაკითხვა მკითხველისთვის ძალიან რთულია, განსაკუთრებით 32 წლისდიანას გაგება, რომელსაც საკუთარი დის ყოფილი ქმარი შეუყვარდა, მაგრამ ცხოვრებაში თურმე ყველაფერი ხდება.
- ალბათ, ადამიანს ვერ მოძებნით, რომელიც ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ გამამართლებს. მათ ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ თურმე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ერთი და მყავს, ლელა ჩემზე ექვსი წლით უფროსია. დაახლოებით ხუთი წლის ვიყავი, საცხოვრებლად თბილისის ცენტრში რომ გადავედით. მამა დამეღუპა და დედამ გარეუბანში ბინა გაყიდა, ასევე - მამას წილი ბიზნესიდან და საცხოვრებელი შევიცვალეთ. ამბობდა, მიჭირს ამ კედლებში და უბანში ცხოვრება, ყველაფერი გელას მაგონებსო. გიგი ახალ სახლში გადმოსვლის დღეს გავი-ცანი. 13 წლის ბიჭი იყო და ბარგის ატანაში დახმარება შემოგვთავაზა. ჩვენი მეზობელი აღმოჩნდა, ორი სართულით მაღლა ცხოვრობდა. იმ დღიდან ბიჭი ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი გახდა. თურმე ჩემი 11 წლის დაიკო შეუყვარდა და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ჩვენ მიმართ.
- შენც მოგწონდა გიგი?
- არა, მიუხედავად იმისა, რომ პატარებს დიდი ბიჭი ადვილად უყვარდებათ, გიგისთვის, როგორც მამაკაცისთვის არასოდეს შემიხედავს. ძმასავით მყავდა. ლელა 16 წლის იყო, როდესაც გაიპარნენ და დაქორწინდნენ. მაშინ გიგი უკვე გარეუბანში ცხოვრობდა. ოჯახს გაუჭირდა და ბინა გაყიდეს, მაგრამ ახალი გადასულები იყვნენ. ერთად სამი წელი იცხოვრეს, მაგრამ ყველაფერი აერიათ. გიგი სამუშაოდ იტალიაში წავიდა, მალე ცოლიც წაიყვანა. იქ ლელა ვიღაც იქაურ ქართველს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდნენ. ხმები მომდიოდა, რომ გიგი ლელას მოსაკლავად ეძებდა, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, გადაუარა. ქართველ ემიგრანტზე იქორწინა და საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა. ამასობაში მეც გავთხოვდი და სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი, ქმარი რომ კაიფში გაიპარა. დედამთილის ოჯახიდან სახლში დავბრუნდი. ბავშვის დაბადების შემდეგ დედაჩემი ლელასთან საფრანგეთში წავიდა სამუშაოდ, მითხრა, იქიდან უფრო მოგეხმარებიო. ცუდად არ ვიყავი, დედა ფულს მიგზავნიდა და მშვიდად ვცხოვრობდი. ერთ დღეს მობილურზე უცხო მამაკაცმა დამირეკა, გიგი აღმოჩნდა. ჩვენი საერთო ნაცნობი შეხვედრია და ნომერი იმას მიუცია. მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა და სახლში დავპატიჟე.
- ალბათ, დიდი ხნის უნახავი გყავდა?
- კი და ძალიან გამიხარდა გიგის ნახვა. იმ დღის შემდეგ ხშირად მოდიოდა ჩემთან. ლელაზე არასოდეს არაფერი უკითხავს, ერთხელ კი ცოლიც მოიყვანა და გამაცნო. ძალიან კარგი გოგო იყო, ისე მომეწონა, როგორც დაქალს, საათობით ვეჭორავე. გიგის ვეხვეწებოდი ხოლმე, რომ ეკაც მოეყვანა, მაგრამ ერთ დღეს ვიგრძენი, რომ გიგის სხვანაირად ვუყურებდი. საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ მიყვარდა და ჩემი შვილის დანახვა არ მინდოდა, რადგან გიგი რომ მოდიოდა, ბავშვი მასთან ყოფნაში ხელს მიშლიდა და ჩემს დედამთილთან წავიყვანე ერთი თვით.
- გიგი რას გრძნობს შენ მიმართ?
- არაფერს, ცოლი სიგიჟემდე უყვარს, ჩემთან მართლა ბავშვობა აკავშირებს და ის წლები, როდესაც ბედნიერი იყო. ლელასა და დედაჩემს ვუმალავ, რომ გიგი ჩვენს სახლში მოდის. არანორმალურად მიყვარს, მინდა, ჩემი გახდეს, მისგან არაფერს ვითხოვ, არც ოჯახის დანგრევას და არც მის ცოლობაზე ვოცნებობ. დიახ, საშინელი ქალი ვარ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''