x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136004
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
"ტყის კომპლექსური მოქმედება გარემოზე"
image

"დაცვითი ტყის ზოლები და მათი გავლენა ჰავასა და ნიადაგზე"


სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ქარსაფარი ზოლების მილიონ ჰექტრებზე წარმატებით მშენებლობა ეყრდნობა ჰავის ყველა ელემენტისა და ნიადაგის ტენიანობაზე ტყის დაცვითი ზოლების მეცნიერულად დამტკიცებულ კეთილ გავლენას.



ცდებმა და გამოკვლევებმა სავსებით დაადასტურეს ვ. ვ. დოკუჩაევის, კოსტიჩევის, ვ. რ. ვილიამსისა და გ. ნ. ვისოცკის სწავლება სატყეო აგრარულ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის ქარსაფარი ზოლებისა და ჩვენი მინდვრების მოსავლიანობის გადიდების მნიშვნელობა. რაში მდგომარეობს დაცვითი ზოლების გავლენა ჰავისა და ნიადაგის ელემენტების კომპლექსზე?


ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების გავლენა ქარის სისწრაფეზე. ტყის ზოლები ამცირებს ქარის სისწრაფეს ზოლთაშორის ფართობზე და შემცირება მით მეტია, რაც უფრო ახლოა იგი ტყის ქარსაფარ ზოლთან.


ვ. ა. ბოდროვის თანახმად, როსტაშევის უბანში, სადაც ერთიმეორისგან 1 კილომეტრის დაცილებით რვამწკრივიანი ტყის ზოლი იყო შექმნილი, რომლის სიმაღლე 15-17 მეტრს უდრიდა, ზოლების გავლენა ქარზე შემდეგნაირად გამოისახა:


image


შავმიწა ნიადაგების ოლქში, მრავალწლიანი დაკვირვებებიბს თანახმად, ტყის ზოლები ამცირებენ ქარის სისწრაფეს ზოლთა შორის ფართობებზე 40-50% -ით.


დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის ზოლების გავლენას არა მარტო მშრალ ქარებზე, არამედ ზამთრის ცივ ქარებზედაც. ზოლების ზეგავლენით ზამთრის ცივი ქარების სისწრაფის შენელებას არაერთხელ გადაურჩენია დაღუპვისგან ციტრუსები და სხვა სუბტროპიკული კულტურები შავი ზღვის სანაპიროზე.


ტყის ზოლები, მათ შორის მდებარე ფართობების ტემპერატურაზეც მოქმედებს. ვ. ა. ბოდროვის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდში ქარგამსჭვალადი კონსტრუქციის ზოლები, ჩვეულებრივ ზაფხულის ცხელ ამინდში ჰაერის ტემპერატურას დღისით ადიდებს, ხოლო ღამით ამცირებს 1° -ის ფარგლებში.


სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აგრეთვე მათი გავლენა ჰაერის ტენიანობაზე. ტყის ზოლები ანელებს რა ქარის სისწრაფეს, აკავებს ზოლთაშორის სივრცეში მცენარეთა ტრანსპირაციით წარმოქმნილ და ნიადაგიდან აორთქლებულ წყლის ორთქლს. ამის გამო, ზოლთაშორის სივრცეში აბსოლუტური ტენიანობა 1 მმ-ით, ხოლო ზოლებთან ახლოს 5 მმ-ით მეტია, ვიდრე ღია, ზოლებით დაუცველ ფართობზე; ასევე ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ზოლთაშორის სივრცეში 3-5 %-ით, ხოლო ზოლების მახლობლად 10-12 % -ით მეტია, ვიდრე ღია ველზე.


ვ. ა. ბოდროვის მონაცემების თანახმად საღამოს საათებში ჰაერის ფარდობით ტენიანობის სხვაობა ზოგჯერ 30 %-ს აღწევს.


საყურადღებოა ზოლების გავლენა აორთქლებაზე. ტ. ფ. ბასოვის მონაცემებით, ტყის დაცვითი ზოლების ზრდასთან ერთად, აორთქლება ზოლთაშორის სივრცეში შემდეგნაირად მცირდებოდა:


image


უკანასკნელი პერიოდისათვის (1918-1928 წწ.) აორთქლება ზოლების დარგვის (1894-1899 წ.) პერიოდთან შედარებით 53 %-ს შეადგენდა. კამაშინის უბანში 7 წლის ზოლებმაც კი, რომელთა სიმაღლე 3-5 მეტრით განისაზღვრებოდა, შეამცირეს აორთქლება ზოლებიდან 100 მეტრის მანძილზე 20% -ით.


ტყის ზოლებს მეტად დიდი გავლენა აქვს თოვლის საფარზე. ღია ველზე ძლიერ ხშირად თოვლს ქარი ახვეტავს და აგროვებს ხევებსა და მიკროდაბლობებში. ამის შედეგად ნიადაგი კარგავს ტენს და არათანაბრად ღებულობს მას.


ქარსაფარი ზოლების გავლენით თოვლი ქარს აღარ გადააქვს და ამის შედეგად ზოლთაშორის სივრცეში ნალექი თოვლის სახით მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით გროვდება, ვიდრე ღია ველზე. ნ. პ. ლეონტიევსკისა და გ. ტ. სელიანინოვის მონაცემებით, საშუალოდ 6 წლის განმავლობაში ღია ველზე წყლის მარაგი თოვლში 46-52 მმ იყო და ზოლთაშორის ფართობებზე 64-80 მმ, ხოლო თვით ზოლებში- 251 მმ.


ტ. ფ. ბასოვის მონაცემებით, ზოლებში თოვლი 15 დღით გვიან დნება, რაც ხელს უწყობს ზოლებში ტენის დაგროვებას. ი. ნ. სკაჩოვი მიგვითითებს, რომ ტყის ზოლები ნიადაგის გაყინვის სიღრმეზეც მოქმედებს.


თუ ღია ველზე ნიადაგი 80 სმ სიღრმეზე იყინება, მინდვრებზე ტყის ზოლებს შორის იგი მხოლოდ 30-40 სმ სიღრმეზე იყინება, ხოლო თვით ზოლის ქვეშ ხშირად სრულიად არ იყინება. ამიტომ მინდვრებზე ტყის ზოლებს შორის, ნიადაგი გალხობილი თოვლის წყლის დიდ რაოდენობას ღებულობს. ზოლთაშორის სივრცეში ნიადაგი შესაბამისად ხასიათდება უფრო მეტი ტენიანობით, ვიდრე ღია ველზე. ბოდროვის მონაცემებით გაზაფხულზე ამ განსხვავებამ 1 ჰექტარზე 1670 კბმ მიაღწია.


დაცვითი ზოლები მიწისქვეშა წყლების რეჟიმზედაც ახდენს გავლენას. გ. ფ. ბასოვის გამოკვლევებმა “კამენაია სტეპში" გვიჩვენა, რომ გაზაფხულის პერიოდში ტყის ზოლების ქვეშ აღნიშნულია გრუნტის წყლის დონის ამოწევა, რაც მოწმობს ტენის უკეთეს დაგროვებას ზოლების ქვეშ, მინდორთან შედარებით.


ა. ს. ბოიკოს გამოკვლევებით, ტყის ზოლები დადებით გავლენას ახდენს ნიადაგწარმოქმნის პროცესებზე ზოლთაშორის ფართობებზე. მინდორზე, ტყის ზოლებს შორის, მატულობს გადამპალაში აზოტისა და მისი მოძრავი ფორმების რაოდენობა.


ტყის ზოლები ველებზე, ჰავის ელემენტების კომპლექსზე და ნიადაგის ტენიანობაზე გავლენით, ახდენს მათი ბუნების გარდაქმნას და დადებითად მოქმედებს სოფლის მეურნეობის კულტურების ზრდასა და მოსავლიანობაზე. სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლიანობა ქარსაფარი ზოლების გავლენით მატულობს საშუალოდ 40%-ით ღია ველებთან შედარებით, ხოლო გვალვიან წლებში ეს სხვაობა 100%-ით განისაზღვრება. ქარსაფარი ზოლები უზრუნველყოფს მყარ მოსავლიანობას გვალვიან წლებშიც.


ამგვარად, სავსებით დასტურდება ვ. რ. ვილიამსის სიტყვები: “ტყე წარმოადგენს მინდვრების ტენიანობის საუკეთესო ბუნებრივ რეგულატორს".


სამხრეთში, სუბტროპიკული კულტურების ზონაში, ტყის ზოლები იცავს ამ კულტურებს ქარის გავლენისაგან; მათი გავლენით ჩაის მოსავალი იზრდება 50%-ით, ხოლო ციტრუსების 40-50%-ით, ამასთან 20%-ით დიდდება კონდიციური მაღალხარისხოვანი ნაყოფის მოსავალი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ზოლები იცავს სუბტროპიკულ კულტურებს ზამთრობით ცივი ქარების მავნე გავლენისაგან- გაყინვისაგან. ქარსაფარი ზოლების კომპლექსური გავლენა მიკროკლიმატსა და სოფლის მეურნეობის კულტურებზე მოსავლიანობის გადიდების მძლავრი ფაქტორია.



0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ტყე და ადამიანი
ტყე და ადამიანი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0