x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:136005
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
"ტყის კომპლექსური მოქმედება გარემოზე"
image


(ტყის კურორტოლოგიური და ბალნეოლოგიური მნიშვნელობა)


ტყის გავლენა ჰავის ელემენტების კომპლექსსა და ნიადაგის ტენზე გამოყენებულია აგრეთვე საკურორტო მეურნეობაშიც, რომელიც სახალხო მეურნეობის ფრიად მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს. ჩვენი ბალნეოლოგიური მნიშვნელობის კურორტები - წყალტუბო, ბორჯომი და სხვ., ძვირფასია თავისი მინერალური წყლებით, რომელთაც სამკურნალო თვისებები აქვთ. მთის ტყეების ბალნეოლოგიუტი მნიშვნელობა მდგომარეობს ამ ტყეების კეთილმყოფელ გავლენაში მინერალური წყაროების დებეტზე.

ზიუსის მიხედვით, მინერალური წყაროები სამ კატეგორიად იყოფა: ა) ვადოზური, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია ნიადაგის სიღრმეში ნალექების ჩდენასთან; ბ) იუვენილური, რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია დედამიწის ღრმა ფენებში არსებულ წყლებთან და გ) შერეული ხასიათის მინერალური წყლები.


როგორც მრავალრიცხოვანი დაკვირვებები გვიჩვენებს, მინერალური წყაროების უმეტესი ნაწილი ვადოზური ხასიათისაა, ე.ი. დაკავშირებულია წვიმებისა და თოვლის წყლების ნიადაგის სიღრმეში ჩაჟონვასთან. ამაზე მიგვითითებს მაგალითად დარიშხანოვანი მინერალური წყაროების გამოკვლევები შვეიცარიაში, ბადენში და სხვ. მათი დებიტი და მინერალიზაციის ხარისხი, ე.ი. მინერალური ნივთიერების შემცველობა მჭიდროდაა დაკავშირებული ნალექებისა და თოვლის დნობის მსვლელობასთან.

ჩვენი მინერალური წყლებიც, როგორიცაა, მაგ., ბორჯომის, პროფ. ოვჩინიკოვის და სხვათა გამოკვლევით, დაკავშირებულია ატმოსფერულ ნალექებთან. ბორჯომის წყაროების კვების ფართობი შეადგენს რამდენიმე ათეული ათას ჰექტარს, რომელიც ძირითადად ტყეებითაა დაფარული. ამ ტყეების მნიშვნელობა, რომლებიც არეგულირებს წვიმისა და თოვლის წყლების ჩაჟონვას, ფრიად დიდია. ხელს უწყობს რა ნიადაგის სიღრმეში წყლის ჩასვლას და აბრკოლებს რა მავნე ზედაპირულ ჩადენას, მინერალური წყაროების კვების აუზის ტყეები ხელს უწყობს წყაროების დებიტის მუდმივობას.
ტყის როლი ჰავის რეგულირების საქმეში ძლიერ დიდი და თვალსაჩინოა თავისი პრაქტიკული შედეგებით. მეცნიერება კლიმატოთერაპიის შესახებ დიდი ხანია აღნიშნავს, რომ ტყის ჰავას სამკურნალო თვისებები ახასიათებს.

მეზერნიცკი ტყის ჰავის თავისებურებას მიაწერს: უქარობას, ჰაერის სისუფთავეს, სიგრილესა და დიდ ფარდობით ტენიანობას. ჰავის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე კანისა და ფილტვების საშუალებით, ტემპერატურაა, ტემპერატურაზე დამოკიდებულია ადამიანის სხეულის მიერ სითბოს გამოყოფა, აორთქლება და სისხლის მიმოქცევა.

მაღალი ტემპერატურის პირობებში ადამიანის სხეულში სითბოს რეგულირება შეიძლება საკმაო არ იყოს და როგორც მეზერნიცკი აღნიშნავს, ადგილი ექნება გადახურებას, რაც შეიძლება დასიცხვით დაბოლოვდეს.

ცნობილია, თუ რამდენად ძლიერი მარეგულირებელია ტყე უკიდურესი ტემპერატურის. ტყეებით შემოფარგლული ჩვენი კურორტებისთვის, ისინი ზაფხულის პერიოდში ადამიანის გუნების გაუმჯობესების ძირითადი ფაქტორია.

ადამიანზე გავლენის არა ნაკლები სიძლიერის ფაქტორად ქარი უნდა ჩაითვალოს. იგი განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს რევმატიზმით, ნერვული აშლილობით, ნიკრისით და სხვ. ავადმყოფებზე და იწვევს მათში უგუნებობას, თავისა და სახსრების ტკივილს და სხვ. მეზერნიცკის შრომებიდან ჩანს, რომ ქარის გავლენით ჩნდება სხვადასხვაგვარი ავადმყოფობა.

ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ტყე ქარის სისწრაფის შენელებაში. ჩვენი კურორტები, როგორიცაა, მაგ., წყალტუბო, დაიფარა ტყე-პარკებით და შემოიფარგლა ხშირი ქარსაფარი ზოლების რკალით, რის გამოც შეიქმნა ავადმყოფების მკურნალობის უკეთესი პირობები.

სადღეისოდ დამტკიცებულია, რომ ადამიანის მიერ სითბოს შეგრძნობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობისა და ქარის ერთობლივ მოქმედებაზე. ამ ფაქტორების თანაფარდობაზეა მთლიანად დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის მიერ სითბოს გამოყოფა და შეგრძნობა.

ალექსანდროვის თანახმად “ფიზიოლოგიური გაცივების" ხარისხს, ე.ი. სითბოს რაოდენობას, რომელსაც გამოყოფს ადამიანის სხეული ჰაერის ტემპერატურის ფარდობითი ტენიანობისა და ქარის ერთობლივი მოქმედების პირობებში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო კლიმატოლოგიაში და მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის კლიმატოტერაპიასთან.

ჰავის ხსენებული სამი ელემენტის კომპლექსური მოქმედების შედეგად წარმოიქმნება ე.წ. ეფექტური ტემპერატურა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ადამიანის სითბოს შეგრძნებას. ჰავის ამ ელემენტების ისეთ შეთანაწყობას, რომლის პირობებშიც ადამიანის მიერ სითბოს შეგრძნება და ამასთან დამოკიდებით გუნება საუკეთესოა, “კომფორტის ზონა" ეწოდება. “კომფორტის ზონაში" აღნიშნულ ფაქტორთა ზემოქმედებით ეფექტურ ტემპერატურათა მაჩვენებლები 17, 2- 21, 7° უდრის. ამ პირობებში ტანჩაცმულ ადამიანთა 50%-ს ნორმალური სითბოს შეგრძნება აქვს.


ამა თუ იმ კურორტის კლიმატურ თვისებათა შეფასების დროს ეფექტური ტემპერატურები ხშირად გადამწყვეტია. იაკოვენკო აღნიშნავს, რომ საუკეთესო კლიმატურ კურორტად უნდა ჩაითვალოს ის, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი დღეები “კომფორტული" ეფექტური ტემპერატურით.

ტყე დიდ გავლენას ახდენს ჰავის ამ სამ ელემენტზე, რომელზეც დამოკიდებულია ეფექტური ტემპერატურა და ამიტომაც იგი ზშირად მძლავრი ფაქტორია, რომელიც ეფექტურ ტემპერატურას აპირობებს.

თუ მხედველობაში მივიღებთ სხვადასხვა კორომის განსხვავებულ ზეგავლენას ტემპერატურაზე, ტენიანობასა და ქარის სისწრაფეზე, შეიძლება ეფექტური ტემპერატურების რეგულირება. მერქნიანი ჯიშებისა და მათი საბურველის განსხვავებული გავლენა ეფექტურ ტემპერატურაზე ჩანს ქვემომოყვანილი ცხრილიდან, რომელიც მიღებული იყო ბორჯომში 21 ივლისს, ბაშუადღევის 3 საათზე (1957წ.)


image



ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ “კომფორტული ეფექტური ტემპერატურა" (18, 4°) გვაქვს მხოლოდ მაღალი სიხშირის ნაძვნარში და შესაბამისად ადამიანის მიერ სითბოს შეგრძნებაც ნაძვნარში იმ დროს, იმ საათში ნორმალური იყო. როგორც ფანჯარაში, ისე ფიჭვნარსა და ველობზე ეფექტური ტემპერატურები “კომფორტის ზონაზე" უფრო მაღალია (23, 0° - 23, 9°) და დამსვენებლები განიცდიან ჰაერის შეხუთვას.

სხვა ამინდში ტემპერატურის, ჰაერის ტენიანობისა და ქარის სისწრაფის სხვა შეთანაწყობაში ეფექტური ტემპერატურები “კომფორტის ზონაში" ხვდება ფიჭვნარსა და ფანჯრებში და ა.შ. თუ შესწავლილი იქნება რომელიმე კლიმატური კურორტის ცალკეული თვეების ჰავა და ამინდი და ამასთან ეფექტური ტემპერატურები ცალკეულ ჯიშთა კორომებში ტყის საბურველის სხვადასხვა შეკრულობის დროს, შეიძლება დადგენილ იქნეს ამ კურორტისათვის როგორც მთავარი ჯიშის, ისე კორომების ხასიათიმ რომლებიც უზრუნველყოფს “კომფორტული" ეფექტური ტემპერატურის მქონე დღეების რაც შეიძლება მეტ რაოდენობას.

ბ.პ. ტოკინისა და სხვ. გამოკვლევებით დადგენილია, რომ მერქნიან მცენარეთა მთელი რიგი: ფიჭვი, არყი, მუხა, შორთხვი და სხვ. გამოჰყოფს მქროლავ ნივთიერებებს, ე.წ. ფიტონციდებს, რომელთაც აქვს მიკროორგანიზმების მოსპობის ან მათი ზრდის შეჩერების უნარი.

მიკროორგანიზმთა შორის, რომლებიც ფიტონციდებით ისპობა და ზიანდება, ბევრი მავნებელია ადამიანისთვის. ამიტომ ფიჭვის, მუხისა და არყის ტყის დადებითი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ნაწილობრივ ფიტონციდების გამოყოფაშიც მდგომარეობს.

ფილტვებით ავადმყოფთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფისოვან ნივთიერებებს, რომელთაც წიწვოვანი ჯიშის ხეები გამოჰყოფს. ნ.მ. რუდნიცკის აზრით, ფისოვანი ნივთიერებები, როგორც გამაღიზიანებლები, რომლებიც გავლენას ახდენს სასუნთქ სისტემაზე, ხელს უწყობს ადამიანის ინტენსიურ სუნთქვას.

გ. გიგაურის გამოკვლევების მიხედვით, რომელიც ჩტარებული იყო წაღვერში დღისით, ფიჭვნარ კორომში კარგი ამინდის პირობებში, ჟანგბადის შემცველობა ატმოსფეროში მეტი იყო, ვიდრე უტყეო ფართობზე. მისივე გამოკვლევებით დადგენილია, რომ ტყეში მზიან, უქარო ამინდში მტვრის ოდენობა 1, 5 ნაკლებია, ვიდრე უტყეო ფართობზე. ტყის ეს გავლენა ჟანგბადისა და მტვრის ოდენობაზე ადამიანისათვის მეტად სასარგებლოა.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე ტყეების მნიშვნელობა პეიზაჟის შექმნაში, რაც მხედველობის საშუალებით ახდენს ადამიანზე ზემოქმედებას. პროფ. მეზერნიცკი ამას “ლანდშაფტის რეფლექსს" უწოდებს; ლანდშაფტის რეაქციას ყველაზე ძლიერ განიცდიან ასტენიკები. ტყის ლანდშაფტი დამაწყნარებელ გავლენას ახდენს. ამ მოსაზრებით მნიშვნელობა აქვს კორომის შემადგენლობას - ჯიშთა შეთანაწყობას.

ერთი ჯიშისაგან შემდგარი წმინდა, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი კორომი, ერთფეროვან კოლორიტს იძლევა, რაც მალე სწყინდება დამსვენებელს. ფოთლოვანი ჯიშების წიწვოვნებთან შერევის დროს პეიზაჟს სილამაზე ემატება, მაგრამ მეტისმეტად აჭრელებული პეიზაჟიც მოუსვენრობას გვრის და ქანცავს ადამიანს. საქართველოს საკურორტო სატყეო მეურნეობა ჯიშთა შერევას შემდეგი პროპორციით ატარებს - 7 წიწვოვანი, 3 ფოთლოვანი, ხოლო შერევა ჯგუფობრივი და ცალკეული ხეებით.

შერეული ტყე განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზეა ლამაზი, შემადგენელი ჯიშების ფოთლებისა და წიწვების სხვადასხვა შეფერვის გამო. საერთოდ იგი როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში უფრო ლამაზია, ვიდრე წმინდა კორომი.

ყველა ეს ფაქტი ადასტურებს კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობების კომპლექსზე ტყის ზეგავლენის დიდ მნიშვნელობას სახალხო მეურნეობის ერთ-ერთი დარგის - საკურორტო მეურნეობისათვის.


0
84
შეფასება არ არის
ავტორი:ტყე და ადამიანი
ტყე და ადამიანი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0