x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
მყარი თუ თხევადი საპონი - რომელი ავირჩიოთ?

image
დღეს ალბათ წარმოუდგენელია იმის გაფიქრებაც კი, რომ სამყაროში ოდესღაც არ არსებობდა ისეთი აუცილებელი პროდუქტი, როგორიცაა უბრალო საპონი. მისი ისტორია დაახლოებით 6 ათასი წლის წინ იწყება. ერთ-ეთი ვერსიით საპნის პირველი მომხმარებლები იყვნენ გალები - დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები. ისინი ქონისა და წიფლის ფერფლისგან ამზადებდნენ მალამოს, რომელსაც ტანის და თმის გასაწმენდად იყენებდნენ. მეორე ლეგენდის მიხედვით, საპონი რომაელებმა გამოიგონეს. თავად სიტყვა "საპონი"(ინგლ. "soap"), წარმოდგა მთა "საპოს" სახელწოდებიდან, სადაც ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვა ტარდებოდა. ცხოველური ცხიმების ნარჩენები და სამსხვერპლი ცეცხლის ფერფლი ჩადიოდა მდინარე ტიბრში. ამ უკანასკნელში ქალები თეთრეულს რეცხავდნენ ხოლმე. მალე შეამჩნიეს, რომ ამ ნარჩენების ჩაყრის შემდეგ სარეცხი უკეთ ირეცხებოდა. დროთა განმავლობაში "ღმერთების საჩუქრის" გამოყენება დაიწყეს ტანისა და თმის დასაბანადაც.


დღეს კი ჩვენი ცხოვრება საპნის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელია.


საბავშვო საპონი, გლიცერინიანი, ანტიბაქტერიული, საპონი-სკრაბი, ტანის გელი, თხევადი საპონი - და ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი იმ არჩევანისა, რომელიც სუპერმარკეტში შესულ თავგზააბნეულ მყიდველს ელის. ამას ემატება მწარმოებელი კომპანიების უამრავი არჩევანი.


ამჯერად შევეცდებით მიმოვიხილოთ საპნის სხვადასხვა სახეობის დადებითი და უარყოფითი თვისებები, რათა ცოტათი მაინც გაგიადვილოთ არჩევანის გაკეთება.


მყარი საპონი

image
ჩვენთვის კარგად ცნობილი მყარი, ანუ ნაჭერი საპონი რამდენიმე უპირატესობას მართლაც ფლობს. პირველ რიგში, ძალიან მოთხოვნადია დაბალი ფასისა და მცირე ზომების გამო. ამასთან, იგი კარგად აშორებს ჭუჭყს და თავადაც სწრაფად შორდება როგორც თბილი, ასევე ცივი წყლით, რაც მისი გამოყენების საშუალებას იძლევა პრაქტიკულად ყველანაირ პირობაში.

თუმცა მყარ საპონს ნაკლიც აქვს: ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ საპნით დაბანის შემდეგ კანის სიმშრალის შეგრძნება გრჩებათ. ამის მიზეზია ის, რომ ტრადიციულ მყარ საპონს მაღალი ტუტე გარემო გააჩნია. იგი კანიდან აშორებს დამცავ ჰიდრო-ლიპიდურ ფენას, რის გამოც კანი ხდება დაუცველი ახალი ბაქტერიებისა და დაბინძურების მიმართ.


განვიხილოთ ცალ-ცალკე მყარი საპნის ზოგიერთი სახეობა.


image
გლიცერინიანი საპონი


გლიცერინიანი საპნის მოქმედება მატყუარაა: ერთი შეხედვით იგი გლიცერინის მოქმედების ხარჯზე ძალიან არ აშრობს კანს. მაგრამ გლიცერინი ამავდროულად კანის დეჰიდრატაციას ახდენს წარმოქმნის რა მასზე ტენგაუმტარ ფენას.





საბავშვო საპონი

ეს საპნის ყველაზე ჰიპოალერგიული ვარიანტია. იგი თითქმის საერთოდ არ შეიცავს გამაღიზიანებელ ინგრედიენტებს - საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს. თუმცა ამასაც ისევ ტუტე შემადგენლობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოაშრობს კანს და თვალებსაც აუწვავს პატარას.


image
ანტიბაქტერიული საპონი


როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ამგვარი საპონი გამიზნულია კანიდან ბაქტერიების მოსაშორებლად, თუმცა "ცუდ" ბაქტერიებტან ერთად იგი "კარგ" ბაქტერიებსაც აშორებს. ხშირად ანტიბაქტერიული საპონი შეიცავს ტრიკლოზანს - რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით ხასიათდება. ზოგიერთი მონაცემით, იგი ახდენს ასევე მიკროორგანიზმების მუტაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარი პროდუქტის ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული.




საპონი - სკრაბი


ამგვარი საპნის თავისებურება ის არის, რომ შეიცავს დიდი რაოდენობით მყარ ნაწილაკებს - გარგარის დაფხვნილ კურკას, ზღვის მარილს, ყავას და ა.შ. იგი კარგია ტანის პილინგისთვის და ქუსლებისთვის. თუმცა საპონი-სკრაბის გამოყენების შემდეგ, გამოშრობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კანის დატენიანება.


image
თხევადი საპონი


თხევადი საპონზე, ისევე, როგორც ტანის გელზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთი ქილა (300 მლ.) თხევადი საპონი ცვლის ტრადიციული საპნის 2-3 ცალ 100 გრამიან ნაჭერს.

დოზატორის არსებობის გამო თხევადი საპონი მოსახმარად უფრო მოსახერხებელია, ბაქტერიები მასზე არ გროვდება და ჰიგიენაც უფრო დაცულია.


მყარისგან განსხვავებით, თხევადი საპონი და ტანის გელი მზადდება არა ცხიმზე, არამედ წყალზე, რის გამოც კანი არ შრება და რბილი რჩება. წყლის საფუძველი ასევე იძლევა საშუალებას პროდუქტში დამატებული იქნას სხვადასხვა მცენარეული ექსტრაქტები და ეთერზეთები, რაც დაბანის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.


თუმცა დიდი ნაკლია ის, რომ თხევად საპონსა და ტანის გელებში ძირითად დასაბან საშუალებად გამოიყენება ნატრიუმის ლაურილსულფატი, რაც ჯანმრთელობისთვის არც თუ სახარბიელოა. ამასთან, მყარისგან განსხვავებით, თხევადში უფრო ხშირად გვხვდება ქიმიური არომატიზატორები და საღებავები. ასევე უხერხულობას ქმნის დიდი დრო, რომელიც საჭიროა მის ჩამოსაბანად. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორია ბევრისთვის განსაკუთრებით გამაღიზიანებელი.


0
2600
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0