მოლამ სამღებრო გახსნა. ერთმა კაცმა ნაჭერი მიუტანა და უთხრა:
— მოლა შემიღებე, ოღონდ ისეთ ფერად, რომელიც ქვეყანაზე არ არსებობსო.
— ეგ რომელია? - შეეკითხა მოლა.
— არც წითელი, არც შავი, არც ლურჯი, არც მწვანე, არც ყვითელი და არც თეთრი, -უპასუხა კაცმა.
მოლა მიხვდა, ეს კაცი დამცინისო.
— კარგი, ისე შევღებავ როგორც შენ გინდაო.
— კაცმა კითხა როდის მოვიდეო?
— როცა გინდა, მხოლოდ არც ორშაბათი იყოს, არც სამშაბათი, არც ოთხშაბათი, არც ხუთშაბათი, არც პარასკევი, არც შაბათი და არც კვირაო, - უპასუხა მოლამ.
– _______________________________________________________________________
უძველეს დროში არსებობდა ერთი კუნძული, სადაც ყველა გრძნობა ცხოვრობდა ერთად და მათ შორის იყო სიყვარულიც.
ერთ დღეს კუნძულმა ჩაძირვა დაიწყო. გრძნობებმა ნავების აგება დაიწყეს, რათა კუნძულიდან გაქცეულიყვნენ, მაგრამ ერთმა მათგანმა ვერ მოასწრო აეგო ნავი და ეს ერთი გრძნობა სიყვარული აღმოჩნდა . . .
სიყვარული ერთადერთი იყო, იმ გრძნობებს შორის, რომელიც კუნძულზე დარჩა. მას სურდა, რომ დარჩენილიყო თავის მშობლიურ მიწაზე მანამ სანამ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ . . .
მაგრამ როდესაც შეატყო, რომ კუნძული თითქმის უკვე ჩაიძირა სიყვარულმა სხვა გრძნობებს სთხოვა დახმარება.
ამ დროს მის გვერდით სიმდიდრემ გაიარა თავისი ნავით. სიყვარულმა მას უთხრა:
- სიმდიდრევ, შეგიძლია თან წამიყვანო?
სიმდიდრემ უპასუხა:
- არ შემიძლია, მეგობარო. იმდენად ბევრი ოქრო-ვერცხლი მაქვს ნავზე, რომ შენს ადგილს ნამდვილად ვერ გამოვნახავ . . .
მაშინ სიყვარულმა გადაწყვიტა ქედმაღლობისათვის ეთხოვა დახმარება და უთხრა:
- ქედმაღლობავ, გთხოვ დამეხმარე . . .
- ვერ დაგეხმარები ჩემო კარგო, სველი ხარ და ჩემს მშვენიერ ნავში ასეთს ვერ ამოგიშვებ – უპასუხა ქედმაღლობამ.
სიყვარული იმედს მაინც არ კარგავდა, როცა მის გვერდით სევდამ ჩამოიარა. და სიყვარულმა უთხრა სევდას:
- ჩემო მეგობარო, გთხოვ თან გამიყოლე?
მაპატიე სიყვარულო, ძალიან დამწუხრებული ვარ და მარტო ყოფნა მსურს – უპასუხა სევდამ მას.
შემდეგ ბედნიერებამ ჩამოიარა თავისი ნავით, თუმცა იმდენად ბედნიერი იყო იმ ფაქტით, რომ გადარჩა ვერც კი გაიგონა სიყვარულის ხმა.
სიყვარულს უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად სანატრელი ხმა მოესმა :
- სიყვარულო, მე შემიძლია წაგიყვანო თან . . .
სიყვარული მიტრიალდა მისკენ და მან ერთი უხუცესი დაინახა – წვერებით შემოსილი და მხრებში მოხრილი . . .
უხუცესმა სიყვარული თავის ნავზე აიყვანა, სამშვიდობოს მიაცილა, იქ დატოვა და შემდეგ კი თავისი ნავით გაუჩინარდა.
სიყვარული ხვდებოდა, თუ როგორი დავალებული იყო იგი მისი გადამრჩენელისაგან, უნდოდა მადლობა გადაეხადა, თუმცა არ იცოდა, ვინ იყო უხუცესი სინამდვილეში.
მაშინ სიყვარულმა ცოდნას ჰკითხა:
- ვინ იყო ის უხუცესი ვისი წყალობითაც მე დღეს ცოცხალი ვარ?
- ეს დრო იყო – უპასუხა მას ცოდნამ.
- დრო? – გაიკვირვა სიყვარულმა. და მაინც რატომ უნდა დამხმარებოდა იგი?
ცოდნა რამოდენიმე წამით დაფიქრდა და წრფელი ღიმილით უპასუხა მას :
მხოლოდ დროს შეუძლია დააფასოს სიყვარული . .
– _______________________________________________________________________
"იყო ერთი პატარა, მახინჯი, უბედური და ღარიბი გოგონა, რომელმაც ოქროს თევზი დაიჭირა. თევზი გოგონას სამი სურვილის ასრულებას დაჰპირდა."
ბავშვი დაფიქრდა და უთხრა:
— მინდა, რომ ისეთი, დიდი-დიდი ყურები მქონდეს, რომ აქეთ-იქით ვაპარტყუნო, შემეძლოს ტრიალი და ყველაფრის მოსმენა. ოქროს თევზმა წამის გაელვებაში გოგოს სურვილი აუსრულა და აი მას უკვე დიდი ყურები გაეზარდა.
კიდევ რა გინდა?
— კიდევ მინდა გრძელი ცხვირი, რომ შემეძლოს აქეთ-იქით ვატრიალო და ყველაფერს ვუსუნო“. და აი გოგონას გრძელი ცხვირიც გაუჩნდა.
კიდევ რას ინებებდი?
— კიდევ მინდა კუდი, რომელსაც აქეთ-იქით, დავაბზრიალებდი. გოგონას მესამე სურვილიც აუხდა.
— ეგ არის, გმადლობ! – თქვა გოგონამ და ოქროს თევზი წყალში გაუშვა.
დამშვიდობებისას თევზმა ჰკითხა:
— გოგონა, კი მაგრამ, რატომ არ მთხოვე რომ გადამექციე ლამაზ, მდიდარ და გონიერ გოგონად?
ბავშვმა გაიკვირვა:
— და ნუთუ ეს შეიძლებოდა?
(ვად შლახტერი, რუსი ფსიქოლოგი)
– _______________________________________________________________________
ერთხელ მამა თავის პატარა შვილთან ერთად მთებში სეირნობდა. მოულოდნელად ისინი ერთ გამოქვაბულს წააწყდნენ. ბავშვი გამოქვაბულის წინ დადგა და მთელი ხმით დაიძახა:
– ჰეი!
უცბად ბავშვს გამოქვაბულიდან დაუძახეს:
– ჰეი!
გაკვირვებულმა ბავშვმა გამოქვაბულს დაუყვირა:
– ვინ ხარ?
ბავშვს გამოქვაბულმა აქეთ ჰკითხა:
– ვინ ხარ?
ბავშვი გაბრაზდა და გამოქვაბულს დაუყვირა:
– შენ მშიშარა ხარ!
თუმცა გამოქვაბულმა ბავშვს პასუხად იგივე სიტყვები დაუბრუნა:
– შენ მშიშარა ხარ!
გაოცებული შვილი მამას შეეკითხა:
– რა ხდება?
მამამ გაიღიმა და შვილს უთხრა:
– მომისმინე ყურადღებით, – შემდეგ გამოქვაბულს დაუყვირა: – მე შენ მიყვარხარ!
გამოქვაბულმა მამას პასუხი დაუბრუნა:
– მე შენ მიყვარხარ!
შემდეგ მამა გამოქვაბულს შესძახა:
– შენ საუკეთესო ხარ!
და მამამ მიიღო პასუხი გამოქვაბულისგან:
– შენ საუკეთესო ხარ!
მამა მიუბრუნდა შვილს და უთხრა:
– შვილო, ეს ექოა, თუმცა თუ უფრო ჩავღრმავდებით, ეს უფრო ცხოვრებაა – ის გიბრუნებს იმას, რასაც შენ ამბობ და აკეთებ!
– _______________________________________________________________________
მამასთან მივიდა ქალიშვილი და უთხრა:
–მამა, დავიღალე, ძალიან მძიმე ცხოვრება მაქვს, ისეთი სიძნელეების და პრობლემების გადაჭრა მიხდება, აღარ შემიძლია.. რა ვქნა?
პასუხის ნაცვლად მამამ ცეცხლზე დადგა სამი წყლით სავსე ქვაბი. ერთში ჩააგდო სტაფილო, მეორეში–კვერცხი, მესამეში კი–დაფქული ყავა. ცოტა ხნის შემდეგ ქვაბებიდან ამოიღო სტაფილო და კვერცხი, ხოლო ფინჯანში დაასხა ყავა.
–რა შეიცვალა?–ჰკითხა მამამ.
– სტაფილო და კვერცხი მოიხარშა, ყავის მარცვლები კი გაიხნა წყალში –უპასუხა ქალიშვილმა.–არა, შვილო, ეს მხოლოდ გარედან ჩანს ასე. შეხედე, მაგარი სტაფილო მდუღარეში ყოფნისას დარბილდა. კვერცხის შიგთავსი გამაგრდა. გარეგნულად ისინი არ შეიცვალა. მათ მხოლოდ სტრუქტურა შეიცვალეს მდუღარე წყლის ზემოქმედებისას. ასე არიან ადამიანებიც–გარეგნულად ძლიერნი შეიძლება მოსუსტდნენ იმ დროს, როცა სუსტები და ნაზები მაგრდებიან და ძლიერდებიან.
–ყავა?–ჰკითხა ქალიშვილმა.
–ო, ეს ყველაზე საინტერესოა! ყავის მარცვლები გაიხსნა მისთვის "მტრულ გარემოში" და გარდაიქმნა არაჩვეულებრივ და არომატულ სასმელად.
არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც არცერთი გარემოებისას არ იცვლებიან–ისინი თავად ცვლიან გარემოებებს და ქმნიან რაღაც ახალს და ლამაზს, და ამ ყველაფრიდან იღებენ სარგებელს და გამოცდილებას.
– _______________________________________________________________________
ერთმა ახალგაზრდამ თალმუდის შესწავლა გადაწყვიტა და ცნობილ რაბინს მიმართა დასახმარებლად.
- არამეული ენა თუ იცი?
- არა.
- ივრითი?
- არა.
- თორა თუ გისწავლია ბავშვობაში?
-არა რაბი, მაგრამ დავამთავრე ფილოსოფიური ფაკულტეტი და ახლახანს დისერტაცია დავიცავი თემაზე: ლოგიკა სოკრატეს ფილოსოფიაში. ცოდნის გასაღრმავებლად კი თალმუდის შესწავლა გადავწვიტეო.
- შენ არ ხარ მზად თალმუდის შესასწავლად, მაგრამ რაკი ასე დაჟინებით გსურს, შემიძლია პატარა ტესტი ჩაგიტარო ლოგიკაზე, თუ თავს გაართმევ თანახმა ვარ გასწავლოო.
ახალგაზრდა დათანხმდა და რაბინმა განაგრძო:
ორი კაცი საკვამლე მილში ჩავიდა. ერთი სუფთა სახით ამოვიდა, მეორე კი დასვრილი. რომელი წავა დასაბანად?
ახალგაზრდამ თვალები დაჭყიტა.
- ესაა ტესტი ლოგიკაზე?
- დიახ.
- მაშინ, რასაკვირველია ვისაც დასვრილი აქვსო.
არაა სწორი. აბა იაზროვნე ლოგიკურად: სახედასვრილი სუფთასახიანს შეხედავს და ეგონება, მეც სუფთა ვარო.სუფთასახინი კი პირიქით დასვრილს შეხედავს და დაასკვნის, მეც დასვრილი ვიქნებიო და დასაბანად წავა.
რა ეშმაკურად არის მოფიქრებული, – აღფრთოვანდა ახალგაზრდა. – გთხოვთ კიდევ დამისვათ შეკითხვა.
- კარგი. ორი კაცი საკვამლე მილში ჩავიდა, ერთი სუფთა სახით ამოვიდა და მეორე კი დასვრილით. რომელი წავა დასაბანად?
- ჩვენ ხომ ეს უკვე გავარკვიეთ – ვისაც სუფთა სახე აქვს ის.
არაა სწორი. ორივე წავა დასაბანად. აბა იაზროვნე ლოგიკურად: სუფთასახიანი შეხედავს სახედასვრილს და იფიქრებს, მეც დასვრილი ვიქნებიო. დასვრილი დაინახავს, რომ მეორე წავიდა დასაბანად, გაიაზრებს და მიხვდება, რომ თავადაც დასვრილია და ისიც წავა.
- ამაზე არ მიფიქრია! საოცარია, ლოგიკური შეცდომა დავუშვი. თუ შეიძლება ერთი ტესტიც ჩამიტარეთო!
- კარგი. ორი კაცი საკვამლე მილში ჩავიდა. ერთი სუფთა სახით გამოვიდა, მეორე – დასვრილი. რომელი წავა დასაბანად?
- ალბათ ორივე.
- არაა სწორი.არცერთი არ წავა დასაბანად. სახედასვრილი შეხედავს სუფთასახიანს, გაიაზრებს და იფიქრებს, მეც სუფთა მექნებაო და არ წავა დასაბანად. სუფთასახიანი დაინახავს რა, რომ სახედასვრილი არ მიდის, დაასკვნის სახე სუფთა მქონიაო და დასაბანად არ წავა. ახალგაზრდა სასოწარკვეთაში ჩავარდა.
- დამიჯერეთ, მე შევძლებ თალმუდის შესწავლას, სხვა კითხვა დამისვითო!
- კარგი ორი კაცი საკვამლე მილში ჩავიდა…
- ო, ღმერთო ჩემო. არცერთი მათგანი არ წავა დასაბანად..
- არაა სწორი. ახლა ხომ დარწმუნდი, რომ სოკრატეს ლოგიკის ცოდნა არ არის საკმარისი თალმუდის შესასწავლად. მითხარი გეთაყვა, როგორ შეიძლება ორი კაცი ერთი და იგივე საკვამლე მილში ძვრებოდეს და ერთმა სახე დაისვაროს, მეორემ კი – არა? განა ვერ ხვდები, რომ კითხვა არასწორადაა დასმული?