x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ნინო ბურჯანაძე - მოითხოვეთ ფაქტების გამოძიება და დავიჯერებთ, რომ ნამდვილად გაინტერესებთ დემოკრატია საქართველოში

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და გმობდა ყოველგვარ ძალადობას და მისთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი ტიპის ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში და მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო თანამეგობრობაში", - ასე გამოეხმაურა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მანამდე სანამ ზუგდიდის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით ხმამაღლა დაიწყებენ საუბარს, აუცილებელია გამოიძიონ ის ფაქტები, რომელსაც, ბურჯანაძის თქმით, მათი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი.
"დაგმობილი უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის ძალადობა და მათ შორის გამოძიებული უნდა იქნას ის ფაქტიც, რაც ორიოდე დღის წინ ზუგდიდში მოხდა. მაგრამ ვიდრე ასე ხმამაღლა დაიწყებდნენ ლაპარაკს ზუგდიდის ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით, მინდა, უკვე მერამდენედ, კატეგორიულად მოვითხოვო, რომ გამოძიებულ იქნას ძალადობის ის ფაქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წლების მანძილზე, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ.
მინდა გავიხსენო ძალადობა ხურვალეთში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი მხარის გუბერნია და პოლიციის წარმომადგენლები. ჩვენ მაშინ მივმართეთ ვანო მერაბიშვილს კატეგორიული მოთხოვნით გამოძიებულიყო ეს საქმე, მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია. შემდეგ ანალოგიური ფაქტები მოხდა კარალეთში, მერეთში. მაშინვე მივმართეთ უკვე ახალ ხელისუფლებას, რომ ყველა აღნიშნული ფაქტი გამოძიებულიყო, ასევე 2013 წლის 24 ივნისს საგანგებო განცხადებით მივმართეთ ბატონ ღარიბაშვილს, რომ გამოძიებულიყო ხურვალეთთან დაკავშირებული ინციდენტი, მაგრამ ეს ფაქტები დღემდე გამოუძიებელია.
ბატონო პრემიერმინისტრო, ეს ფაქტები რომ გამოგეძიებინათ, "ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად ვერ გაბედავდა ასე ხმამაღლა ლაპარაკს. ასევე ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მხრიდან მოთხოვნილ იქნა გამოძიებული ყოფილიყო 22 მაისს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აბსოლუტურ მშვიდობიან მომიტინგეებზე განხორციელებული თავდასხმა პოლიციის, მერიის და ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლების მონაწილეობით. მაშინ ჩვენ საბურთალოს რაიონის პოლიციაში შევიტანეთ მანქანის ნომრები და პირადობის მოწმობის მომაცემები, რომლებიც მუშაობდნენ მერიაში, საკრებულოში, პოლიციაში. თუმცა როგორც მაშინ, ასევე ახალი ხელისუფლების პირობებშიც არ დაწყებულა ამ ფაქტებზე გამოძიება", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში, რომელიც "გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ" გაავრცელა.
ნინო ბურჯანაძე მოზარდებისათვის ძალადობის შემცველი ფილმების ჩვენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.
"მინდა საგანგებოდ გამოვეხმაურო ე.წ ფილმების ჩვენებას, სადაც როგორც გვიმტკიცებენ თურმე არასრულწლოვანებიც ესწრებიან თან ძალით მიყვანილნი. ეს ფაქტიც აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული. ასევე მაინტერესებს, არის თუ არა გამოძიებული "მოდელირებული ქრონიკის" ფაქტი? მისი ავტორების მიერ ჩადენილი დანაშაული, როდესაც მოდელირებულ ქრონიკას უყურებდა მთელი საქართველო და დაზუსტებული ინფორმაციით ამას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაისაჯა თუ არა ვინმე "მოდელირებული ქრონიკის" ჩვენებისთვის?" - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მიმართავს და ინტერესდება თუ რატომ არ ითხოვენ აღნიშნული ფაქტების გამოძიებას.
"მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც, რომლებიც დღეს სრულიად სამართლიანად დაჟინებით ითხოვენ ზუგდიდისა მოვლენისა და ამ ფილმების ჩვენების გამოძიებას. მინდა მივმართო აშშ-ს ელჩს და დასავლეთის სხვა წარმომადგენლებს, ბატონებო, რატომ არ ითხოვთ ამ ფაქტების გამოძიებას? დაგვიჭირეთ მხარი ჩვენს კანონიერ მოთხოვნაზე, რომ ის უკანონო დანაშაულებრივი მოქმედებები, რომლებიც წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის მიმართ იყო განხორციელებული, გამოძიებულ იქნას და თუ ეს მოთხოვნა თქვენი მხრიდან გახმოვანდება, ჩვენ მართლა დავიჯერებთ, რომ თქვენ არ ხართ ორმაგი სტანდარტების მომხრე, დავიჯერებთ, რომ თქვენი განცხადებების ამოცანაა საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების დამყარება და არა "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ექნებათ ყველანაირი მორალური უფლება, ილაპარაკონ ორმაგ სტანდარტებსა და იმაზე, რომ დასავლელი მეგობრები საქართველოს მოსახლეობას ორ ხარისხად ყოფენ.
"პირველი კატეგორიის მოქალაქეებად იმ ადამიანებს, ვინც ვითომდა დასავლური ფასეულობების მომხრეა, ხოლო მეორე კატეგორიად მათ, ვისაც რუსული იარლიყი აქვთ მიკერებული და მათ მიმართ ძალადობის ფაქტების გამოძიებაზე თავს არ იწუხებენ. მე შემთხვევით არ ვლაპარაკობ მთელი ამ წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე, ეს იმიტომ კი არა რომ ვინმეს რევანში სწყურია, ეს იმიტომ, რომ სანამ სამართლიანობა არ აღდგება ქვეყანაში არასოდეს მოიშლება ძალადობა, ქვეყანაში არ იქნება სამართალი და სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის მშვიდობა", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:კონსტანტინე გიორგაძე
კონსტანტინე გიორგაძე
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0