გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე არც ერთი შესაბამისი საქმიანობა აღარ განხორციელდება
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე ქვეყანაში არც ერთი შესაბამისი საქმიანობა აღარ განხორციელდება. ამას "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც მთავრობის ინიციატივით პარლამენტს უკვე წარედგინა და რომელსაც კომიტეტების ფარგლებში იხილავენ.
გარემოზე ზემოქმედების ნებართვა საქმიანობის განმახორციელებელს 2010 წლის იანვრამდე უნდა მიეღო, თუმცა როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე განმარტავს, ამის უზრუნველყოფა ვერ მოხდა.
ბითაძის თქმით, კანონპროექტით დაგეგმილია არსებული საქმიანობების ისეთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, რაც მათ შეუფერხებლად განხორციელებას და ამავდროულად, ეტაპობრივად, საქმიანობის გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას უზრუნველყოფს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმიანობის განმახორციელებლები შესაძლებელია იყვნენ როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტები, მაგალითად: მეტროპოლიტენი, ჰიდროელექტროსადგურები, საქართველოს რკინიგზა, მაგისტრალური გაზსადენები და ნავთობსადენები და სხვა.
"სახელმწიფოებრივი დატვირთვიდან გამომდინარე მათ საქმიანობას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ნებართვის უქონლობის შემთხვევაშიც კი მიზანშეწონილი არ იქნება მათი საქმიანობის შეჩერება. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს სწორედ აღნიშნული საქმიანობებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გარკვეული განსხვავებული რეგულაციის დადგენას. კერძოდ, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მოხდება მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოს არსებულ მდგომარეობის შეფასება, მათ შორის ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური ანალიზი. სამინისტროსთან შეთანხმებით წარმოდგენილი იქნება გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიში, ასევე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გრაფიკი და საქმიანობის შესაბამისი პროცედურები", - განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე.
საქმიანობის განმახორციელებლის მიერ გონივრულ ვადაში შეთანხმებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტი ჯარიმებს ითვალისწინებს.