x
აბორტი და სოციალური მუშაკის როლი, არასასურველი ფეხმძიმობისას

image აბორტი (ლათ. Abortus) მუცლის მოწყვეტა, მუცლის მოშლაა, ანუ ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე. აბორტი უნდა განვასხვავოთ ნაადრევი მშობიარობისგან– ორსულობის შეწყვეტა 28 კვირის შემდეგ, როდესაც იბადება სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი. აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური.


თავისთავად აბორტს ადამიანისგან დამოუკიდებელი ფაქტორები იწვევს, იქნება ეს ფეხმძიმობისას გადატანილი ვირუსული ინფექცია, რევმატიზმი, მალარია, ტუბერკულოზი, ფილტვების ანთება თუ მრავალი სხვა. ამ შემთხვევებში გამოყოფილი შხამები იწვევს ნაყოფის მოწამვლას, დაღუპვასა და მის გარეთ გამოძევებას. სპონტანური აბორტი შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა და ფსიქიკურმა ტრავმამ. ფიზიკურია: დაბეჟვა, დაცემა, სხეულის ხანგრძლივად რყევა, სიმძიმის აწევა–გადატანა და მრავალი სხვა. ფსიქიკურია უეცარი შეშინება, მძიმე განცდები, ხანგრძლივი უსიამოვნო ემოციების ზეგავლენა. არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები, მაგალითად : საშვილოსნოსა და საკვერცხეების განუვითარებლობა, საშვილოსნოს სიმსივნე, სასქესო ორგანოების ანთება, ორსულთა ტოქსიკოზი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გულის მძიმე მანკი, დედისა და ნაყოფის სისხლის რეზურსშეუთავსებლობა და სხვა.

რაც შეეხება ხელოვნურ აბორტს, ხელოვნურია აბორტი რომელიც ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედებით ხდება. იქნება ეს წამლეულის მიღება, საშვილოსნოში ინსტრუმენტალური ჩარევა თუ რაიმე ნივთიერების შეყვანა. ხელოვნური აბორტი უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე, ხშირად იწვევს გართულებას, სასქესო ორგანოების ანთებას, ჰორმონული ფუნქციისა და მენსტრუალური ციკლის მოშლას, ნაადრევ სიბერესა და უშვილობას. განსაკუთრებით მავნეა აბორტი პირველი ორსულობის დროს.

აბორტი ძირითადად დაუგეგმავი ფეხმძიმობის შედეგია, რომლის დროსაც დედას ვერ გადაუწყვიტავს გააჩინოს თუ არა ბავშვი. აბორტი ადამიანებში აუცილებლად იწვევს ძლიერ გრძნობებსა და ემოციებს. ეს გრძნობები ძალიან პოზიტიურიდან ძალიან ნეგატიურამდე მერყეობს. ადამიანები, ვინც აბორტის წინააღმდეგ გამოდიან, ამას ყოველთვის მორალურ ან ეთიკურ ახსნას აძლევენ. მათი ჩვეულებრივი განმარტებით, „არ დაბადებულ ბავშვს“ უფლება უნდა ჰქონდეს „იცხოვროს“. საპირისპირო პოზიცია უჭირავთ აბორტის მომხრეებს. მათი თქმით, ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი სხეულისა და ცხოვრების შესახებ „არჩევანის გაკეთების უფლება“.

აბორტის საკითხი კარგი ილუსტრირებაა იმისა, თუ როგორ გავლენას ახდენს მეზო და მაკრო გარემო კლიენტის გადაწტყვეტილებაზე. მაგალითად, შესაძლოა ქალის მშობლებს არ სურთ შვილის დახმარება, თავის მხრივ არც ქმარს უნდა თავის შეწუხება. ორივე შემთხვევაში ქალის შესაძლებლობები მეზო სისტემაში გამორიცხული ხდება. შესაძლებლობებზე უდიდეს გავლენას ახდენს მაკრო გარემო, ანუ ის კანონები და რეგულაციები, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს. მაგალითად, როდესაც ქვეყანაში აბორტი უკანონო ქმედებადაა მიჩნეული, ამ შესაძლებლობას ქალს ვერც სოციალური სააგენტოები შესთავაზებენ, შესაბამისად ქალი რჩება საკუთარი თავის ამარა და დგას უდიდესი გადაწყვეტილების წინაშე, რომელიც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

აბორტის საკითხი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისა, რომ ადამიანებმა მოახდინონ პირადი და პროფესიული ღირებულებების გარჩევა. ალბათ, ყველა ადამიანს აქვს თავისი შეხედულება აბორტზე. ზოგს მკვეთრად საწინააღმდეგო ზოგს კიდევ პირიქით. პრაქტიკულად ადამიანის პირად დამოკიდებულებას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც საქმე პროფესიონალიზმს ეხება, პროფესიული ხედვა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი და საგულისყუროა. სოციალური მუშაკის, როგორც პროფესიონალის, მოვალეობაა დაეხმაროს ბენეფიციარს თავისი არჩევანის განხორციელებაში, იქნება ეს მისთვის მისაღები თუ არა. სოციალური მუშაკის საქმეა დაეხმაროს კლიენტს საკუთარი გრძნობებისა და ღირებულებების შეფასებაში, არსებული შესაძლებელი ალტერნატივების დადგენასა და ყოველი ამ ალტერნატივის მოსალოდნელი შედეგის შეფასებაში.

არასასურველი ფეხმძიმობისას ქალთან მუშაობის დროს, სოციალური მუშაკი სხვადასხვა როლს ასრულებს ერთდროულად. მათ შორის: დამხმარის, განმანათლებლის, შუამავლისა და დამცველის. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ფეხმძიმე ქალის მისაღებია. სასურველია მან განიხილოს ყველა არსებული შესაძლებლობა, ბავშვის მამასთან ერთად და არსებული რეალობიდან გამომდინარე, განსაზღვროს ქმედითი ნაბიჯები. მხედველობაში უნდა მიიღონ მათი გამოცდილება, მატერიალური მდგომარეობა, არსებული სიტუაცია, ყველა შესაძლებლობა წყვილის ასპექტში, რესურსები, ღირებულებები, მიზნები, ემოციები, მნიშვნელოვანი პიროვნებათშორისი ურთიერთობები და მათ შორის სამომავლო გეგმებიც. ჩვენი, სოციალური მუშაკების როლი კი მხოლოდ ქალის დახმარებაა, მისთვის ყველაზე რეალისტური და განხორციელებადი არჩევანის გაკეთებაში.



22 თებერვალი, 2015 წელი

0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0