გარკვეული თეორიების თანახმად პირადი პრობლემა მხოლოდ ერთი პიროვნების ცხოვრების წესსა და მის ყოფას ეხება და მას არანაირი კავშირი არ აქვს სოციუმთან. პირად პრობლემად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება, თამბაქოსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, დეპრესია, უმუშევრობა, საყვარელი ადამიანების დაკარგვა და მრავალი სხვა, ანუ ყველა ის გარემოება, რომელიც მხოლოდ ამ პიროვნებაზე ახდენს გავლენას და რომელზეც სოციუმს წარმოდგენაც კი არ აქვს, არ შეუძლია დახმარება მათ გადაჭრაში. პირადი პრობლემისგან განსხვავებით, სოციალური პრობლემა არის პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს მთელს საზოგადოებაზე და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე. სოციალური პრობლემა ითვლება გლობალურ პრობლემად, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ პოპულაციაზე და ადამიანებს არ შესწევთ ძალა მასთან გამკლავების ან მისი თავიდან აცილების. მაგალითად, დღესდღეობით საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეგვიძლია ჩავთვალოთ სოციალურ პრობლემად, საქართველოში მცხოვრები მთლიანი მოსახლეობისთვის.
რეალურად, ხშირად ხდება დავა, თუ რომელი პრობლემა შეიძლება მივიჩნიოთ სოციალურად და რომელი პირადად, რადგან ისინი ერთმანეთთან კორელაციაშია. არ არსებობს პირადი პრობლემა, რომელსაც არ აქვს პერსპექტივა იმისა, რომ გახდეს სოციალური. ჩვენც ყველანი მუდმივად ვიმყოფებით გარკვეული სოციალური პრობლემის გავლენის ქვეშ.
მაგალითად: აბორტის დონე ახალგაზრდა გოგონებში.
სოციალური პრობლემაა თუ პირადი?
თუ იტყვით, რომ ეს სოციალური პრობლემაა, რადგან ბოლო პერიოდში საკმაოდ მოხშირდა აბორტის შემთხვევები, თქვენ არ იქნებით აბსოლუტურად მართალი, მაგრამ არც მთლიანად სიცრუე გამოგივათ. იმავეს თქმა შეგვიძლია რასიზმთან დაკავშირებით, ვერ განვსაზღვრავთ პირადი პრობლემაა თუ სოციალური, რადგან რასიზმი არის პრობლემა როგორც თითოეული ინდივიდისთვის ისე მთელი სოციუმისთვის.
სოციალურია ყველა ის პრობლემა, რომელიც საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც საფრთხე, პრობლემა და რომლის გადაჭრა საზოგადოების თითოეული წევრისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მაგალითად: სიღარიბე, ძალადობა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, კრიმინალი და ა.შ.
სიღარიბეს რაც შეეხება, ზოგიერთი ადამიანის აზრით, „ღარიბებმა მხოლოდ თავიანთ თავს უნდა დააბრალონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ისინი არიან ზარმაცები, და არასაიმედონი, ხოლო იმ მცირე ფულს რომელსაც ისინი შოულობენ ხარჯავენ ალკოჰოლსა და არასასურველ ნივთებზე, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვით იყვნენ დაკავებულნი.“ ამ შემთხვევაში სიღარიბე პირად პრობლემადაა მიჩნეული და არა სოციალურად. თუმცა, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირად და სოციალურ პრობლემებს ერთმანეთზე გავლენა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე, ძირ-ფესვიანად უნდა ვიკვლიოთ პრობლემის მიზეზი და ის ფაქტორები, რომლებიც პრობლემაზე ახდენენ გავლენას.
არაადეკვატურობის შეგრძნება არის ერთ–ერთი იმ პრობლემათაგანი, რომელიც მოყვება შედეგად თითოეულ ამ პრობლემას. საკუთარი თავის დადანაშაულება და დაბალი თვითშეფასება არის ჩვეული მდგომარეობა, პირადი და სოციალური პრობლემების თითოეული „მსხვერპლისთვის“ . ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, ეკონომიკური კრიზისით, უკიდურესი სიღარიბით და მრავალი სხვა მიზეზით. ხშირად ადამიანები თავიანთ თავს იდანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ მათი გაღარიბება მხოლოდ მათი ბრალია. არის შემთხვევები, როდესაც ქალები, რომლებიც ძალადობას განიცდიან ქმრისგან, თვლიან რომ ისინი ამას იმსახურებენ. ზოგჯერ, მრავალ პრობლემას მოყვება ნევროზი, ფსიქიკური აშლილობა, გადამეტებული სმა და ა.შ. ხოლო რაც შეეხება პრობლემების შედეგად გამოწვეულ ფსიქიკურ აშლილობებს, მათი მკურნალობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომელთან გამკლავებაშიც ფსიქოლოგთან ვიზიტები და თერაპიები დაგვეხმარება.
საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა პირადი პრობლემა შეიძლება იქცეს სოციალურის საფუძვლად და ყველა სოციალური პრობლემა თითოეული ადამიანის პირადი პრობლემაცაა. შესაბამისად თითოეული პრობლემის გადაწყვეტა საზოგადოების თითოეული წევრის ვალია, აქედან გამომდინარე პრობლემის წარმოშობისთანავე უნდა მოხდეს მის აღმოფხვრაზე ფიქრი რათა არ მოხდეს მისი კიდევ უფრო გამწვავება.
21 თებერვალი, 2015 წელი