სხვა 15 რამ, რაც ყველა ქალიშვილის მამამ უნდა იცოდეს 2015, 12 თებერვალი, 15:42 "ხშირად როცა იგებენ, რომ ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი მყავს, მეუბნებიან: "ოთხი გოგო? როგორ არ გაგიმართლა! წარმოიდგინე, რა იქნება როცა წამოიზრდებიან?" - გულწრფელად რომ ვთქვა, მეცოდება ეს ადამიანები. გაიგეთ, რომ ოთხი ქალიშვილის ყოლა - ეს უზარმაზარი სიმდიდრეა!
ჩვენ ყოველდღე ვეუბნებით ერთმანეთს: "უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე გუშინ", - და გოგონების აღზრდა სიხარულია და არა ტვირთი. უკვე 11 წელია მამა ვარ და ამ ხნის მანძილზე ბევრ რამეს მივხვდი. ჩემი გამოცდილება 15 პუნქტად ჩამოვაყალიბე", - ასე იქყება მრავალშვილიანი მამის, ჯასტინ რიკლეფსის სტატია. მოსიყვარულე მამას ესმის, რომ შვილთან თბილი ურთიერთობის ასაწყობად უნდა გაუგო და დაუმეგობრდე მას. ხოლო მის მიერ წარმოდგენილი პუნქტები მამებს ამაში ნამდვილად დაეხმარებათ. 1. მას თქვენი სიყვარული სჭირდება დაანახეთ ქალიშვილს მისდამი თქვენი სიყვარული. ეს მას გაცილებით მეტად სჭირდება, ვიდრე ფული ან საჩუქრები. ურთიერთობის ნაკლებობას ვერაფრით აანაზღაურებთ. ვერავინ ამ ქვეყნად ვერ მისცემს მას თავდაჯერებულობისა და დაცულობის ისეთ გრძნობას, როგორც მოყვარული მამა. ის გაიზრდება და, შეიძლება, ბევრი შეცდომაც დაუშვას, სახლიდანაც კი წავიდეს, მაგრამ არასოდეს დაუშვათ, რომ თქვენს სიყვარულში ეჭვი შეეპაროს. უნდა იცოდეს, რომ გიყვართ ისეთი, როგორიც არის და რომ მშობლიურ სახლში ყოველთვის აპატიებენ და გაუგებენ. ნუ შეგრცხვებათ ხმამაღლა და ხშირ-ხშირად გაუმეოროთ სიტყვა "მიყვარხარ". 2. თქვენზეა დამოკიდებული როგორ პარტნიორს აირჩევს ცხოვრებაში. თუ თქვენ კარგი მამა ხართ, თქვენი ქალიშვილიც ცხოვრების თანამგზავრად თქვენს მსგავს მამაკაცს დაუწყებს ძებნას. თუ არადა ძალიან გაუჭირდება ვინმეს პოვნა. 3. უსმინეთ იმ მუსიკას, რომელსაც ის უსმენს. როცა გოგონა იზრდება, როგორც წესი უყვარს თანამედროვე მუსიკა, რომელიც თქვენ, შესაძლოა სულაც არ მოგწონეთ. შეეცადეთ გაუგოთ მას. მოუსმინეთ მასთან ერთად დისკებს, იარეთ კონცერტებზე... გახსოვდეთ, რომ ერთად ყოფნის დრო დამთავრდება, დადგება დრო, და თქვენი გოგო სხვასთან ერთად წავა, წყენა კი დარჩება. 4. ის ხედავს, როგორ ეპყრობით დედამისს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. შეგიძლიათ მხოლოდ ამ პუნქტს მისდიოთ და ქალიშვილთან წარმატებული ურთიერთობა გარანტირებული გექნებათ. ყველაფერი ძალიან მარტივია: აჩვენეთ შვილებს, რომ გიყვართ მათი დედა და აფასებთ თქვენს ქორწინებას. გამონახეთ ხოლმე დრო და მეუღლესთან ერთად იარეთ თეატრში, რესტორანში, სამოგზაუროდ. აჩვენეთ შვილებს, რომ ცოლი თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელია არა მხოლოდ თქვენი ქორწინების გასამყარებლად, არამედ შვილებში ქორწინების მიმართ სწორი წარმოდგენის ფორმირებისთვის. 5. როცა იზრდება ქალიშვილი, ნუ დაშორდებით მას. 11-დან 15 წლამდე ის ასაკია, როცა თქვენი გოგონა იცვლება: ფიზიკურად შეიძლება ისეთი საყვარელი აღარ იყოს, შინაგანად კი უხეში და დაუჯერებელი გახდეს. არ დაშორდეთ მას ამ მძიმე სიტუაციაში, არ გაწყვიტოთ მასთან ემოციური სიახლოვე. ყოველთვის დაინტერესდით მისი პრობლემებით, ინტერესებით, მეგობრებით, რათა მას შეეძლოს ნებისმიერი პრობლემის დროს დახმარება გთხოვოთ. მოექეცით ყოველთვის ყურადღებით, მნიშვნელობა არა აქვს 5 წლისაა თუ 15-ის. 6. დაკავდით მასთან ერთად სპორტით. ხშირად ივარჯიშეთ ერთად. ეს ერთი მხრივ ჯანსაღ ქალბატონად ჩამოყალიბებაში დაეხმარება, მეორე მხრივ კი სულიერ სიმტკიცეს და თავდაჯერებულობას შესძენს. 7. ხშირად მიაწყვეთ მცირე წვეულებები. ბავშვობა გოგონას მეხსიერებას ყველაზე ბედნიერ დროდ უნდა შემორჩეს. მოიფიქრეთ საინტერესო გასართობები, მოგზაურობები, სიურპრიზები, გადაიღეთ ფოტოები. 8. ასწავლეთ მას, რომ ცხოვრებაში გაცემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიღება. საოცარი რამ ხდება, როცა ბავშვები აცნობიერებენ, რომ სამყარო მათ გარშემო არ ბრუნავს, რომ მხოლოდ მათ არ სჭირდებათ დახმარება, რომ ტორტის ბოლო ნაჭერი სხვას უნდა დაუტოვო. აუხსენით მათ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდება, თუ სხვებსაც დავეხმარებით, რომ არ შეიძლება ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრი, რომ ზოგჯერ ჯობია რიგში ბოლო იდგე, ვიდრე სხვები გათელო და ასე წახვიდე წინ, რომ როცა არ ხარ მართალი, უმჯობესია აღიარო ეს. 9. იყავით გვერდით მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. გასაგებია, რომ მამების უმრავლესობა მუშაობს, კარიერაზე ფიქრობს, დაკავებულია. მაგრამ მაინც ეცადეთ არ გაუშვათ თქვენი ქალიშვილისთვის მნიშვნელოვანი მომენტები და იყოთ მის გვერდით, იქნება ეს სასკოლო კონცერტი, სპორტული შეჯიბრი თუ გამოფენა. და შედეგის მიუხედავად, ყოველთვის შეაქეთ იგი. თუნდაც იმ დღეს მეგობრებმა დაგპატიჟონ საფეხბურთო მატჩზე, განსაზღვრეთ რომელია თქვენთვის პრიორიტეტი: ფეხბურთის მატჩები კიდევ იქნება, თქვენი ქალიშვილის ბავშვობა კი აღარ განმეორდება! 10. სახლში ყოფნისას გათიშეთ მობილური ტელეფონი. მამების დიდი შეცდომა ისაა, რომ სახლში ყოფნის დროსაც კი სხვაგან არიან: საუბრობენ ტელეფონზე, წერენ წერილებს, კონტაქტობენ ფეისბუქში. ამ დროს კი თქვენი პატარა გოგონა ელოდება, როდის მიაქცევთ ყურადღებას. ამიტომ გამორთეთ ტელეფონი სახლში მისვლისთანავე და დაუთმეთ ცოტა დრო იმას, რომელიც მთელი დღე გელოდათ: ითამაშეთ, წაიკითხეთ წიგნი, ან უბრალოდ ისაუბრეთ. გახსოვდეთ, რომ სულ მალე მას სხვა ინტერესები გაუჩნდება და აღარ მოინდომებს იმ სახლში ყოფნას, სადაც ყურადღებას არ აქცევენ. 11. ისწავლეთ ნაწნავების გაკეთება. დიახ, ბევრს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ დედების საქმეა. მაგრამ გამოცდილი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ კარგ მამას უნდა შეეძლოს არა მხოლოდ თმა დაუწნას პატარა ქალიშვილს, არამედ ფრჩხილებზე ლაქიც წაუსვას, თუ ამის საჭიროება იქნება. 12. წადით ხოლმე ქალიშვილთან ერთად სადმე მარტო. წელიწადში ერთ ან ორჯერ მაინც დაპატიჟეთ საკუთარი ქალიშვილი "პაემანზე", დედის და ძმების გარეშე. წადით მასთან ერთად თეატრში, რესტორანში, კინოში. ასეთი შეხვედრები აჩვენებს მას, როგორ უნდა მოექცეს მამაკაცი ქალს: გაუღეთ მანქანის კარი, ჩამოართვით პალტო, იხუმრეთ, მიეცით საშუალება რესტორნის მენიუში თავად აირჩიოს სასურველი კერძი, თქვენ კი გადაიხადეთ... 13. აუხსენით მას, რომ მომხიბვლელი გარეგნობა ყველაფერი არ არის. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ სწორედ მამამ უნდა აუხსნას ქალიშვილს, რომ შინაგანი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგანი; რომ საკუთარი შინაარსი, ხასიათი, გულითადობა, თვითშეფასება დაეხმარება გოგონას ცხოვრებაში სწორი გზის პოვნაში. თანამედროვე გლამურული სტანდარტებით გაჯერებულ სამყაროში გოგოს გაზრდა საკმაოდ ძნელია. მაგრამ სწორედ თქვენ უნდა აუხსნათ მას, რომ შთაბეჭდილების მოსახდენად არ არის აუცილებელი საკუთარი სხეულის გაშიშვლება. 14. არ გაუშვათ ხელიდან ბავშვობა! ცხოვრება კი არ მიდის, მიქრის. არსებობს ადამიანი, რომელსაც ახლა ძალიან სჭირდებით, რომელიც მამას გეძახით. დატკბით მამის როლით და არ გაუშვათ ხელიდან შვილების ბავშვობა - ის ისედაც ძალიან სწრაფად, თავლის დახამხამებაში ჩაივლის. 15. ნუ შეგრცხვებათ ქალიშვილისთვის პატიების თხოვნის ბევრი მამა ჩადის შეცდომას საკუთარი ქალიშვილის წინაშე, არ ასრულებს მიეცმულ პირობას. ნუ შეგრცხვებათ პატიების თხოვნის, როცა არ ხართ მართალი. ეს თქვენს ავტორიტეტს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. ოღონდ ბოდიში გულიდან უნდა მოდიოდეს, მხოლოდ ასე დაუახლოვდებით თქვენს გოგონას და მიიღებთ მისგან პატიებას. 837 6-ს მოსწონს
|