x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
„ოლანდური მოდელი“ - ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების მაგალითი
image




ავტორები: ალექსანდრე ეროიანი

მარიამ ცხადაძე







თანამედროვე მსოფლიოში დაახლოებით 3000 ეთნიკური ჯგუფი


და 250 სახელმწიფოა. გამომდინარე აქედან, პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელშიც მთელი მოსახლეობა ლაპარაკობს ერთ ენაზე, აქვს საერთო კულტურა, ტრადიციები, ღირებულებები და არის ერთი რელიგიის წარმომადგენელი. ყოველივეს

გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკური უმცირესობები და მათთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოსათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. დღესდღეობით თითქმის ყველა სახელმწიფო პოლიეთნიკურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიეთნიკურობის ხარისხი ყველგან განსხვავებულია. სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები განსხვავდებიან თავიანთი კულტურითა და ცხოვრების წესით. თუმცა სახელმწიფო ვალდებულია უმცირესობებისა და უმრავლესობის უფლებები და მოვალეობები თანაბრად განსაზღვროს და უზრუნველყოს კონსტიტუციით. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ეთნოსთაშორისი ურთიერთობები საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა. საერთშორისო საზოგადოება არაერთი ათწლეულია ცდილობს შექმნას სისტემა ადამიანის
უფლებების უზრუნველსაყოფად, ეთნიკური თანასწორობის საფუძველზე.

ამ კუთხით აღსანიშნავია ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის მოგვარების მაგალითი ფინეთში, რომელიც შეეხება ალანდის კუნძულების ავტონომიურ ოლქს და მასზე მცხოვრები ფინელი შვედების სტატუსს. ფინელი შვედები არიან ფინეთის მოქალაქეები, რომელთათვისაც მშობლიური ენა არის შვედური. მათი ისტორია წარმოადგენს ფინეთის ისტორიის ნაწილს, რადგან ისინი სახელმწიფოს „ბირთვში“ ცხოვრობენ.
ოლანდის არქიპელაგი მდებარეობს ბალტიის ზღვის ბოტნიის ყურეში, ფინეთსა და შვედეთს შორის. მსგავსი არქიპელაგი მსოფლიოში არ არსებობს. გეოგრაფიული მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ ამ ტერიტორიის ისტორია განაპირობა. ოლანდის კუნძულების ავტონომიური ოლქის მოსახლეობა იურიდიულად და სოციოლოგიურად განიხილება, როგორც იზოლირებული
ეთნიკური ჯგუფი.
1863 წლამდე შვედური იყო ერთადერთი სახელმწიფო ენა იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ფინეთს ეკუთვნის. თებერვლის რევოლუციით რუსეთის სამეფო ტახტის დამხობის შემდგომ, 1917 წლის 6 დეკემბერს, ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამან განაპირობა ის, რომ ამავე წელს ალანდის კუნძულებზე ფინური უმრავლესობის ენად გამოცხადდა.
ოლანდის კუნძულების განსაკუთრებულ სტატუსს ისტორიული საფუძვლები სეპარატისტულ მოძრაობაში აქვს, რომელიც შეიქმნა ფინეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და მიზნად ისახავდა კუნძულების გადასვლას შვედეთის სუვერენიტეტში. 1917 წლის ფინეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ოლანდის კუნძულების მოსახლეობის ელიტამ გამართა ფარული თათბირი და გააგზავნა პეტიცია შვედეთის მეფესთან კუნძულების მიერთების თხოვნით. პეტიციას მხარი მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა. ფინეთის რესპუბლიკის პოზიცია ცალსახა
იყო, ბუნებრივია მის ინტერესებში არ შედიოდა ტერიტორიის დაკარგვა. მას მოუწია კომპრომისზე წასვლა და ოლანდებს შეთავაზა ფინეთის შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსით დარჩენა. მაშინ მოსახლეობისათვის ეს შეთავაზება ხელსაყრელი არ იყო და რადგან ეს საკითხი საერთაშორისო სტატუსს ატარებდა მათ ერთა ლიგასაც მიმართეს შვედეთის შემადგენლობაში გადასვლის თხოვნით. 1921 წლის ივნისში ერთა ლიგამ დატოვა კუნძულები ფინეთის შემადგენლობაში, მაგრამ ალანდებს მიანიჭა „უცნაური“ უფლებები. ფინეთმა მიიღო უფლებამოსილება კუნძულებზე, თუმცაღა დათმობაზე წასვლაც მოუწია. იგი იძულებული გახდა კუნძულებისათვის დიდი ავტონომია მიენიჭებინა და ამავდროულად შვედური გამოეცხადებინა ერთადერთ სახელმწიფო ენად. ამასთან ერთად ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელშიც ორივე მხარე აღიარებდა ოლანდის კუნძულების ნეიტრალიტეტს. როგორც ისტორიამ გვაჩვენა ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომლის მიღებითაც მოგებული

დარჩა ყველა მხარე.

1)ფინეთი - კუნძულები დარჩა მის შემადგენლობაში.
2) ოლანდები - მათ მიიღეს თვითმმართველობა, საკუთარი კულტურისა და ენის შენარჩუნების გარანტია.
3) შვედეთი - ოლანდები აღარ წარმოადგენდნენ სამხედრო
საშიშროებას მისთვის.


ოლანდის კუნძულები სარგებლობენ ფინეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული დიდი ავტონომიით. თვითმმართველობის კანონის თანახმად (რომელიც განიხილებოდა ფინეთში ორჯერ: 1951 და 1993 წლებში), ოლანდებს აქვთ უფლება მიიღონ კანონები, რომლებიც ეხება მათ შიდა საქმეებს და განსაზღვრონ თავიანთი ბიუჯეტი.
კანონის შესწორება შეუძლია მხოლოდ ფინეთის პარლამენტს, კონსტიტუციური წესრიგის თანახმად და ლაითიგის თანხმობით. მოქმედი კანონი მიიღეს 1993 წლის 1 იანვარს. საკანონმდებლო ორგანო - ლაითიგი, ირჩევს პროვინციულ მმართველობას - ალანდის კუნძულების მთავრობას.
პროვინციული მმართველობა (შვედ. Landskapstyrelse) უმრავლესობით არის დაკომპლექტებული და შედგება 5 ან 7 მინისტრისაგან, პრემიერ-მინისტრით სათავეში (პროვინციული მრჩეველი).
ლაითიგის საკანონმდებლო უფლება ვრცელდება:
1. ეკონომიკის განვითარებაზე;

2. კომუნალურ მმართველობაზე;

3. განათლებასა და კულტურაზე;

4. ჯანდაცვასა და გარემოს დაცვაზე;

5. შიდა ტრანსოპრტზე;

6. პოლიციაზე;

7. ფოსტაზე;

8. რადიოსა და ტელევიზიაზე;


ამ სფეროებში ალანდის კუნძულები გამოდიან, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები თავიანთი კანონმდებლობითა და მმართველობის აპარატით.

1954 წლიდან ალანდებს აქვთ თავიანთი დროშა, ხოლო 1984 წლიდან საფოსტო მარკა. 80-იან წლებში მოჭრეს საკუთარი მონეტაც. მისი გამოყენების უფლება ფინეთმა არ მისცა.
ლაითიგის შემადგენლობაში შედის 30 დეპუტატი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ირჩევა პირდაპირი და ფარული არჩევნებით. იმ სფეროებში, რომლებშიც ლაითიგს არ აქვს საკანონმდებლო უფლება, სახელმწიფოს კანონები ვრცელდება ისე როგორც დანარჩენ ფინეთში. ეს სფეროებია:


1.საგარეო პოლიტიკა;

2.სამოქალაქო უფლებებისა და სისხლის სამართლის კანონის დიდი ნაწილი;

3.კანონის უზენაესობა;

4.საბაჟო სისტემადაბეგვრა;

ინტერესების დაცვის მიზნით, ოლანდის კუნძულებს ყავთ თავიანთი წარმომადგინელი ფინეთის პარლამენტში, რომელიც ირჩევა სხვა დეპუტატების მსგავსად.
ფინეთი წარმოდგენილია ოლქში გუბერნატორის სახით, როგორც წესი ალანდით, რომელსაც ნიშნავენ პრეზიდენტი და ლაითიგის სპიკერი. გუბერნატორი არის მეორე პირი კუნძულებზე, სპიკერის შემდეგ. იგი არის ალანდის კუნძულების დელეგაციის თავჯდომარე.
კანონი, რომელსაც მიიღებს ლაითიგი იგზავნება ფინეთის პრეზიდენტთან დასამტკიცებლად. პრეზიდენტი არის ერთადერთი პირი, რომელსაც შეუძლია კანონს ვეტო დაადოს. ისიც მხოლოდ ორ შემთხვევაში:
1) თუ კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას;
2) თუ ლაითიგმა გადააჭარბა საკანონმდებლო უფლებამოსილებას;

თუ ლაითიგი არ ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მას აქვს აპელაციის უფლება, რომელიც იგზავნება ალანდის კუნძულების დელეგაციასთან, რომლის ნახევარი კომპლექტდება ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებით, მეორე კი - ლაითიგის წევრებით.
მოსახლეობა ოლანდის კუნძულებზე შვედური ენის ადგილობრივ დიალექტზე საუბრობს. 25000 ოლანდი ფინეთის მოსახლეობის 0, 5%-ს შეადგენს და ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. კანონს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო და სწავლების ერთადერთი ენა არის ფინური, კუნძულებზე ძალა არ აქვს. აქ ფინურად მოსაუბრე მოსახლეობა მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს. ისტორიამ შემოგვინახა ისეთი ფაქტებიც, როდესაც ფინური ენა იყო აკრძალული.
მოქალაქეობის მიღება ოლანდის კუნძულებზე დაბადებისთანავე ხდება, თუ ერთ-ერთი მშობელი არის ტერიტორიის მოქალაქე. 1996 წელს ფინეთში მიიღეს ახალი პასპორტები, რომლებშიც გარდა ფინური მოქალაქეობისა, იწერება რეგიონალური, ალანდური მოქალაქეობა. ასეთი მოქალაქეობის მიღება არც ისე მარტივია. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს ფინეთის მკვიდრი და ცხოვრობდეს კუნძულების ტერიტორიაზე მინიმუმ 5 წელი. ამასთან ერთად თუ ოლანდის კუნძულების მოქალაქე
ცხოვრობს კუნძელების გარეთ 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში, მას ავტომატურად ჩამოერთმევა ოლანდის მოქალაქეობა. გარდა ამისა, მოქალაქეობის მსურველმა უნდა ჩააბაროს შვედური ენის გამოცდა.
კუნძულების კანონის თანახმად მიწა გადადის მემკვიდრეობით და ყოველი ალანდელი ბავშვობიდანვე არის მიწის მესაკუთრე. ოლანდელები თვლიან, რომ მიწების შენარჩუნება ადგილობრივ მოსახლეობაში წარმატებული ეკონომიკის საფუძველია.
განვითარების პროცესმა გვიჩვენა ამ წინადადების მართებულობა. რამდენიმე წლის განმავლობაში ოლანდის კუნძულები ჩამოყალიბდნენ „მილიონერების კუნძულებად“ და ჩამოიტოვეს ევროპის ბევრი ქვეყანა.
თუ ფინეთი ხელს აწერს საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც ეხება ოლანდის კუნძულებს, მაშინ ლაითიგის თანხმობა საჭირო არის, იმისათვის რომ კუნძულების ტერიტორიაზე დოკუმენტს ჰქონდეს იურიდიული ძალა. მაგალითისთვის, როდესაც გაჩნდა კითხვა ფინეთის ევროკავშირში შესვლის შესახებ, აუცილებელი იყო ლაითიგის თანხმობა. გადაწყვეტილების მიღებამდე ოლანდის კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი. მოსახლეობის უმრავლესობამ (73, 6 %) მხარი დაუჭირა ევროკავშირთან ინტეგრაციას. შედეგზე იმოქმედა შვედეთის დამოკიდებულებამაც არსებულ საკითხთზე.
ევროკავშირმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს სპეციალურ პროტოკოლს, რომლის თანახმად ოლანდის კუნძულებს გარანტირებული ჰქონდათ თვითმმართველი ოლქის სტატუსის შენარჩუნება. დღეისათვის „ოლანდური მოდელი“ ცნობილია მთელ სამყაროში. ეს არის უმცირესობის პრობლემის მოგვარების ნათელი მაგალითი, რომელიც გულისხმობს ე.წ უმცირესობათა ავტონომიის მუშა მოდელის შექმნას.
ფინელები არ თვლიან თავს დაჩაგრულად იმის გამო რომ შვედური ოფიციალური ენაა ფინურთან ერთად. თუ 25000 ალანდელს სურს თავისი პოლიციისა და საავტომობილო ნიშნების ქონა - იქონიოს, ამით ფინეთის პრესტიჟი არ დაზარალდება. ასეთი მცირე მისწრაფება დამოუკიდებლობისათვის არ შეიძლება იყოს სამხედრო კონფლიქტის მიზეზი, როგორც ეს ხანდახან მსოფლიოს არაერთ რეგიონში, მათ შორის კავკასიაშიც ხდება. კაცობრიობა დღეს არსებობს ორ კულტურაში: ერთი მხრივ ეს არის ნაციონალისტური კულტურის მკაცრი ჩარჩო, მეორე მხრივ - საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ფართო კონტექსტი. იმისდა მიუხედავად, თუ რომელ კულტურაში ვართ, აუცილებელია შევინარჩუნოთ ჩვენი მრავალფეროვნება, რადგან
სწორედ ეს არის კაცობრიობის უძვირფასესი განძი და მონაპოვარი.
წარმოდგენილ მოკლე მიმოხილვაში, ეთნიკური უმცირესობების
პრობლემების მოგვარების ალანდური მაგალითი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ „ოლანდურ მოდელს“ ვერ გამოვიყენებთ ყველა ქვეყანაში, მაგრამ ზუსტად ეს მოდელი არის ნიმუში, თუ როგორ შეიძლება სწორად შედგენილი კანონმდებლობით ასეთი რთული საკითხის მოგვარება. როგორც ოლანდის კუნძულების მაგალითი გვიჩვენებს, ეროვნული უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკური და ეთნიკური ასპექტების რეალიზება ქვეყანაში - დემოკრატიის განვითარებისა და მაღალი
კულტურის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
როგორც საქართველოს სევდა-წუხილით დაჯანღულმა ისტორიის ფოლიანტებმა გვიჩვენა თანამედროვე მწარე გამოცდილებასთან ერთად, მსგავსი პრობლემების იგნორირება ზრდის დაძაბულობას ქვეყნებს შორის და ომამდე რჩება ერთი ნაბიჯი. ეროვნული უმცირესობები უნდა აღვიქვათ არა როგორც პრობლემების წყარო, არამედ როგორც კავშირი ქვეყნებს შორის; ფაქტორი, რომელიც გვაძლევს სტიმულს ჩამოვაყალიბოთ ერთობლივი მრავალეროვანი სახელმწიფო.










ბიბლიოგრაფია:


1) ხუბუა, გიორგი.
2000. ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი
და პოლიტიკური წესრიგი. ინტერნეტი. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-0l--11-ru-10---10-help-50--00-3-1-00-0-00-11-1-1utfZz-8-10-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL1.11.4.1&d=HASH01f437bf1dda86ebc4c091a2.4.5.4&gt=1 ბოლო ნახვა,
17 იანვარი, 2015.


2) Lagtinget.
Home page on-line. ინტერნეტი. http://www.lagtinget.ax/text.con?iPage=59&m=228 ბოლო ნახვა, 16 იანვარი, 2015.


3) Rusplt. 2014. Истинные шведофины. ინტერნეტი. http://rusplt.ru/world/shwedofini-10023.html ბოლო ნახვა,
16 იანვარი, 2015.


4) Ajaratv. 2007.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალანდის
კუნძულებს ეწვია. ინტერნეტი. http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=2564 ბოლო ნახვა,
17 იანვარი, 2015.


5) Кордобовская,
Мария. 2004.
Аланды: острова которым всегда везло. ინტერნეტი. http://www.nalogi.net/print.htm?id=9&str=obzor ბოლო ნახვა,
17 იანვარი, 2015.


6) Смирнов,
Алексей. 2007. Аландская модель для
Саакашвили. ინტერნეტი. http://www.newizv.ru/world/2007-10-16/78100-alandskaja-model-dlja-saakashvili.html ბოლო ნახვა,
18 იანვარი, 2015.


7) Зиядов, Т. Аландские острова – ключи от Балтики. ინტერნეტი. http://norse.ru/society/suomi/alands-autonomy.html ბოლო ნახვა,
18 იანვარი, 2015.


0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ცხადაძე.
მარიამ ცხადაძე.
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0