სხვა 19 იანვარი - ნათლისღება 2015, 19 იანვარი, 19:56 ![]() ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გვდა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა. კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო. თითქმის ოცი საუკუნის წინ, ისრაელში, მდინარე იორდანეს ნაპირთან უდიდესი მისტიკური საიდუმლო აღესრულა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე, თავის წინამორბედთან, იოანესთან მივიდა, რომელიც იუდეველებს მდინარე იორდანეში ნათელს სცემდა სინანულის ნათლისღებით (მას მხოლოდ განსაწმენდი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მაცხოვნებელი დატვირთვა). ნათლისღების სასწაული. დიდი ძალა აქვს წმინდა ნათლისღებას, ამ დროს ჩვენში ახალი ადამი იბადება, სულიერად ვიშვებით. მონათლულზე სულიწმიდის მადლი გადმოდის. ძველი ქართველები ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულის თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას. ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დაღვრიან. ზოგი კი ამ წყალს ახლობლების საფლავს მოასხურებს - ამგვარად თითქოს თავიანთი მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს. მცირედ მორწმუნეობის ამბავსაც მოგიყვებით: ეს ამბავი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ჭულევის მონასტრის მახლობლად ჩანჩქერი გადმოსჩქეფს. ამ წყალს აკურთხებენ ხოლმე ნათლისღებისას. იმ წელს თოვლმა და ყინვამ ვერ დააბრკოლა მორწმუნენი. ჩანჩქერში ყინული ამოტეხეს და მამა სტეფანემ (ახლა უკვე ეპისკოპოსი) დიდი აიაზმის წესით აღასრულა კურთხევა. ლოცვის შემდეგ ყველა შევიდა წყალში და განიბანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მომაკვდავი ორი თვის ბავშვი მიეყვანა. მშობლებმა ისიც ჩააყურყუმელავეს წყალში. ერთმა მრევლთაგანმა, ნათიამ, არ მოისურვა განბანა - არ გავცივდეო და შინ დაბრუნდა. მოხდა სასწაული - მომაკვდავი ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელდა. ნათიას კი იმ ღამეს მაღალი სიცხე მისცა და კარგა ხანს იავადმყოფა... ვულოცავთ ჩვენს მკითხველს უფლის ნათლისღების დღესასწაულს 19 იანვარი და ვუსურვებთ, ღვთის საიდუმლოებები განცხადდეს მათ სულებში.... ბესო გოგილავა 841 1-ს მოსწონს
|