x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135657
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510016
დარაბებს მიღმა

imageმთას შესტრფი, თოვლიან ყინულიანს, ცის მოამბორეს, მიუკარებლობისა და გულზვიადობისათვის. მდინარეს - აქაფებული ჩანჩქერებისა და გულჩახვეული ჭოროხებისათვის, ტყეს - ნიავით ჩურჩულისა თუ ფოთოლთ შრიალისათვის, მაგრამ არის ერთადერთი სიტყვა, რომელიც სიყვარულისათვის ეპითეტებს არ საჭიროებს... სიცოცხლე!!! სიცოცხლე, რომელიც ყველა მოკვდავს უფლისაგან გვაქვს მოცემული სიცოცხლე, რომლის გახანგრძლივებასა და გალამაზებას ყველა ადამიანი ცდილობს წუთისოფელში, წუთისოფელი კი ზოგისათვის დედაა, ზოგისათვის კი დედინაცვალი.
ჩვენს სამყაროში, ჩვენ გარემოში უამრავი დაუცველი ბავშვი ცხოვრობს. მათი ცხოვრება ჰგავს ჩაბნელებულ ღამეს, როცა ირგვლივ უკუნეთი სიბნელეა, როცა დახმარება გჭირდება, მაგრამ ვერანაირ გზას, ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავ. ამ ბავშვების ცხოვრება, მათი სიცოცხლის თითოეული დღეც სწორედ ასეთი შავი და ბურუსით მოცულია. მათ არავინ ეგულებათ ისეთი, ვინც მათ დახმარების ხელს გაუწვდის. ზოგი მათგანი ძალიან პატარა და სრულიად უსუსურია, იმდენად უსუსური, რომ დახმარების თხოვნაც არ შეუძლია.
არსებობენ ბავშვებიც, რომლებსაც თავშესაფარიც კი არ გააჩნიათ, ქუჩაში ცხოვრობენ. მათი სიცოცხლე, ბედი, მთლიანად უფალსაა მინდობილი. ზამთარშიც კი ქუჩაში უწევთ ღამის გასათევის პოვნა მაშინ, როცა ჩვენ თბილად, მყუდროდ ვართ მოკალათებული ჩვენს სახლებში, რბილ სავარძლებში.
კარგად ვიცით, რომ არსებობს სპეციალური დაწესებულებები რომლებსაც ჩვენ ბავშვთა სახლს ვეძახით. ზოგ ბავშვს უმართლებს და იქ ხვდებიან, მაგრამ ამას მთლად გამართლებასაც ვერ დავარქმევთ, რადგან იქაც ისინი თავიანთ ბედთან, თავიანთ თავთან მარტოები რჩებიან. მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ. მართალია, მათ აქვთ თავშესაფარი, საკვები, მაგრამ ისინი მაინც მარტოები არიან, და მათი ცხოვრება მაინც შავთეთრია, მათ მთავარი ოჯახური სითბო, მოალერსე დედის და მზრუნველი მამის ხელი აკლიათ. თანაც ისინი იქ მხოლოდ 18წლამდე რჩებიან, როგორც კი 18წლის გახდება ბავშვი მას უფლება აღარ აქვს იქ დარჩენის, უშვებენ იქიდან და სრულიად მარტონი რჩებიან ბოროტებითა და სიკეთით აღსავსე სამყაროს წინაშე. მათ მარტო უწევთ ცხოვრების ეკლიან ბილიკებზე სიარული. თუ ზოგისთვის ცხოვრების რთულ გზაზე ზოგგან ია-ვარდია ამოსული, მათთვის მხოლოდ ნაეკლარია, მათი მომავალიც ბურუსითაა მოცული, გაურკვეველია. მათ არ აქვთ არანაირი საშუალება ებრძოლონ ცხოვრების მიერ მოვლენილ სირთულეებს.
მაგრამ მხოლოდ ასეთი ბავშვების ცხოვრება არ არის ბნელი და შავთეთრი. ჩვენს სამყაროში ასევე არიან ბავშვები, რომლებსაც უნარშეზღუდულებს ვეძახით. ისინი არ არიან ისეთივე ჯანმრთელები როგორებიც ჩვენ ვართ. მაგ: ზოგს გონება აქვს დაქვეითებული, ზოგს-სმენა, ზოგსაც სიარული არ შეუძლია. მაგრამ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორებიც - ჩვენ. უბრალოდ შეზღუდული აქვთ შესაძლებლობები.
მაგრამ ჩვენ, ადამიანებს, გვავიწყდება რომ მათ სჭირდებათ სითბო და ყურადღება. ჩვენ კი მათ ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ ისინი ცხოვრების ერთ პოლუსს არიან ჩვენ კი მეორე. ამიტომ ადამიანებმა ყურადღება უნდა მივაქციოთ ასეთ ბავშვებს, დავიდგეთ გვერდით და გავუნაწილოთ მათ სითბო, სიხარული და სიუხვე. ვაჩუქოთ უცოდველ ბავშვებს სითბო და სიხარული.
მათთვის არანაირი დღესასწაული არ არსებობს. ახალი წელიც კი ბნელითაა მოცული, ისინი ცხოვრებას ფანჯრის მეორე მხრიდან უყურებენ, საიდანაც ხედავენ ფანჯარაზე დაცემულ ფიფქებს, რომლებიც წყლის წვეთებად იქცევიან. ისინი სევდით გაჰყურებენ ჩაბნელებულ გარემოს და ელიან მათთვის გაწვდილ დახმარების ხელს.
უფალი ბრძანებს: „განკითხვის დღეს გეტყვით: მშიერი ვიყავი და არ მაჭამეთ, მწყურვალი ვიყავი და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ... ყოველი ადამიანი, რომელიც მშიერ-მწყურვალი ან შიშველ-ტიტველი იხილეთ და არ შეიწყალეთ მე ვიყავი“ წმინდა შუშანიკიც ხომ ამბობს აღსარების წინ, რომ: „ვინც სთესა, მოიმკო!“ გავიხსენოთ რუსთველის სიბრძნეც: „რასაცა გასცემ შენია, რასაც არა-დაკარგულიაო“
ამდენად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველას უნდა დავეხმაროთ, გავულამაზოთ ცხოვრების ბურუსით მოცული თითოეული დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის ყოვლისმხედველი თვალი ყველაფერს ხედავს და როცა მის წინაშე წარვსდგებით გვეტყვის: „ის მე ვიყავი!“

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან დიდებელი
ქეთევან დიდებელი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0