x
ბიზნესი და რელიგია

სსრკ-ს პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტად იყო განვითარებული კერძო სექტორი, განსაკუთრებით მჟავანაძის მმართველობის პერიოდში. თითქოს მოსალოდნელი იყო, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, ბიზნესი სწრაფად განვითარდებოდა ჩვენთან, მაგრამ რეალურად სულ სხვა სურათი მივიღეთ. ბიზნესის განვითარებაზე რომაა დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა და მასთან მმართველი ძალის ხანგრძლივი ყოფნა ხელისუფლებაში, ყველას ესმის და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ვერცერთმა ხელისუფალმა, ჯერჯერობით ვერ განავითარა სამეწარმეო საქმიანობა ისე, რომ ქვეყანაში ეკონომიკურმა სტაბილურობამ დაისადგუროს.

ჩვენს ქვეყანაში, სამეწარმეო საქმიანობას, თითქმის სრულყოფილი კანონები არეგულირებს. ეს კანონები, ძირითადად, გერმანულიდანაა გადმოღებული, სადაც ვერავინ იტყვის, რომ ბიზნესი ვერ ვითარდება.
დასავლურ სავაჭრო ურთიერთობებში ნდობა პარტნიორის მიმართ ნაკლებად გამოიყენება. ამ ურთიერთობის სიმყარისათვის კანონი უფრო კარგი ბერკეტია, ვიდრე ნდობა. წესით ჩვენთანაც იგივე უნდა ხდებოდეს, მაგრამ იმის გამო, რომ კანონებს ბოლომდე არ იცავენ ისინი, ვისაც ამის ვალდებულება აქვთ, საქმიანი ურთიერთობის საფუძველი ისევ პარტნიორთა შორის ნდობაზეა დამყარებული.
ბიზნესის ძირითადი რგოლი შუამავალი მოვაჭრეა (დისტრიბუტორი), რადგან მათ იციან ყველაზე კარგად თუ რა საქონელზეა მოთხოვნა და სად რა და რამდენი გაიყიდება. დისტრიბუტორები საკუთარი რისკის ფასად იძენენ საქონელს და აწვდიან უშუალო გამყიდველებს (მაღაზიებს). მაღაზიათა უმრავლესობა, უმეტეს წილად კონსიგნაციაზე იტოვებს საქონელს, ხშირ შემთხვევაში მიწოდებული საქონლის ღირებულებას აღარ იხდის და თავს გადახდისუუნაროდ აცხადებს. აქ კი სამართალდამცველები, თუ კი მას დაზარალებული მიმართავს, ვალდებულნი არიან გამოიკვლიონ თუ რა მიზეზით გახდა ესა თუ ის პირი გადახდისუუნარო. შუამავალი მოვაჭრე თავის მხრივ აზარალებს მის მომწოდებელ მწარმოებლებს, რაც საწარმოთა გაკოტრების მიზეზი ხდება. წარმოების გაჩერება კი საერთო ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას ნიშნავს.
ჩვენი სამართალდამცველები ასეთი სახის საჩივარს არც კი იღებენ და მომჩივანს სამოქალაქო სასამართლოში აგზავნიან. საჩივრის არ მიღება, ალბათ იმ მიზეზით ხდება, რომ დანაშაულის სტატისტიკა დაბალი იყოს, ან თუ გადახდისუუნარო დიდი კომპანიაა, ისეთი როგორიც გუდვილი, პოპული, იოლი და სხვაა, ზედმეტი ხმაური რომ არ ატყდეს. სასამართლოში მომჩივანი მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც აღმასრულებელი ვერ აღასრულებს, რადგან აღმოჩნდება, რომ მოპასუხეს არანაირი ქონება არ გააჩნია. რატომღაც ჩვენს სამართალდამცველებს ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ეკონომიური დანაშაული მხოლოდ მაშინ ხდება, თუ დაზარალებულ მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს.
ნდობაზე ბიზნესის აწყობას ჩვენი ხალხის ზედმეტად რელიგიურობაც უწყობს ხელს. რატომღაც, ჩვენს მოვაჭრე სუბიექტებს ასე წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი თუ ეკლესიაში დადის ის აუცილებლად პატიოსანი პარტნიორი იქნება ბიზნესში. ასეთი წარმოდგენებით ჩვენს ბიზნესმენებს არავითარი პერსპექტივა არა აქვთ დასავლურ კომპანიებთან ურთიერთობაში და მათთვის კონკურენციის გაწევაში. ხალხის მასიურად რელიგიაზე დამოკიდებულება, ერთი შეხედვით, ხელსაყრელია ხელისუფალისათვის, რადგან ასე უფრო ადვილია მათი კეთიგანწყობის მოპოვება, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი ხელისშემშლელი ფაქტორია ბიზნეს ურთიერთობებში და ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში.
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ყველა ხელისუფალი ეკლესიისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს, ეს გამოწვეულია ეკლესიის განუზომელი გავლენისა ხალხზე. რელიგიურ ორგანიზაციებს საგადასახდო შეღავათები აქვთ დაწესებული და ბიუჯეტიდანაც ფინანსდებიან. დღევანდელი ხელისუფლებაც ეკლესიის მოსყიდვის საშუალებითაა მოსული. ბიძინა ივანიშვილმა მილიარდამდე დახარჯა ეკლესიების მშენებლობაში, რითაც ხალხის საყოველთაო სიყვარული და ნდობა დაიმსახურა. ეს, რა თქმა უნდა, კარგია მხოლოდ მისთვის, რადგან კიდევ დიდხანს იქნება ხელისუფლებაში მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ძალიან ცუდია ბიზნესის, და არამარტო ბიზნესის, განვითარებისათვის.
ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ ხელისუფლებაში ის კი არ უნდა აირჩიონ, ვინც დიდ სანთელს დაანთებს და ყოველდღიურად შვიდგზის ლოცვას აღავლენს, არამედ ის ვისაც კონკრეტული, პრაგმატული, დასაბუთებული სამოქმედო გეგმა აქვს, ხალხისათვის გასაგებ ენაზე. თუმცა ამას სწავლა სჭირდება, სწავლას სახსრები, სახსრები კი კვლავ ეკლესიისაკენაა მიმართული. საქართველოს მრავალ დასახლებულ თუ დაუსახლებელ ადგილას უამრავი ეკლესია-მონასტრები აშენდა და კიდევ შენდება. ერთი წუთით, რომ წარმოვიდგინოთ, რაც ამ ეკლესია-მონასტრებზე ფული დაიხარჯა და მომავალშიც დაიხარჯება, განათლების, ჯანდაცვის და ბიზნესის განვითარებაში, რომ ჩადებულიყო, დღეს რა შედეგი გვექნებოდა? ალბათ, ძალიან შთამბეჭდავი!

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0