x
image
Ezhichok
ცოტა რამ ვლადიმერ ნაბოკოვისა და მისი სკანდალური რომანის, ლოლიტას შესახებ

„მე ვარ ამერიკელი
მწერალი, დაბადებული რუსეთში, რომელმაც განათლება მივიღე ინგლისში, სადაც ვსწავლობდი
ფრანგულ ლიტერატურას, სანამ 15 წლით, გერმანიაში გადავიდოდი საცხოვრებლად.“


imageვლადიმირ ნაბოკოვი,
1899 წლის 22 აპრილს სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. ის ოჯახში პირველი შვილი იყო. მის
გარდა ოჯახში 4 ბავშვი იყო. ნაბოკოვები ცნობილნი იყვნენ სიმდიდრითა და სამეფო წარმომავლობით.
ამ გვარის ბევრმა წარმომადგენელმა მიაღწია დიდების მწვერვალს.მაგალითად, ვლადიმირის ბაბუა, დიმიტრი ნიკოლაევიჩ ნაბოკოვი,
იუსტიციის მინისტრი და სასამართლო რეფორმების
ერთ-ერთი ავტორი იყო 1864წელს.

ვლადიმირის მამა,
ვლადიმირ დიმიტრის ძე ნაბოკოვი იყო იურისტი, ცნობილი პოლიტიკოსი და ერთ-ერთი ლიდერი
კონსიტუციურ -დემოკრატიული პარტიისა. ის ასევე რუსეთის პირველი პარლამენტის დეპუტატი
გახლდათ. ხოლო დედა, ელენა ივანის ასული რუკავიშნიკოვა, წარმოშობით იყო ოქროს მწარმოებელ
ვაჭართა ოჯახიდან. მას შესანიშნავი გემოვნება და სილამაზის აღქმა ჰქონდა. ეს უნარი
მან თავის შვილებს გადასცა. სწორედ დედამ შეამჩნია ვლადიმირის განსაკუთრებული ნიჭი.
ნაბოკოვი ბავშვობიდან ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. გატაცებული იყო ენტომოლოგიით,
ჭადრაკითა და სპორტით.


მისი სამწერლობო მოღვაწეობა რუსულ ენაზე დაწერილი რომანებით დაიწყო, ხოლო სახელი გაითქვა ინგლისურენოვანი წიგნებით.
1917 წელს ავტორს ოჯახთან ერთად უწევს სამშობლოს დატოვება და სხვა ქვეყანაში გადახიზნვა.
imageნაბოკოვი ავტორია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სკანდალური წიგნისა „ლოლიტა’’,
რომელიც 1955 წელს გამოსცა. წიგნმა ნამდვილი ფურორი მოახდინა ამერიკაში! გამოცემიდან
1 კვირაში სულ 100 000 წიგნის ეგზემპლიარი გაიყიდა, მაგრამ სანამ რომანი დღის
სინათლეს იხილავდა მას ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. ნაბოკოვი ამერიკული გამოცემისთვის
დატანებულ სტატიაში იხსენებს: „მანამ, სანამ დავწერდი „ლოლიტას’’, დავწერე ოცდაათგვერდიანი მოთხრობა „გრძნეული’’. ის დავწერე რუსულად, ანუ იმ ენაზე, რომელზეც,
1924 წლიდან მოყოლებული ვწერდი. მოთხრობის გმირი, არტური, ცენტრალური აფრიკის მკვიდრი
გახლდათ, უსახელო ნიმფეტი ფრანგი იყო, ხოლო მოვლენები პარიზსა და პროვანსში ვითარდებოდა.
ეს ჩემი გმირი დაქროწინდა გოგონას ავადმყოფ დედაზე, მალე დაქვრივდა და სასტუმროს ნომერში
ობლის მიალერსების უიღბლო მცდელობის შემდგომ
სატვირთო მანქანას ჩაუვარდა ბორბლებქვეშ.
მოთხრობა წავუკითხე მეგობართა მცირერიცხოვან ჯგუფს, მაგრამ ნაწარმოებმა უკმაყოფილების
გრძნობა დამიტოვა და ამერიკაში გადასახლებისას 1940 წელს, ის გავანადგურე კიდეც’’
(გამომცემლობა ‘’ლოგოს პრესსი’’ 2002 წელი, წინათქმისა და ბოლოსიტყვაობის მთარგმნელი
ლაშა ბერაია). ავტორმა
1954 წელს დაასრულა რომანზე მუშაობა და გადაუგზავნა სამ ამერიკულ გამომცემლობას, მაგრამ
წიგნი ამერიკაში მაინც არ დაიბეჭდა. საბოლოოდ პარიზულმა გამომცემლობამ „ოლიმპია
პრესმა’’ (Olympia Press) გამოსცა 1955 წლის შემოდგომაზე, ხოლო ამერიკაში დაბეჭდვის
შემდეგ წიგნმა ნაბოკოვს საქვეყნო აღიარება მოუტანა.

image


პედოფილი, შუა ხნის კაცის აღიარება, რომელიც თავდავიწყებით არის შეყვარებული
12 წლის გოგონაზე, სახელად დოლორეს ჰეიზი, იგივე ლოლიტა. გოგონას სიყვარული მამაკაცს
აიძულებს ცოლად მოიყვანოს ლოლიტას დედა, ხოლო დაქვრივების შემდეგ ჰუმბერტ ჰუმბერტი აგრძელებს სექსუალურ ცხოვრებას 12 წლის გერთან ერთად.
ეს რომანის მცირე მიმოხილვაა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია გავამართლოთ პედოფილია, მაგრამ
სიყვარულის ასეთი მაღალი გამოხატულება არცერთ მკითხველს არ ტოვებს გულგრილს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის რომანის მთავარი ღირსება და მაინც,
დღემდე ახალი თაობის მკითხველები ცდილობენ იპოვონ ეროტიკის ნიშნები რომანში, რაც რთულია, რადგან მსგავსი ელემენტები თითქმის არ გვხვდება.
ნაბოკოვს მიაჩნდა, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც არ დაიბეჭდა ამერიკაში რომანი, იყო
იმედგაცურება. გამომცემლები ელოდნენ სკანდალური თემატიკის წიგნში ეროტიკულ პასაჟებს,
მაგრამ მათი მოლოდინი ვერ გამართლდა, რის გამოც მიიჩნიეს, რომ რომანი არ იყო საკმარისად
კარგი.


რომანისადმი
სხვადასხვანაირი დამოკიდებულება დღემდე არ განელებულა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის
ერთ-ერთი აკრძალული წიგნია მსოფლიო მაშტაბით. ნაბოკოვი ითვლება პორნოგრაფიის ფუძემდებლად
თანამედროვე ლიტერატურაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უამრავი ნაშრომი იქმნება
მის შემოქმედებაზე. მაგალითად, ირანელმა მწერალმა, აზარ ნაფისმა დაწერა წიგნი „ლოლიტას
კითხვა თეირანში’’ (Reading Lolita in Tehran). რომანი 2003 წელს დაიწერა. ავტორი აღწერს
თავის დაბრუნებას ირანში და 7 სტუდენტი გოგონას ისტორიას, რომლებთანაც ერთად საკუთარ
სახლში კითხულობდა „ლოლიტას’’.
ასევე იტალიელმა მწერალმა უმბერტო ეკომ 1958 წელს დაწერა მოთხრობა-პაროდია „გრანიტა’’,
სადაც მთავარი გმირი ჰუმბერტ ჰუმბერტის ნაცვლად იყო, უმბერტო უმბერტო.


მე
მაინც, „ლოლიტას’’ მთავარი ღირსება მწერლის
ოსტატობაა. ავტორი რიტორიკული ფიგურებით და ათასი უცნაურობით ნაჯერ ტექსტს გვთავაზობს: მოულოდნელი ეპითეტები და შედარებები, აღმოსავლური ყაიდის მეტაფორულობა, მხატვრული აბსურდის ტექნიკით შესრულებული პასაჟები, ალუზიათა და ციტირების ნაირ-ნაირ სახეობათა სიუხვე, ორიგინალური სიტყვათწარმოება, უამრავი სიტყვის თამაში თუ ზმნა… მოკლედ, ჩვენ წინაშეა ინტელექტუალური და ამავდროულად ეროტიკული პროზის გემოვნებით შესრულებული პაროდია ფარსის ელემენტებით, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ამ ეპატაჟურმა მწერალმა პირველივე
ფრაზებიდან მიიქცია ყურადღება „ ლოლიტა, ჩემი სიცოცხლის ნათელო, წელთა ჩემთა მხურვალებავ, ცოდვავ ჩემო,
სულო ჩემო.’’ (თარგმნა თამარ ლომიძე), ავტორი ისეთ იშვიათ სიტყვათა შეთანხმებებს გვთავაზობს,
რაც მხოლოდ მოდერნისტული ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი, მაგალითად, „როდესაც დავბრუნდი, სახლი ჯერ კიდევ ულოლიტო იყო’’ (თარგმნა თამარ ლომიძემ) რუსულ, ავტორისეულ თარგმანში ფრაზა შემდეგნაირად
ჯღერს, „Когда вернулся, дом был еще
безлолитен’’, ავტორი ჩინებულად გადმოსცემს წინასიტყვაობის ფსევდოავთენტიკურ, პირველ ცოლთან გაყრის ამსახველ ეპიზოდთა ფსევდოდრამატულ და მრავალი პასაჟის ფსევდოპათეტიკურ ინტონაციებს. ასევე ყურადსაღებია პერსონაჟების მრავალფეროვნება, ნარატორის
ფსიქოლოგიური მდგომარეობის სრულყოფილი გადმოტანა ფურცლებზე, ყველა რთულ დავალებას ავტორმა
შესანიშნავად გაართვა თავი და შედეგად მივიღეთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი სრულყოფილი
და დახვეწილი ტექსტი, როგორც მხატვრული ღირებულებებით, ასევე შესანიშნავი ფაბულით.

image


1960 წელს, ნაბოკოვი საცხოვრებლად გადადის
შვეიცარიაში. 1965 წელს მან თვითონ თარგმნა ლოლიტა რუსულად. ცხოვრების უკანასკნელ წლებში,
ნაბოკოვი ამბობდა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა რუსეთში, რადგან ფიქრობდა რომ მის შემოქმედებას
ვერ აფასებდნენ. ამ რწმენით დატოვა მან წუთისოფელი 1977 წელს. ის დაკრძალულია შვეიცარიაში.

0
1171
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Ezhichok
Ezhichok
1171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0