ეს სტატია მოგვითხრობს ქართველ მებრძოლზე რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა და დიდ წარმაწებებს მიაღწია
კაპიტანმა ხიტალიშვილმა 106 საბრძოლო გაფრენისას 69
გერმანული ტანკი, 31 ჯავშანმანქანა და 29 თვითმფრინავი
გაანადგურა, რაც საუკეთესო შედეგი იყო საბჭოთა მოიერიშე
ავიაციის ისტორიაში.
22 წლის კაპიტან ზაქრო
ხიტალიშვილს 1944 წელს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება
მიენიჭა. ქართველი სამხედრო მფრინავი ერთ-ერთ ყველაზე
შედეგიან მოიერიშე პილოტად იყო აღიარებული.
საერთოდ,
მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო შედეგიანობით ყველაზე
მეტად გერმანული "ლიუფტვაფეს" პილოტები გამოირჩეოდნენ,
მაგალითად, გერმანული ავიაციის ასს, ერიხ ჰარტმანს,
მოწინააღმდეგის 352 თვითმფრინავი ჰყავდა ჩამოგდებული
საჰაერო ბრძოლებში. საბჭოთა ასების სიას კი ივან კოჟედუბი
ედგა სათავეში 64 განადგურებული თვითმფრინავით.
გამანადგურებელი
თვითმფრინავების პილოტების გარდა, თავიანთი ასები ჰყავდათ
მოიერიშე ავიაციის მფრინავებსაც, რომელთა საბრძოლო
ამოცანა ჰაერში ბრძოლა კი არა, არამედ ხმელეთზე ზუსტი საჰაერო
დარტყმის მიყენება გახლდათ.
თუკი ისტორიკოსებს
დავუჯერებთ, აქაც გერმანელი პილოტი ჰანს ულრიხ რუდელი
ლიდერობს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს თურმე 2530
საბრძოლო გაფრენა შეასრულა ჟუნკერს ჟუ 87 ტიპის მოპიკირე
ბომბდამშენით (მოიერიშით) და მოწინააღმდეგის 519 ტანკი, 150
თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 4 ჯავშანმატარებელი,
800 ავტომობილი და სხვა ტექნიკა გაანადგურა.
ეს მართლაც
ფანტასტიკური ციფრები ცოტა რთულად დასაჯერებელია, მით
უმეტეს, რომ საბრძოლო გაფრენის შედეგები თავად პილოტის
მონაყოლით იწერებოდა და იშვიათად ახლავდა დამადასტურებელი
ფაქტი ფოტოსურათების სახით.
საბჭოთა მოიერიშე
პილოტებიდან, რომლებიც Bკ-2 ტიპის მოიერიშე
თვითმფრინავებით იბრძოდნენ, ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა
ჩვენი თანამემამულე კაპიტანი ზაქრო ხიტალიშვილი, რომელმაც
საერთო ჯამში 69 ტანკი გაანადგურა.
მართალია, კაპიტან
ხიტალიშვილზე ერთით მეტი, 70 ტანკი კაპიტან ბონდარენკოსაც
ჰქონია აფეთქებული, მაგრამ მას ამისთვის 241 საბრძოლო გაფრენა
დასჭირდა.
კაპიტანმა ზაქრო ხიტალიშვილმა სულ რაღაც 106
საბრძოლო გაფრენის დროს 69 ტანკის გარდა, გერმანელებს კიდევ 31
ჯავშანმანქანა აუფეთქა, ხოლო აეროდრომებზე 29 თვითმფრინავი
გაუნადგურა (მათგან რამდენიმე თვითმფრინავი მათ შორის
"მესერშმიტიც" საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო).
უკრაინის
მე-8 საჰაერო არმიის მე-7 მოიერიშე საავიაციო კორპუსის
289-ე მოიერიშე საავიაციო დივიზიის 232-ე მოიერიშე
საავიაციო პოლკის ესკადრილიის მეთაურმა ხიტალიშვილმა ასეთ
საბრძოლო შედეგს ურთულეს პერიოდში, 1941 წლის ივნისიდან 1943
წლის ნოემბრამდე მიაღწია.
ერთხელ იგი მოწინააღმდეგემ
ჩამოაგდო და უკრაინელმა გლეხებმა გადაარჩინეს. ზაქრო
ხიტალიშვილი 1986 წლის 21 ოქტომბერს გარდაიცვალა
საქართველოში.