x
დილის საარი

უთენია, სკოლის ეზოში, ძაღლების „ბეიბისიტერი“ და სკოლის დარაჯი, სკოლის ღობის საძირკველზე ჩამომსხდარნი, ლუდს შეექცეოდნენ. „ბეიბისიტერს“ თავისი წილი უკვე მოთავებინა და მიღებული სიამოვნებისაგან თვალებმილულულს თავი გაზგაყვანილობის მილზე მიესვენებინა. დარაჯი ბოლო წვეთებს წრუპავდა პლასტიკის ბოთლიდან, რომ უეცრად სკოლის მასწავლებელი, სავარაუდოდ გეოგრაფიის ან ბიოლოგიის ან სულაც სხვა საგნის, წამოადგათ თავზე.
– რას გავს ეს, რა საქციელია სამუშაო საათებში და სამუშაო ადგილას ალკოჰოლის მიღება? – მკაცრად შეუტია დარაჯს.
დარაჯი ამაოდ შეეცადა აეხსნა მასწავლებლისათვის, სავარაუდოდ გეოგრაფიის ან ბიოლოგიის ან სულაც სხვა საგნის, რომ სამუშაო საათები დაუმთავრდა, რომ დღის განმავლობაში მოსალოდნელ სიცხეს ძილით თუ გაუმკლავდებოდა, ამისათვის კი ლუდი ყველაზე კარგი საშუალებაა. საღამოს კი გამოფხიზლებული ჩაიბარებდა თავის საპასუხიმგებლო პოსტს და უფრო უკეთესად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ამ განმარტებამ ვერ დაამშვიდა მასწავლებელი, სავარაუდოდ გეოგრაფიის ან ბიოლოგიის ან სულაც სხვა საგნის, რადგან სკოლა ჩვენი ქვეყნის მომავალის სამჭედლოა და იგი წმინდა ადგილია; ამიტომ პირობა მისცა დარაჯს, პირველივე შესაძლებლობისას დირექტორისათვის მოეხსენებინა, თუ რა უმსგავსოებას შეესწრო აქ. ამის შემდეგ მასწავლებელი, სავარაუდოდ გეოგრაფიის ან ბიოლოგიის ან სულაც სხვა საგნის, მრისხანე და თვითკმაყოფილი სახით გაეცალა მონადიმეთ.
– რამ მოიყვანა ამ დილაადრიან ეს დედამოტ…ლი?– დაიჩივლა დარაჯმა, – ერთი შეხედე ყ..ს არ გავს?– მიმართა თანამეინახეს.
ძაღლების „ბეიბისიტერმა“ თვალები აახამხამა, ჯერ მასწავლებელს, სავარაუდოდ გეოგრაფიის ან ბიოლოგიის ან სულაც სხვა საგნის, გახედა, შემდეგ დარაჯს დააკვირდა და გაოცებულმა დაუდასტურა:
- მართლა გგავს, ხო ოცი!

0
20
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0