x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138509
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512179
"თუ იერუსალიმი დაგეკარგვნიან, რასღა სჯული და რასღა პირჯვრის წერა გექნებათ"
გვინდა გვჯეროდეს, რომ ჯვრის მონასტრის დასაბრუნებლად ქართულ მხარეს კონკრეტული გეგმა აქვს და ეს არ არის ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე აგებული პიარკამპანია

დაახლოებით სამასი წლის წინ იერუსალიმში მოღვაწე ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი მონაზონი მართა თანამემამულეებს საგანძურის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა: "თუ იერუსალიმი დაგეკარგვნიან, რასღა სჯული და რასღა პირჯვრის წერა გექნებათ". სამწუხაროდ, ჯვრის მონასტერი დავკარგეთ, მაგრამ ამ ასწლეულების განმავლობაში ყოველთვის ცოცხლობდა ოცნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს სულიერი და კულტურული განძი ნამდვილ პატრონს დაუბრუნდებოდა.

მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხში გადამწყვეტია მისი ამჟამინდელი მფლობელის, იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია. მნიშვნელოვანია ისრაელის დამოკიდებულებაც - ბოლოს და ბოლოს, სწორედ ჯვრის მონასტრის კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობს ქნესეთი და საგარეო საქმეთა სამინისტრო, თელ-ავივი ბერძნებს 1951 წლიდან იჯარისთვის უზარმაზარ თანხას უხდის. თუმცა ისრაელის პოზიცია გადამწყვეტი არ არის.

ჯვრის მონასტრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 25 თებერვალს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში ვერავის დატოვებდა გულგრილს. განცხადების მიხედვით, მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების, გამოსყიდვის საკითხზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს. "ახლა უნდა დადგეს საკითხი, რომ ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოს და ქართულ ეკლესიას". 27 თებერვალს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დააკონკრეტა, რომ მონასტერთან დაკავშირებით დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა და მოლაპარაკებებში ჩართული არიან როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე ისრაელში საქართველოს საელჩო და საკონსულო. თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. კერძოდ, სააკაშვილისა და კალანდაძის განცხადებებმა ისრაელში გაკვირვება გამოიწვია. ისრაელის საგარეო უწყებაში და პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს აპარატში აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი სმენიათ. ებრაული მხარის განცხადებას თბილისიდან ისევ კალანდაძე გამოეხმაურა, მისი თქმით, ქართული მხარე გულისხმობდა, რომ უნდა ჩატარებულიყო მოსამზადებელი სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ ეცნობებოდა მეორე მხარეს(?!). კალანდაძეს არ დაუკონკრეტებია ეს მეორე მხარე ვინ იყო - იერუსალიმის საპატრიარქო თუ ისრაელი. Aმინისტრის მოადგილეს არც ის განუმარტავს, თუ რატომ აცხადებდა პრეზიდენტი და თავადაც, რომ მუშაობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს.


ამ პერიოდს დაემთხვა გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ისრაელში და ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრებისას ჯვრის მონასტრის საკითხი დასვა. ისრაელში კიდევ ერთხელ გაუკვირდათ და იქაურ საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ მონასტრის თემაზე ქართულ მხარესთან საუბარი არ ყოფილა(!). ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამესაც შეხვდა. თუმცა თეოფილემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არც ვაშაძეს და არც ისრაელში საქართველოს ელჩს არჩილ კეკელიას მასთან მონასტერზე სიტყვაც კი არ უთქვამთ. თეოფილე მესამის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას მესამე ძალა იყენებს, რომელსაც წმინდა ქალაქში სკანდალის მოწყობა სურს. "მესამე ძალაში" კი ებრაელმა ჟურნალისტებმა რატომღაც პალესტინა დაინახეს. თეოფილე მესამემ ისიც თქვა, რომ თავის დროზე ქართველმა ბიზნესმენებმა ჯვრის მონასტრის გამოსყიდვა შესთავაზეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. სავარაუდოდ, თეოფილე მესამე ბადრი პატარკაციშვილს გულისხმობდა, რომელიც საქართველოსთვის მონასტრის დაბრუნებით იყო დაინტერესებული.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ უწმინდესის ისრაელში ვიზიტისას ჯვრის მონასტრის საკითხი არ განხილულა და ეკლესიას არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ქმედებებს ახორციელებს ხელისუფლება(!).
შემდეგ ისრაელში პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტი შედგა და როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ მართლაც დასვა მონასტრის საკითხი. "ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქნესეთის თავმჯდომარეს რუბი რივლინს ოფიციალურად აცნობეს ქართული მხარის გეგმებზე, დაიწყოს საუბარი საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჯვრის მონასტრის გადაცემის ან დაბრუნების მიზნით. ამ საუბარში მონაწილეობას არ მიიღებს ისრაელი, რადგან ეს ჩვენი საკუთრება არ არის. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს შუამავლის როლს მხარეებს შორის, საუბრებს პირდაპირი ხასიათი ექნება", - აღნიშნულია ისრაელის საგარეო უწყების პრესმდივნის, პალმორის 14 მარტის ოფიციალურ განცხადებაში.

მოკლედ, 14 მარტისთვის საკითხის ერთ ნაწილს ნათელი მოეფინა. თუმცა ამჯერად ის არის საინტერესო, დაიწყო თუ არა მოლაპარაკებები ოფიციალურმა თბილისმა ბერძნულ მხარესთან. კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ და პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. რურუამ ჯგუფის შემადგენლობა არ დაასახელა იმ მოტივით, რომ "საქმე არ გაფუჭებულიყო". მანჯგალაძე კი ორი კვირის წინ დაგვპირდა, რომ ჯგუფის წევრების ვინაობა საჯარო უახლოეს მომავალში გახდებოდა. ეს "უახლოესი მომავალი" ჯერჯერობით არ დამდგარა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღესაც ასაიდუმლოებს ჯგუფის შემადგენლობას. დუმს საგარეო უწყებაც და ისრაელში საქართველოს საელჩოც.

ჩვენ დავუკავშირდით იმ მეცნიერებს, რომლებისთვისაც ჯვრის მონასტერი ცხოვრების ნაწილად იქცა და ნებისმიერი ლოგიკით, ასეთი ჯგუფის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ შეთავაზება არავისგან მიუღიათ. საპატრიარქოში კი განგვიცხადეს, რომ მათთვის მსგავს პროცესში ჩართვა არავის შეუთავაზებია და საპატრიარქო დღესაც (23 მარტის მდგომარეობით) არ მონაწილეობს არანაირ მოლაპარაკებაში.

შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებამ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე პროცესი დახურა. თუმცა მეცნიერები და მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების (თუ ასეთი საერთოდ მიმდინარეობს), გასაიდუმლოებას უკვე აზრი არა აქვს. მეტიც, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აჟიოტაჟის ატეხით და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით საქმე გაფუჭდა.
ამიტომაც ქართველ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მშვიდად და მიზანმიმართულად უნდა წარმართულიყო - უნდა შექმნილიყო გეგმა, განსაზღვრულიყო პრიორიტეტები და ა.შ. მათი აზრით, აჟიოტაჟის ატეხამ საქართველო ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რომელიც მონასტრის დაბრუნებას გულისხმობს, სულ მცირე 50 წლით დააშორა. ამ საკითხს ხელისუფლება ფულით ვერ მოაგვარებს, რადგან ბერძნული მხარე მონასტერს არანაირ თანხად არ დათმობს.

P.S. ადამიანი იმედით ცოცხლობს და ჩვენც გვინდა გვჯეროდეს, რომ ქართულ მხარეს კონკრეტული გეგმა აქვს და ეს არ არის ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე აგებული პიარკამპანია. ასევე, საქართველოს ხელისუფლებასაც იმედი უნდა ჰქონდეს, რომ თუ ისინი მართლა ცდილობენ საქართველოსთვის "თავისი იერუსალიმის" დაბრუნებას, მათ 100%-იანი მხარდაჭერა ექნებათ საზოგადოების ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისგან თუ სოციალური ფენისგან.

...პასუხად, რუსთაველს თვალები დასთხარეს

ლეგენდად ქცეული ამბავია, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში რეპატრიანტი ქართველი ებრაელები ჯვრის მონასტრის გამოსასყიდად ფარულად ფულს აგროვებდნენ. ამან ბერძნების ყურამდე მიაღწია და მონასტრის უნიკალური ფრესკები გადაღებეს, რათა ქართული კვალი წაეშალათ. 1986 წელს სსრკ-ის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. ებრაელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას მას უთქვამს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ისრაელი ქართველებს ჯვრის მონასტრის საკითხის მოგვარებაში დაეხმარებოდა. ეს იერუსალიმის მაშინდელი პატრიარქის დიოდორეს ყურამდე მისულა, მას პირდაპირი მნიშვნელობით, მაგიდაზე მუშტი დაურტყამს და უთქვამს - მონასტერში ქართველების ფეხი არ დავინახოო. შესაბამისად, მონასტერი ჩვენი თანამემამულეებისთვის საკმაოდ დიდი ხნით დაიხურა. 2001 წელს, ისრაელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას, ქართული მხარე ებრაელ პარლამენტარებთან საუბრისას ისევ შეეხო ჯვრის მონასტრის საკითხს. პასუხად, ცოტა ხნის შემდეგ, შოთა რუსთაველის ფრესკას თვალები დასთხარეს, თUუმცა მოგვიანებით ისევ აღადგინეს.

2
24
3-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
24
  
2012, 27 მარტი, 12:25
სჯულის და პირჯვრის წერის რა მოგახსენოთ და ვისაც ღმერთის რწმენა და სიყვარული უნდა,მაინც ექნება
2012, 27 მარტი, 12:22
სჯული პირჯვრის წერა არ ვიცი და ვისაც ღმერთის რწმენა და სიყვარული უნდა, ექნება
0 1 2