საქართველო ქართველი-ევროპელი?! 2014, 30 ივლისი, 19:54 ნიშნავს თუ არა ქართველობა ევროპელობას? არის თუ არა საქართველო ან შეუძლია თუ არა, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი? უკვე რამდენი წელი გავიდა ზურაბ ჟვანიას განცხადებიდან, რომელიც მან გააკეთა ევროსაბჭოს გენერალური ანსაბლეის სხლდომაზე, თუმცა, ეს საკითხი აქტუალობას არა და არ კარგავს. ქართველებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე ბევრი დაწერილა და ბევრიც დაიწერება. მე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, რადგან მეც საქართველოს ნაწილი ვარ და ჩემთვისაც საინტერესოა ზოგადად "ევროპელობის" არსი.
"ევროპელობა-აზროვნების, ფასეულობებისა და ღირებულებათა ერთობლიობა, რომელიც პირველ რიგში სოციალურ პოლიტიკურ მოწყობასა და მასში მოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებში გამოიხატება". ეს განმარტება შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან კარგად უსვამს ხაზს ევროპის და ევროპელობის ძირითად, ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებსა და მახასიათებლებს. ევროპელობა არის ლიბერალური საზოგადოება, სადაც არ ეშინიათ განსხვავებული შეხედულებების, მრწამსის, რელიგიის, კანის ფერის, ორიენტაციის, მსოფლმხედველობისა და ა.შ. ევროპული საზოგადოება არის ტოლერანტული, პატივს სცემს ინდივიდს, ყოველი ადამიანი არის განსხვავებული და განსაკუთრებული, ის არ ეწირება საზოგადოებრივ აზრს. ევროპა არის თავისუფალი, ლაღი, დემოკრატიული და იდეალებით გაჟღენთილი, თანასწორი (იგულისხმება პოლიტიკური და სამართლებრივი თანასწორუფლებიანობა). ევროპა არის უდიდესი კულტურისა და ისტორიის მატარებელი, მსოფლიოს ყველაზე აყვავებული, მიმზიდველი კუთხე. ევროპულმა ქვეყნებმა განვლეს ურთულესი გზა იმისათვის, რომ მიეღწიათ დღევანდელ მდგომარეობამდე. უამრავი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ევროპელები და ამაში ეჭვის შეტანა დაუშვებელია. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას დავრწმუნდებით, რომ ბიზანტიის იმპერიასთან კავშირებით დაწყებული, ქართველი მეფეების აქტიური დიპლომატიით გაგრძელებული და რუსეთის იმპერიასთან ბრძოლით დამთავრებული, ყველაფერი ჩვენს დასავლური კულტურისკენ სწაფვაზე მეტყველებს. დავაკვირდეთ ჩვენს კულტურას, როგორი არაერთგვაროვანია იგი, მინიმუმ 4 განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მქონე კუთხე საქართველოს ნაწილად მიიჩნევს თავს. სწორედ ეს არის ევროპელობა-არაერთგვაროვანი მშვიდობიანად თანამცხოვრები საზოგადოება. იმაზე მსჟელობა, რომ ჩვენ ტერიტორიულად მთლიანად არ ვეკუთვნით ევროპას და ვართ გასაყარზე, ჩემი აზრით, არაფრის მომცემია. ტერიტორია მეორეხასისხოვანია მთავარი კი-ფასეულობები და ღირებულებებია. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას აქვს ურთულესი გზა გასავლელი სრულფასოვან ევროპელობამდე, მთავარია, ჩვენში ყოველთვის იყო ამის სურვილი და დღესაც ვხედავთ, როგორ მივისწრაფვით პატარ-პატარა ნაბიჯებით ამ მიზნისაკენ. იმაზე არ ვდაობთ, რომ ევროპის ნაწილი ვართ. ყურადღებას გავამახვილებ იმაზე თუ რა გვიშლის ხელს, რა ნაკლი გვაქ. პირველ რიგში, საქართველოში ძალიან სუსტად ან საერთოდ არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. ადამიანებს ისევ ეშინიათ განსხვავებულის, სიახლეების "სტარტაპების". რა თქმა უნდა, ისტორია და კულტურა არის ის, რაც ნიშნავს ჩვენს ევროპელობას, თუმცა, ჩემი აზრით, ფრაზა-"შევცვალოთ, რათა შევინარჩუნოთ"-არ ეწინააღმდეგება ჩვენს იდეალებს. უნდა შევცვალოთ, რაც ცუდია, მარტივად მივიღოთ, შევითვისოთ ახალი, არ გვეშინოდეს იმის, რომ თითქოსდა დასავლური კულტურა გარყვნის ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი კულტურაც ხომ დასავლურია, თუ დავფიქრდებით ამაზე აღმოვაჩენთ, რომ უამრავი მსგავსებაა ჩვენსა და "დასავლეთს" შორის, უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ ვართ "დასავლეთის" განუყოფელი ნაწილი. ჩემთვის ევროპა ყოველთვის ასოცირდებოდა დიდ ბრიტანეთთან, ქვეყანასთან, რომელშიც მშვიდად ერწყმის ერთმანეთს წარსული, აწმყო და მომავალი, ისტორია და თანამედროვეობა, ტრადიციები და სიახლეები. ბრიტანელები არ ივიწყებენ ძველს, თუმცა, ქმნიან ახალს. ამ წუთში პარალელს გავავლებდი სუხიშვილების ანსამბლთან, ისინი ქმნიან ახალს ძველზე დაყრდნობით, ძველის პატივისცემით. სამწუხაროა, რომ დღეს წინსვლასთან ერთად ჩვენი ქვეყანა უკანაც იხევს. როდესაც იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით თუ განსხვავებული ორიენტაციის გამო, რა თქმა უნდა, რთულია, ვისაუბროთ ჩვენს ევროპელობაზე. ასოცირების ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ქართველს. არ მინდა ვისაუბრო ჩვენთვის მტკივნეულ თემებზე და მხოლოდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ერთად და ჩვენ ცალ-ცალკე შევცვლით ცხოვრების წესსა და დავამსხვრევთ სტერეოტიპებს. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქართველო არის ევროპა და ქართველი-მაშასადამე ევროპელია. ჩვენ, ჩვენი წარსულით, ჩვენი წინაპრების განვლილი გზით უნდა ვიამაყოთ, ისტორია და კულტურა დავიცვათ და შევქმნათ ახალი, ღირებული. ევროპა ახლოსაა, მთავარია, ჩვენ არ დავშორდეთ მას! ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს ვარაუდი, ქართველებმა თავაწეულებმა მივიჩნიოთ თავი დასავლური კულტურის, ევროპული ოჯახის ნაწილად. 487 3-ს მოსწონს 1-ს არა
|