x
გლობალიზაცია – „პრობლემა“ თანამედროვე მსოფლიოში
image ტერმინი „გლობალიზაცია“ ინგლისურ სიტყვა „Globe”–ს
უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო „Global”
მსოფლიოს, გლობალურს. ტერმინის წარმოშობა უკავშირდება ამერიკელი სოციოლოგის, რ. რობერტსონის სახელს, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა.
გამოყოფენ გლობალიზაციის 4 სახეს, რომელთა რაობის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღევანდელი მსოფლიო უპრეცედენტო სისწრაფით მიილტვის ინტეგრაციისაკენ, რასაც თავის მხრივ მოჰყვება უკმაყოფილება საზოგადოების ნაწილის მხრიდან. გლობალიზაციის სახეებია: ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გლობალიზაცია. ამ შემთხვევაში ყურადღებას კულტურულ გლობალიზაციაზე გავამახვილებ.

კულტურული გლობალიზაცია, მიზნად ისახავს რელიგიური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლასა და ერთსახოვანი, გლობალური კულტურის ფორმირებას. ის დასავლური სამყაროს პირმშოა და მასთან დაკავშირებული პროცესები მომდინარეობს თანამედროვე მსოფლიოს ძლიერი მეტროპოლიებიდან, სხვებზე ძლიერი, ე.წ. ცენტრი სახელმწიფოებიდან, და კულტურის უმსხვილესი ცენტრებიდან. ესენია ახალი „კულტურული იმპერიები“. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გლობალური კულტურა და იდეები ყოველთვის წინააღმდეგობაშია და შეუთავსებადია სახელმწიფოს ძალისმიერ პოლიტიკასა და, რაც მთავარია, თითოეული ქვეყნის (ერის) კულტურულ მახასიათებლებთან.

მაგრამ, გლობალიზაციის ერაშიც არის შესაძლებელი კულტურული
თვითმყოფადობისა და ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, თუმცა ეს ყველაფერი ერის სიძლიერესა და ინტერესებზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რამდენადაა ერი შეკრული და გაერთიანებული, რამდენად ძლიერია, ღრმაა მათი კულტურული, ისტორიული წარსული, რამდენად ფასეულია ეს ტრადიციები, რამდენად მიიღებს მათი კულტურა გარედან შემოსულ გლობალურ გარდაქმნებს.

გლობალიზმს აიგივებენ ამერიკანიზაციასთან, ასევე გამოიყენება
ტერმინი ვესტერნიზაცია, რაც გულისხმობს დანარჩენ სამყაროზე დასავლური კულტურის თავზე მოხვევას. გლობალიზაციის ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეებზეც გავამახვილოთ ყურადღება, ნეგატიურ მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის შესუსტება და გაერთსახოვნება, თუმცა ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, არც გლობალიზაციაა გამონაკლისი, იგი ხელს უწყობს ინტეგრაციის გზით ერებსა და სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვ. კავშირების გაღრმავებასა და განმტკიცებას. რაც შემდგომში ისეთი განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას განაპირობებს, რომლებიც მარტო ვერ გააღწევდნენ მსოფლიო ასპარეზზე.


ინტეგრაცია ვახსენე და ამ სიტყვის განმარტებასაც შემოგთავაზებთ,
სამოქალაქო განათლების ლექსიკონზე დაყრდნობით: „სახელმწიფოთა გაერთიანების პროცესი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის მიზნით. ინტეგრაცია ნებაყოფლობითი პროცესია და კონსენსუსს
(შეთანხმებას, ერთსულოვნებას) ემყარება. ინტეგრაციის პროცესის წარმატებისათვის აუცილებელია უსაფრთხოების, თანამეგობრობისა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების არსებობა.“

გლობალიზაციის პროცესმა, უფრო სწორად კი მისმა ნეგატიურმა
შედეგებმა წარმოშვა აქტიური ანტიგლობალისტური მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ერთი გლობალური სამყაროს არსებობას და მის განვითარებას, „ არ არსებობს ორი მსგავსი კულტურის მატარებელი ერი. ამდენად, ერთიანი კულტურის დამკვიდრება მსოფლიოში უტოპიური და არარეალურია.“

იმისათვის რომ ამა თუ იმ ერმა დაიმკვიდროს ადგილი თანამედროვე
მსოფლიოში, მას მოგვარებული უნდა ჰქონდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური უთანხმოებები, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რომელიმე ერს გაუჩნდეს ნამდვილი შანსი ინტერნაციონალური ურთიერთობების დამყარებისა. მაგრამ, როგორც კი იწყება ნაციონალურსა და ინტერნაციონალურს შორის ანტაგონიზმი, ხდება იმპერიალიზმის წარმოშობა, რაც გულისხმობს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს ჩაგვრას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გლობალიზაცია ხშირად კულტურულ იმპერიალიზმადაც იწოდება, ხოლო კულტურა განხილურია ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით– პოლიტიკა, ეროვნული იდენტობა, ყოფითი სპეციფიკა, ტრადიციული ფასეულობები და ა.შ.

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, ყველა ერი ეძებს თავისუფლებას, რათა თავად იყოს თავის თავის უფროსი, თავად მოახერხოს განვითარება და იპოვოს გზა მსოფლიოში დასამკვიდრებლად. გლობალიზაცია კი შეუქცევადი პროცესია, რომელიც თავის გზაზე შესაძლოა მართლაც ანადგურებს ერის ინდივიდუალიზმსა და ნაციონალიზმს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა, იქნება ძლიერი საკუთარი ტრადიციებით, კულტურით ისტორიითა და შიდასახელმწიფოებრივი მდგომარეობით, შესაძლებელია გლობალიზაციას ფეხი ავუწყოთ ისე, რომ არ დავკარგოთ ინდივიდუალიზმი, არამედ დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიო არენაზე და მეტიც, ჩვენი კულტურა ვაქციოთ გლობალურ
კულტურად და არა პირიქით.

27 ივლისი, 2014 წელი

1
4326
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
4326
  
2014, 11 აგვისტო, 13:12
ძირს გლობალიზაცია...
0 1 1