ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად ვერ იტყვი, რომელი სჯობია – კონტაქტური ლინზები თუ სათვალე,
მაგრამ ერთი რამ უდავოა: კონტაქტური ლინზები გაცილებით მოხერხებულია.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სათვალე ყველას როდი უხდება!
თუ
მხედველობას უჩივი და ოფთალმოლოგი გარწმუნებს, რომ კონტაქტური ლინზები
გჭირდება, ის დროა, თვალები ფართოდ გაახილო და ნამცეცა საგანი თვალის
ლორწოვან გარსზე მოირგო.
ლინზა თვალში ჩაიცურე, მაგრამ ვერ ეგუები? დროს ნუ
დაკარგავ, შეიცვალე! მცდარია წარმოდგენა, თითქოს ლინზებს თანდათანობით უნდა
შეეგუო. დაიხსომე: 15 წუთიც კი საკმარისია, რომ მიხვდე, საშენოა თუ არა
ისინი.
ლინზების შერჩევა მეტად საპასუხისმგებლო პროცედურაა, რომელიც
აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს. სხვაგვარად,
დისკომფორტს რომ თავი დავანებოთ, შესაძლოა კერატიტი (რქოვანას ანთება)
ჩამოგიყალიბდეს. იგივე შეიძლება დაგემართოს, თუ ლინზებს საჭიროზე მეტხანს
ატარებ.
რაკი ლინზების ვარგისობის (უტილიზაციის) ვადაზე ჩამოვარდა
ლაპარაკი, გეტყვი, რომ პირველი ლინზა ერთწლიანი იყო. შემდეგ უფრო უკეთესი
ხარისხისა და მოკლევადიანები გამოიგონეს. დღესდღეობით შეგიძლია შეიძინო
ნახევარწლიანი, რამდენიმეთვიანი, ერთთვიანი, ორკვირიანი და ერთდღიანი
ლინზები. ის კი არა, თვალის ექიმები ირწმუნებიან, რომ ახლო მომავალში
ყველა, ვისაც მხედველობის კორექცია დასჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთდღიან
ლინზებს გამოიყენებს. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. აი,
მაგალითად:
. ერთდღიან ლინზებს ყველაზე მგრძნობიარე თვალიც კი იოლად ეგუება, რადგან ისინი კარგად ატარებს ჟანგბადს.
.
მათ განსაკუთრებული მოვლა და საღამოობით სპეციალურ სითხეში მოთავსება არ
სჭირდება. მოხერხებულია მგზავრობის დროსაც – მათი შესანახი კონტეინერისა და
სასტერილიზაციო სითხის თან წაღება აღარ მოგიწევს.
. ერთდღიანი ლინზები
მისწრებაა მათთვის, ვინც ეს-ესაა მათი მოხმარება დაიწყო: გამოუცდელმა
ადამიანმა მორგებისას ლინზა შეიძლება დააზიანოს. დასანანია, როდესაც
ექვსთვიანი ლინზა ზიანდება, თორემ როდესაც საქმე ერთდღიანს ეხება, პრობლემა
ფაქტობრივად არ არსებობს: გაიხა? აიღე ახალი და ხელახლა მოირგე!
ალბათ
გსმენია, რომ ლინზები ორგვარია: მყარი და რბილი. ამჟამად უპირატესობას
მეორეს ანიჭებენ, თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, გათანამედროვეებული
მყარი ლინზები არანაკლებ ეფექტური და მოხერხებულიაო. ნებისმიერ
შემთხვევაში, მათი შერჩევისას ექიმის რეკომენდაცია გაითვალისწინე.
თუ ლინზების ტარება გადაწყვიტე, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას ჩვენც მოგცემთ:
. არასდროს მოირგო სხვისი ლინზები.
.
თუკი ლინზის სასტერილიზაციო სითხეში ჩადება დაგავიწყდა და გამოგიშრა,
გადააგდე. სინოტივის აღდგენას ნუღარ ეცდები – ლინზა უკვე უვარგისია.
. ნებისმიერი აეროზოლის (სუნამოს, დეზოდორის) გამოყენებისას თვალები დახუჭე.
. ლინზების ტარებისას არ არის რეკომენდებული კვამლით გაჟღენთილ, მტვრიან შენობაში ხანგრძლივად ყოფნა.
. ლინზები უმჯობესია მაკიაჟის წასმამდე მოირგო.
. ლინზების შესანახი კონტეინერი მუდამ სუფთა უნდა იყოს. სასურველია, ის წელიწადში 3-4-ჯერ მაინც გამოცვალო