x
როგორ ცვლის ციფრული ერა ჩვენს აზროვნებას
imageმობილური ტელეფონი, კომპიუტერი და აიპოდი დღესდღეობით ათასობით მოსწავლის, მშობლის, სკოლის თუ ოფისის ძირითად სამუშაო თუ გასართობ იარაღად იქცა. ბავშვები 5 წლის ასაკიდან დღეში მინიმუმ 6 საათს ატარებენ კომპიუტერის ეკრანთან.

შეიცვალა ჩვენი კომუნიკაციის კულტურაც, დღითიდღე უფრო
მეტს ვკონტაქტობთ ტექსტური შეტყობინებებით ვიდრე პირისპირ, გვყავს ათასზე მეტი „ონლაინ–მეგობარი“, თუმცა, შეიძლება არ ვიცნობდეთ გვერდით მცხოვრებ ადამიანს და პირველ წყაროდ ინფორმაციის მოსაპოვებლად იქცა Google. ეჭვგარეშეა, ციფრული ერა ცვლის ჩვენს აზროვნებას, სხვანაირად აღვიქვამთ ფაქტებს, სხვა სურვილები და მოლოდინები გვაქვს მომავლისგან, მაგრამ შეუძლია ისეთ უწყინარ მანქანას როგორიცაა კომპიუტერი, შეცვალოს ადამიანის ქცევა და აზროვნება? ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აინტერესებს მრავალ მეცნიერს, მათ შორის კი მათ ვინც თავის ტვინის ფსიქოლოგიას შეისწავლის, ისინი ფიქრობენ, რომ ციფრული ერა შეიძლება ცვლიდეს არა მხოლოდ აზროვნებას, არამედ ჩვენს ტვინსაც კი.

ინოვაციური ნეირომეცნიერი მაიკლ მერზენიკი (Michael Merzenich), რომელმაც ექსპერიმენტების საშუალებით აღმოაჩინა, რომ ადამიანის ტვინი არის „პლასტიკური“, ამტკიცებს რომ, თავის ტვინი რეაგირებს ყველანაირ სტიმულზე თუ გამოცდილებაზე და ჩვენი აზროვნება ყალიბდება იმის მიხედვით თუ რა სახის ტექნიკას მოვიხმართ ყოველდღიურად. მისი აზრით, ინტერნეტს აქვს ძალა, რომელსაც თავის ტვინის ფუნდამენტურ ცვლილებამდე მივყავართ, ჩვენ იმდენად ვართ ინტერნეტდამოკიდებულები, რომ ე.წ. სწრაფი პასუხის კულტურაც განგვივითარდა.

მეტიც, ჩვენი ურთიერთობებიც კი კარგავს პირვანდელ სახეს, გლობალურად ვართ დაკავშირებულნი ერთმანეთთან თუმცა, ჩვენი ადგილობრივი კავშირები დღითიდღე უფრო ეფემერული და მოჩვენებითი ხდება. ყალიბდება საზოგადოება, რომელიც ერთმანეთთან მუდმივ კავშირშია ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ ამავდროულად არის სულსწრაფი, შეუწყნარებელი და რეალობისგან
იზოლირებული. საზოგადოება რომელსაც აქვს მილიონობით შეკითხვა, თუმცა არც ერთი კარგი პასუხი.


უნდა აღინიშნოს, რომ ვართ ზღვარზე კიდევ ერთი რევოლუციის, ახლო მომავალში ადამიანს მოუწევს, შეეჯიბროს „ჭკვიან მანქანებს“ სამსახურის შესანარჩუნებლად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სიყვარულშიც კი. იქმნება რობოტები, რომლებიც იმაზე სწრაფად აკეთებენ საქმეს ვიდრე ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ როგორც ადამიანები და რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა იყვნენ იმაზე წარმატებულები ვიდრე ნებისმიერი ადამიანი.

ის რაც ადრე წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, ყოველდღიურ ცხოვრების წესად იქცა, ასე მაგალითად, როდესაც ვხვდებით მეგობრებს, დიდი შანსია, რომ ჩვენი საუბარი ჩაანაცვლოს Apple–ის ან Blackbarrie- ის თამაშებმა, რაც უბრალო კომუნიკაციის საშუალებასაც კი არ გვაძლევს. თუ დავუფიქრდებით მივხვდებით, რომ ვცხოვრობთ იმაზე სწრაფად ვიდრე წარმოგვიდგენია, მივეჩვიეთ ინფორმაციის წამებში მიღებას და ცხოვრების აჩქარებულ ტემპს, რაც გვართმევს საშუალებას შევიცნოთ სამყარო უფრო დაწვრილებით.

უნდა მივხვდეთ, რომ ყველანაირი ინფორმაცია, რომელსაც დაუფიქრებლად ვიღებთ არ არის გამოსადექი, და რაც ყველაზე მთავარია, ფიქრს უნდა შევეჩვიოთ.

ორიოდე სიტყვა დღევანდელ თინეიჯერებზეც, უფრო სწორად ე.წ. სქრინეიჯერებზე (Screenagers). ამ ტერმინის პოპულარიზაციას უნდა ვუმადლოდეთ ჟურნალისტს და მწერალს დენ ბლუმს (Dan Bloom), რომელმაც ეკრანზე კითხვის კულტურის განვითარებასთან ერთად, გადაწყვიტა თინეიჯერების ეს მოქმედება ერთი სიტყვით გამოეხატა და XXI საუკუნის თინეიჯერებს სქრინეიჯერები უწოდა. თინეიჯერები იღვიძებენ მობილურ ტელეფონში დაყენებული მაღვიძარით და ამავე ტელეფონით ამოწმებენ უახლეს ინფორმაციას, საწოლიდან წამოდგომის გარეშე, ამის შემდეგ კი მთელ დღეს ატარებენ ერთი ეკრანიდან მეორეზე კითხვით, თამაშით და ა.შ.

დენ ბლუმის განცხადებით სქრინეიჯერები იყენებენ კომპიუტერულ ტექნიკას არგუმენტების თუ პირობის მისაცემად, ყველაფერთან ერთად კი, ვირტუალური ცხოვრება სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება მათთვის, საზოგადოებას არ სურს მისი რეალობით შეცვლა, ახალი თაობა თვლის რომ თუ რაღაც ისე არ მიდის როგორც უნდა იყოს, მაუსის ღილაკზე თითის ერთი მოძრაობით ყველაფერი გამოსწორდება, ის კი არ ესმით რომ სქრინეიჯერების ტვინი ნამდვილად ჰიპერაქტიურია, მაგრამ მათი ცოდნა და აზროვნება ზერელე.

სქრინეიჯერების პირადი ურთიერთობებიც ძალიან საინტერესოა, უნდათ შეწვიტონ ურთიერთობა მეგობარ ბიჭთან? უბრალოდ განაახლებენ Facebook-ის სტატუსს „In a relationship“- დან “Single“-ზე. ხოლო თუ მასთან საუბარს გადაწყვეტენ გაუგზავნიან ტექსტურ შეტყობინებას და პრობლემაც მოხსნილია. ერთი სიტყვით,
როდესაც ვინმესთან საუბარი სურთ, სულაც არ არის აუცილებელი მას პირისპირ შეხვდნენ, ყველაფერი გაცილებით მარტივია.

Facebook, Twitter, Instagram, როგორც სოციალური ქსელები
ქმნიან ვირტუალურ „მეორე ცხოვრებას“, რასაც სქრინეიჯერები დროის გასაყვანად და გასართობად იყენებენ, უკავშირდებიან ერთმანეთს პლანეტის ერთი ბოლოდან მეორეში და ქმნიან ერთ გლობალურ ქსელს, რომელიც მათ თითქოს მარტო ყოფნის საშუალებას არ აძლევთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტ–დამოკიდებულება, როგორც ასეთი, ჯერჯერობით, არ არის, მედიცინის მიერ დამტკიცებული როგორც ავადმყოფობა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია, ჩვენ თვალწინ ყალიბდება ახალი ერა ე.წ. ონლაინ კულტურით.საბოლოოდ კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ XXI საუკუნეს მოაქვს რაღაც ახალი, რაც მთლიანად შეცვლის სამყაროს ახლო მომავალში.



23 ივლისი. 2014 წელი


0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0