საზოგადოებრივი ისტორია და წელთაღრიცხვა 2014, 22 ივლისი, 15:25 ძველად სხვადასხვა ხალხი ისტორიულ ერათა დაწყებას მეფეთა ზეობებს, მიწისძვრებს, ოლიმპიურ თამაშებს, რელიგიურ თქმულებებს და სხვა მოვლენებს უკავშირებდა.
როგორც ვიცით, დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ქრისტიანული წელთაღრიცხვა. მისი შემოღება უკავშრდება დიონისე მცირეს (რომაელი ბერი) სახელს, რომლის მოღვაწეობამდე დროის აღრიცხვისთვის გამოიყენებოდა ე.წ. "დიოკლიტიანეს ერა", რაც ქრისტიანებისთვის მიუღებლად და მკრეხელობად ითვლებოდა (დიოკლიტიანე გამოირჩეოდა ქრისტიანთა მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით). დიონისე მცირემ პირველად იხმარა ტერმინი "წლები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი" და ეს მოვლენა "ახალი ერის" საწყისად აქცია. ეს ცვლილება ქრისტიანული სამყაროსთვის მისაღები აღმოჩნდა და 742 წლიდან ეს უკვე თარიღის აღსანიშნად გამოიყენება. მოგვიანებით "ახალ ერას" სხვაგვარადაც მოიხსენიებენ: "ჩვენი წელთაღრიცხვა", "ქრისტეს აქეთ", "ახალი წელთაღრიცხვა". ბუნებრივია, აუცილებელი გახდა ქრისტეს შობამდელი დროის აღრიცხვაც. შეიქმნა ახალი ტერმინები" "ქრისტეშობამდე", "ჩვენს წელთაღრიცხვამდე", "ძველი წელთაღრიცხვით" და "ძველი ერა". "დასაბამითგან" - ასე უწოდებდნენ საქართველოში წელთა აღრიცხვის სამყაროს შექმნიდან. ამ სისტემის მიხედვით სამყარო ქრისტეს დაბადებამდე 5604 წელს უნდა შექმნილიყო. ქართულ წყაროებში ისტორიულ მოვლენებს "ქორონიკონითაც" ათარიღებდნენ. მეცნიერები თვლიან, რომ წელთაღრიცხვის ეს სისტემა უცხოეთიდან უნდა შემოსულიყო და ჩვენში ძირითადად VIII-XVIII საუკუნეებში გამოიყენებოდა. ქორონიკონით დათარიღება "დასაბამითგან" იწყება და ათვლის ერთეულად "მოქცევა" ითვლება. ერთი მოქცევა 532 წელს მოიცავს ( ის მიიღება მთვარის 19-წლიანი და მზის 28-წლიანი ციკლების ნამრავლით). ასე მაგალითად, თუ XII მოქცევა იწყება 780 წელს, მაშინ XIII მოქცევა დაიწყება 1312 წელს ( 780+532), ხოლო XIV - 1844 წელს (1312+532). თუ გვსურს "ქორონიკონის" სისტემის თანამედროვე წელთაღრციხვაზე გადაყვანა, თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რომელ მოქცევაშია ესა თუ ისე მოვლენა და წყაროში მოცემულ თარიღს მივუმატოთ მოქცევის საწყისი თარიღი. შედეგად მივიღებთ ჩვენთვის სასურველ წელს. მაგალითად, XII მოქცევის 30-ე წელი, ქრისტიანული წელთაღრიცხვით უდრის 810 წელს (780+30=810). ხშირ შემთხვევაში დათარიღების ციფრის მაგივრად მისი შესატყვისი ასო გამოიყენებოდა. პირველად ასეთი დათარიღება გვხვდება XI ს-ის ისტორიკოსის - სუმბატ დავითის ძის თხზულებაში "ცხოვრება და უწყება ბაგრატიონათა". ქრისტიანული კალენდრის გარდა მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული მაჰმადიანური წელთაღრიცხვის სისტემა "ჰიჯრა" (არაბულად "გადასახლება"). ჰიჯრა უკავშირდება ისლამის ფუძემდებლის - მუჰამედის მექადან ( სადაც კერპთმსახურების მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა) მედინაში გადასახლებას. ეს მოვლენა სავარაუდოდ 622 წელს უნდა მომხდარიყო. ჰიჯრამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ისლამის ფორმირებასა და გავრცელებაში. ის გახდა საფუძველი ისლამური წელთაღრიცხვისა, რომელიც ხალიფა ომარმა 638 წელს შემოიღო. არსებობს მთვარისა და მზისმიერი ჰიჯრის კალენდარი, რომელიც მთვარისა და მზის ფაზების მონაცხვლეობას ემყარება. ათვლა ორივე შემთხვევაში 622 წლიდან ხდება, თუმცა არის განსხვავებაც: მთვარის 33-წლიანი ციკლი დაახლოებით მზის 32-წლიანი ციკლის თანაბარია. იმისათვის, რომ ჰიჯრის სისტემით მოცემული თარიღი ქრისტიანული წელთაღრიცხვის სისტემაზე გადავიყვანოთ, საჭიროა ჰიჯრის თარიღი გავამრავლოთ 0.97-ზე (მზისა და მთვარის ციკლების თანაფარდობა) და მიღებულ რიცხვს მივუმატოთ 622 (ჰიჯრის წელთაღრიცხვის ათვლის თარიღი). მაგალითად, ჰიჯრით მოცემული თარიღი, ვთქვათ, 881 წელი, გადავიყვანოთ ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე: 881*0.97+622=1476 როგორვ ვხედავთ, ჰიჯრით 881 წელს დათარიღებული მოვლენა ქრისტიანული წელთაღრიცხვით 1476 წელს განვითარებულა. წელთაღრიცხვის ამ სესტემას საქართველოს ისტორიისიის შესწავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს შესახებ ცნობები ისლამურ წყაროებში ჰიჯრით არის დათარიღებული. "ინდიქტიონი" - ასეთი სახელითაა ცნობილი დათარიღების ერთ-ერთი ვარიანტი. ის, ძირითადად, მეფეთა და წარჩინებულთა მიერ გაცემულ საბუთებში გვხვდება. ერთეულ შემთხვევებში მას მემატიანეებიც იყენებდნენ. დათარიღებისას ინდიქტიონი აღნიშნავს დროს გვირგვინოსნის ტახტზე ასვლიდან. იმისათვის, რომ ინდიქტიონით აღნიშნული თარიღი ქრისტიანულ წელთაღრიცხვაზე გადავიყვანოთ, იმ პირის ტახტზე ასვლის წელს, რომლის ინდიქტიონითაც არის მოვლენა დათარიღებული, ვუმატებთ ინდიქტიონით მოცემულ რიცხვს. ასე მივიღებთ ჩვენთვის საინტერესო თარიღს. 3070 1-ს მოსწონს
|