x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ევროპეიზმი -დაბრუნება მშობლიურ სივრცეში
“ევროპელობა„ აზროვნების ფასეულობებისა და ღირებულებათა ერთობლიობაა, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მოწყობასა და მასში დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებში გამოიხატება, ამასთანავე “ევროპელობა„ დიდი გზაა, რომელიც თავად ევროპაში გეოგრაფიულად მდებარე სახელმწიფოებმა განვლეს, რათა იმისთვის მიეღწიათ სადაც დღეს არიან. ევროპული მახასიათებლები იმთავითვე ასოცირდება კანონის უზენაესობასთან, განათლების პრიორიტეტულობის აღიარებასთან, ადამიანის უფლებათა პატივისცემასთან, ეთნიკურ და რელიგიურ ტოლერანტობასთან, ცოდნაზე დაფუძვნებულ შრომასთან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის სიძლიერესთნ. აქ თავისუფლება გაგებულია, როგორც ადამიანისა და სოციუმის უმაღლესი მისწრაფება და თითქმის სრულყოფილადაა გამომუშავებული პიროვნებისა და საზოგადოების საერთო თანაცხოვრების უნარი. ევროპული ღირებულებებისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დიდია, ისევე, როგორც სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ვიყოთ ევროპული ცხოვრების სრულფასოვანი ნაწილი. ქართველი ერის ამგვარი არჩევანი განაპირობა ჩვენმა სიახლოვემ ევროპასთან, როგორც რელიგიის ასევე კულტურის მხრივ, ხოლო ეს არჩევანი უკვე საუკუნეებს ითვლის.

ტერმინი “ევროპეიზმი„ საქართველოში 1850 -იანი წლებიდან დამკვიდრდა.ხოლო, რაც შეეხება თვითონ ტერმინის შინაარსს, “ევროპეიზმი „, ნიცშეს განმარტებით, გულისხმობს არა ყველა ხალხს, არამედ მხოლოდ მათ ვისაც აქვს ერთიანი წარსული ბერძნული და რომაული კულტურის, ბიბლიისა და ქრისტიანობის სახით.თუ მის განმარტებას გავითვალისწინებთ და შევუსაბამებთ საქართველოს ისტორიას ადვილად შევამჩნევთ, რომ მართლაც გვაქვს საფუძველი ვიწოდებოდეთ ევროპელებად.პირველ რიგში, გავიხსენოთ არგონავტების მოგზაურობა საქართველოში, გამოდის რომ პირველი “შეხვედრა„ ევროპასთან თავად მათი ინიციატივით მოხდა.წარსულში არგონავტები მოიხიბლნენ ოქროს მოპოვების საიდუმლო ტექნოლოგიებით, ახლა კი საქართველო ეძებს ევროპაში ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლის რეცეპტს.ჩვენს სიახლოვეს რომაულ და ძველ ბერძნულ კულტურასთან ცხადყოფს გელათის აკადემიის დაარსებაც, რომელიც იმთავითვე იწოდებოდა “მეორე იერუსალიმად და სხვა ათენად„ . ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე საქართველო გადაიქცა აღმოსავლეთ-დასავლეთის გამაერთიანებელ ძირითად არტერიად, ძირითად გზად და დერეფნად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.ამ ფუნქციას, როგორც ცნობილია, ასრულებდა „დიდი აბრეშუმის გზა“, რომლითაც სხვა საქონელთან და ნაწარმთან ერთად აღმოსავლეთიდან დასავლეთში შედიოდა უპირატესად ჩინური აბრეშუმი.სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი გზა გადიოდა საქართველოზე.

აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნის სიახლოვე ბიზანტიასთან, რომელიც აღმოსავლეთ რომის იმპერიად იწოდებოდა. სწორედ აქედან ვღებულობდით ცოდნას და რელიგიური სიახლოვეც დიდად გვეხმარებოდა ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.ამიტომაც, როცა მეთხუთმეტე საუკუნეში კონსტანტინოპოლი დაემხო, საქართველო მოექცა მისდამი მტრულად განწყობილი ისლამური ქვეყნების გარემოცვაში, ფაქტობრივად ალყაში.სამწუხაროდ, ამან განაპირობა ჩვენი მოწყვეტა, დაშორება ევროპულ სამყაროსთან.ამ დროიდან ქართული პოლიტიკური აზრი დაბეჯითებით ეძებს ევროპულ ორბიტაზე დასაბრუნებელ გზებს, კარგი მაგალითია ქართველ დიპლომატთა ელჩობები ევროპაში, მაგ : სულხან-საბას საფრანგეთში ვიზიტი.ცნობილია, რომ მეთვრამეტე საუკუნის დასარულს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის მომხრეთა ერთ-ერთი არგუმენტი რუსეთის საშუალებით ევროპულ სამყაროში გაღწევაც იყო. მაგრამ ჩვენი ქვეყნის დაბყრობის შემდეგ რუსეთმა მოინდომა საქართველოში ევროპეიზმის ერთადერთ წყაროდ მის მიერ თავსმოხვეული კულტურა გადაექცია, რაც, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავდა ჩვენში ასიმილაციური - რუსიფიკატორული, პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელებას.სამწუხაროდ, რუსეთთან ჩვენმა ურთიერთობამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ გეგმა “რუსეთის გზით ევროპასთან„ არ ამართლებს.

ჩვენი განვითარების, თვითდამკვიდრების ერთადერთი სივრცე არის ევროპა და ამას ჩვენი ისტორია, რელიგია, ეროვნული მახასიათებლები და კულტურა გვიდასტურებს. მამათა და შვილთა ბრძოლის პერიოდშიც ერთადერთი, რაზეც ეს ორი დაპირისპირებული მხარე თანხმდებოდა იყო ევროპისკენ სწრაფვა.ასე რომ საქართველოსთვის იყო და დარჩება პრიორიტეტულ საერთაშორისო-საინტეგრაციო სივრცედ დასავლური ევრო-ატლანტიკური სივრცე.


ჩვენთვის ევროპეიზმი უნდა იყოს არა ორიენტაციის , ვექტორის საკითხი, არამედ საქართველოს განვითარების ბუნებრივი გზა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქართული კულტურის დაბრუნება მშობლიურ წიაღში, მშობლიურ სააზროვნო და სამოქმედო სივრცეში, რადგანაც ქართული კულტურა ტიპოლოგიურად იმთავითვე ევროპული ბუნებისაა.შესაბამისად, ევროპეიზმი ჩვენთვის უნდა იყოს არა მხოლოდ პროგრესისათვის საჭირო, სარგებლიანი და ოპტიმალური გზა, არამედ ისტორიული სამართლიანობისა და განვითარების ბუნებრივი გზის აღდგენაც. ამ გზაზე საქართველომ სულ ცოტა ხნის წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რაც თავისთავად განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და ხელს შეუწყობს მისი ინტეგრირების დაჩქარებას.

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა ლატარია
ლელა ლატარია
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0