სხვა სპორტსმენების ყველაზე ცნობილი და მწვავე დაპირისპირებები 2014, 28 ივნისი, 22:22 სპორტის არსი-ბრძოლა და დაპირისპირებაა. იმისათვის, რომ საუკეთესო გახდე, ბევრი შრომა და დასახული მიზნის მისაღწევად უამრავი წინააღმდეგობის გადალახვაა საჭირო: ტკივილი და გაუსაძლისი დაღლილობა ბევრი ვარჯიშისაგან, ტრავმები, რომელთა მოსაშუშებლად ხანდახან დღები კი არა, თვეები და წლებია საჭირო. თუ ათლეტი უმკლავდება ამ წინაღობებს, ის ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ხდება. მაგრამ ხდება ისე, რომ ძლიერზე ძლიერი მუდამ გამოჩნდება და მაშინ სპორტსმენებს შორის თავს იჩენს დაპირისპირებულობა და იწყება ბრძოლა ამ ორი უდიდეს ათლეტს შორის, რომელთაგან ორივე იმსახურებს ჩემპიონობას. სწორედ ესაა ის, რისთვისაც ჩვენ ასე გვიყვარს სპორტი და რაც ჟინითა და აზარტით გვავსებს.
ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე პოპულარული სპორტსმენების ყველაზე ცნობილი აზარტული დაპირისპირებები.
ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ არგენტინელ და პორტუგალიელ ფეხბურთელებს შორის არსებული დაპირისპირება-დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საფეხბურთო სამყაროში. პირველ რიგში, მათი დაპირისპირება გამოწვეულია კლუბებს შორის ბრძოლით, რომლებშიც ისინი თამაშობენ: რონალდუ თამაშობს მადრიდის "რეალში", ხოლო მესი- "ბარსელონაში". ამ კლუბებს შორის ბრძოლა დიდი ხანია გასცდა ფეხბურთის საზღვრებს. ასე რომ "რეალი" და "ბარსა" ( განსაკუთრებით მათი ფანატები) ნამდვილ მტრებს წარმოადგენენ ერთმანეთისათვის. მესი და რონალდუ, რა თქმა უნდა, მტრები არ არიან, მაგრამ მათ მეგობრებსაც ნამდვილად ვერ უწოდებ. უკანასკნელი 6 წელია სწორედ ისინი იყოფენ "ოქროს ბურთს", ჯერჯერობით ანგარიშია 4:2 მესის სასარგებლოდ. როცა 2013 წელს რონალდუს გადაეცა ეს სანუკვარი ჯილდო, მან ცრემლები ვერ შეიკავა, ეს იყო სიხარულის ცრემლები, რომ მან პირად ბრძოლაში სძლია მესის. მუჰამედ ალი ჯო ფრეიზერის წინააღმდეგ თუ ვიტყვით, რომ მუჰამედ ალი ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა, ეს შეცდომა ნამდვილად არ იქნება. ასევე თუ ვიტყვით, რომ ალის ყველაზე პრინციპული და ყველაზე მძიმე მოწინააღმდეგე ჯო ფრეიზერი იყო, ეს უკვე 100%-ით მართალი იქნება. მათ ერთმანეთთან სულ 3 ბრძოლა გამართეს, რომლებიც მსოფლიო კრივის ისტორიაში შევიდა. 1970 წელს ალი დაბრუნდა სპორტში 3-წლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ. ეს დისკვალიფიკაცია მას მისცეს იმის გამო, რომ მუჰამედ ალიმ უარი განაცხადა აშშ-ს არმიაში წასვლაზე, როცა მას ვიეტნამთან ჰქონდა ომი. მან მალევე მოიპოვა უფლება მსოფლიო ჩემპიონს შეხვედროდა რინგზე. ეს ჩემპიონი ფრეიზერი იყო. ჯო გახდა პირველი მოკრივე, ვინც ალის სძლია- მან ქულებით მოიგო ეს შეხვედრა. 1974 წელს უკვე მუჰამედ ალის გამარჯვების ჯერი დადგა. ამჯერად უკვე მან მოუგო ქულებით მსოფლიო ჩემპიონს. გადამწყვეტი ბრძოლა 1975 წელს გაიმართა. შეხვედრა ფილიპინების დედაქალაქში გაიმართა და ის ისტორიაში შევიდა, როგორც "ტრილერი მანილაში" («The Thrilla in Manila»). მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუნდობლად სცემდნენ 14 რაუნდის განმავლობაში. ბოლოს და ბოლოს ჰემატომამ მთლიანად დაფარა ჯოს მარცხენა თვალი და ნახევრად-მარჯვენა. ის მე-15 რაუნდში რინგზე აღარ გამოვიდა. ფრეიზერმა ისედაც იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მის ადამიანურ ძალას აღემატებოდა. როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალის წინაღმდეგ პირველად ფედერერი და ნადალი კორტებზე 2004 წელს შეხვდნენ. როჯერი ამ დროს უკვე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, ხოლო ნადალი-17 წლის ესპანელი დამწყები ჩოგბურთელი, რომელიც მხოლოდ ახლა იკვლევდა მწვერვალებისაკენ მიმავალ გზას. მოხდა სენსაცია და ნადალმა გაიმარჯვა.. სწორედ აქედან დაიწყო მათი დაპირისპირება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ჩოგბურთის ისტორიაში. ამ დაპირისპირებამ სპორტის გულშემატკივრებს უამრავი ლამაზი მატჩი აჩუქა, მაგრამ მათ შორის აღსანიშნავია 2008 წლის უიმბლდონის ტურნირის ფინალი. ის რეკორდულ დროს (4 სთ 48 წუთი) გრძელდებოდა და მხოლოდ დაბინდებისას დასრულდა. ხუთ სეტში გამარჯვება ნადალმა მოიპოვა, რითაც წერტილი დაუსვა ფედერერის ხუთწლიან ბატონობას უიმბლდონზე. ამჟამად შვეიცარიელი სპორტსმენის კარიერა ნელ-ნელა ფინალს უახლოვდება და ესპანელის მთავარი მოწინააღმდეგე უკვე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, თუმცა ვინ იცის, იქნებ კიდევ მრავალჯერ გავხდეთ მოწმე ამ ორი სპორტსმენის უშეღავათო და მძაფრი ბრძოლებისა. შაკილ ონილი კობი ბრაიანტის წინააღმდეგ ეს ორი ცნობილი კალათბურთელი ერთად თამაშობდა გუნდში "ლოს ანჟელეს-ლეიკერსი" 1996-2004 წლებში. მათ სამჯერ მიიყვანეს ეს გუნდი NBA-ის ჩემპიონის ტიტულთან. ონილისა და ბრაიანტის კონფლიქტი ჯერ კიდევ ამ პერიდში დაიწყო, მაგრამ სანამ ლეიკერსი ჩემპიონი იყო, მისი მოგვარება როგორღაც ხერხდებოდა. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როცა ლეიკერსის მოგებების სერია დამთავრდა, ხოლო უკანასკნელი წვეთი იყო 2004 წლის პლეი-ოფის ფინალი, როცა "ლეიკერსმა" "დეტროიტთან" გადამწყვეტ მატჩში წააგო. წაგებაში ძირითად დამნაშავედ ონილს თვლიდნენ და ნათელი გახდა, რომ გუნდს ის დატოვებდა და არა ბრაიანტი, როგორც მანამდე ამბობდნენ. შაკილის წასვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ გუნდმა ხელი მოაწერა ახალა 6-წლიან კონტრაქტს ბრაიანტთან, საკონტრაქტო თანხა 136 მილიონ დოლარს შეადგენდა. შაკილი "მაიამი ჰიტიში" აღმოჩნდა. კალათბურთის ფანატები ისე მოუთმენლად ელოდნენ ამ გუნდის პირველ მატჩს "ლეიკერსთან", როგორც შობას. შეხვედრა მართლაც რომ შობას შედგა-2004 წლის 25 დეკემბერს. დაძაბულ შეხვედრაში გუნდები ფეხდაფეხ მისდევდნენ ერთმანეთს. უკანასკნელ წუთზე ბრაიანტს შეეძლო გამარჯვება მოეტანა გუნდისათვის, მაგრამ ჯარიმა ვერ ჩააგდო და გამარჯვება ონილის გუნდს დარჩა. ამის შემდეგ კონკურენტები დიდ წარმატებებს აღწევდნენ თავიანთ გუნდებში. 2006 წელს ონილმა თავისი გუნდი ჩემპიონი გახადა, ხოლო ბრაიანტმა 2009-2010 წლებში გაახარა "ლეიკერსის" გულშემატკივრები... და მხოლოდ ისინი, ვისაც ახსოვს როგორ აგდებდა ონილი ბურთს კალათში კობის არაჩვეულებრივი გადაცემის შემდეგ, ნაღვლიანად იხსენებდნენ იმ დროს, როცა ეს ორი ბუმბერაზი სპორტსმენი ერთ გუნდში თამაშობდა. მაიკ ტაისონი ევანდერ ჰოლიფილდის წინააღმდეგ ტაისონისა და ჰოლიფილდის დაპირისპირება-ყველაზე სკანდალურია პროფესიონალური კრივის ისტორიაში. იმ ადამიანებმაც კი, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს სპორტი და მხოლოდ ბალეტისა და კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემელია, კარგად იციან, რომ ამ ორი მოკრივიდან ერთ-ერთმა მეორეს ყური მოაჭამა. ბრძოლა ამ სპორტსმენებს შორის ჯერ კიდევ 1990 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გამო ბევრჯერ იქნა გადატანილი. 1996 წლის ნოემბერში, ბოლოს და ბოლოს, ეს ბრძოლა შედგა. ორგანიზატორებმა მას ასე უწოდეს- "უკანასკნელად" («Finally»). ჰოლიფილდი უიმედო აუტსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ ბრძოლის დაწყებისთანავე ნათელი გახდა, რომ ამჯერად "რკინის მაიკს" მოგება არ ეწერა. მე-11 რაუნდში ჰოლიფილდის მიერ ჩატარებული ტექნიკური ნოკაუტის გამო მსაჯებმა ბრძოლა შეწყვიტეს და ის გამარჯვებულად გამოაცხადეს. მატჩი-რევანში 2007 წლის ივნისში შედგა. წააგო რა პირველი ორი რაუნდი, მაიკმა მესამე რაუნდი განსაკუთრებული აგრესიით და ჟინით დაიწყო, ჩააქსოვა რა მასში მთელი ძალა და რისხვა. გამწარებულმა იმით, რომ მოწინააღმდეგე ვერ დაჯაბნა, ერთ-ერთი შეტევის დროს მან ჰოლიფილდს მარჯვენა ყურის ნაწილი მოაჭამა. შეიძლება სიმხეცედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მსაჯებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. ორთაბრძოლა გაგრძელდა და მალე ტაისონმა მოწინააღმდეგის უკვე მარცხენა ყურს გაუსინჯა გემო. ეტყობა, მას ან გემო არ მოეწონა, ან ჰოლიფილდი უკვე ფხიზლად იყო და მარცხენა ყური მარჯვენასთან შედარებით იოლად გადარჩა. მსაჯს ბრძოლა ისევ არ შეუწყვეტია, ეს მისთვის სირცხვილად დარჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. საღმა აზრმა მხოლოდ მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ გაიმარჯვა: ბრძოლა შეაჩერეს. ტაისონს დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო ჰოლიფილდს ისევ დარჩა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ყურის მოწყვეტილი ნაწილი მას მიაკერეს. 2009 წელს ოპრა უინფრის პირდაპირ გადაცემაში ევანდერმა მაიკს აპატია მისი უხეში(რბილად რომ ვთქვათ) საქციელი და ამჯერად ძველი მტრები თითქმის მეგობრებიც კი არიან. 127 8-ს მოსწონს |
კარგი სტატიაა :)