x
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ძირითადი სიმპტომები

ობსესიურ - კომპულსიური აშლილობა წარმოადგენს შფოთვითი
აშლილობების ერთ - ერთ ფორმას.
ობსესია - ეს არის აკვიატებული აზრი, იდეა, იმპულსი
ან მენტალური ხატი, რომელიც იპყრობს პიროვნების ცნობიერებას. ხოლო კომპულსია წარმოადგენს განმეორებად, რიგიდულ ქცევას ან მენტალურ აქტს, რომელსაც პიროვნება მიმართავს შფოთვის შესამცირებლად. აღნიშნული ფსიქიკური აშლილობა ერთიანედება შფოთვით აშლილობებში, რადგან ობსესიები იწვევს ინტენსიურ შფოთვას, ხოლო კომპულსიები ამცირებს მას.

მცირე ობსესიები და კომპულსიები დამახასიათებელია თითქმის
ყველა ადამიანისათვის, მაგრამ როდესაც ისინი მეტისმეტად ინტენსიური, არაგონივრული ხდება, იკავებს დღეში სულ მცირე ერთ საათს, იწვევს დისტრესს და ხელს უშლის პიროვნებას ყოველდღიურ
ცხოვრებაში, DSM IV-ის მიხედვით დიაგნოზი არის ობსესიურ - კომპულსიური აშლილობა.

პიროვნებას, როგორც წესი, გააჩნია კრიტიკა, შეგნებული
აქვს ამგვარი იდეების არარაციონალურობა, მიაჩნია ისინი შემაწუხებლად და ცდილობს იგნორირებას, მაგრამ შფოთვა ძლიერდება, როდესაც პიროვნება ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას.

ობსესიები ხშირად სხვადასხვა ფორმით გამოიხატება: ეს შეიძლება
იყოს ობსესიური სურვილები (მაგ: განმეორებადი სურვილი რომ ვინმე მოკვდეს), იმპულსები ( განმეორებადი ბიძგები დაიყვიროს რაიმე უხამსობა სამსახურში ან ეკლესიაში), მენტალური ხატები ( აკრძალული სექსუალური სცენების განმეორებითი წარმოდგენა), იდეები ( ყველგან მიკრობები იმალება), წუხილი ( ვინმეს უბედური შემთხვევა იმსხვერპლებს).

ყველაზე გავრცელებული თემა არის აკვიატებული აზრები
ჭუჭყთან და დაბინძურებასთან დაკავშირებით. ობსესიების შინაარსი ცვალებადობს კულტურული კონტექსტის მიხედვით. მაგალითად, რელიგიური შინაარსის ობსესიები უფრო მეტად დამახასიათებელია
იმ კულტურებისათვის, სადაც მოქმედებს მკაცრი მორალური პრინციპები და რელიგიური წესები.

რაც შეეხება კომპულსიებს, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება
მათ არაგონივრულად თვლის, იგი დარწმუნებულია, რომ რაღაც საშინელება მოხდება თუ არ შეასრულებს კონკრეტულ ქცევას. კომპულსიური აქტის შემდეგ გარკვეული დროის მანძილზე შფოთვა მცირდება.

ზოგიერთ შემთხვევაში კომპულსიური აქტივობა დეტალური
რიტუალის სახეს იღებს - რიტუალი ყოველ ჯერზე ზუსტად იგივე, მკაცრად განსაზღვრული წესების მიხედვით მიმდინარეობს.

ობსესიების მსგავსად, კომპულსიებს აქვს სხვადასხვა ფორმა.
ყველაზე გავრცელებულია დასუფთავების კომპულსია (პასუხი დაბინძურების ობსესიაზე). დასუფთავების პროცესი მიმდინარეობს რიტუალური წესების მიხედვით და დღის განმავლობაში მრავალჯერ მეორდება.
ადამიანი შემოწმების კომპულსიით განმეორებით ამოწმებს ერთსა და იმავე საგანს - კარის კლიტეს, გაზის ონკანს, მნიშვნელოვან დოკუმენტებს - რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისათვის დამახასიათებელია
ძლიერი შფოთვა თითქმის ყველა სიტუაციაში და პრაქტიკულად ყველაფერთან დაკავშირებით. DSM IV -ის მიხედვით, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გულისხმობს ინტენსიურ, გამუდმებულ შფოთვასა და წუხილს სხვადასხვა მოვლენებთან და აქტივობებთან დაკავშირებით. ამასთანავე, პიროვნებას არ შეუძლია შფოთვისა და წუხილის გაკონტროლება. შეინიშნება მნიშვნელოვანი დისტრესი და პიროვნების ფუნქციონირების
გაუარესება. იმისათვის, რომ დაისვას გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი, სიმპტომები უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.

ერთ-ერთი დიაგნოსტიკური კრიტერიუმია შემდეგი სიმპტომებიდან
სულ მცირე სამის არსებობა:

მოუსვენრობა; ადვილად დაღლადობა; გაღიზიანებულობა; კუნთების დაჭიმულობა; ძილის დარღვევები; კონცენტრაციის სირთულეები;

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი სირთულეების მიუხადავად,
პიროვნებას ხშირად შეუძლია თავი გაართვას სოციალურ ურთიერთობებსა და სამსახურს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა თავს იჩენს ნებისმიერ
ასაკში, მაგრამ პირველად, როგორც წესი, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ვლინდება. ამასთანავე, დიაგნოსტირებული ქალების რაოდენობა ორჯერ აჭარბებს კაცების რაოდებობა.

შფოთვითი აშლილობების დროს ძირითადად გამოიყენება ბიჰევიორალური, კოგნიტური, ჰუმანისტური და ფსიქოდინამიკური თერაპიები.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ფსიქოდინამიკური
ორიენტაციის თერაპევტები იყენებენ იმ ტექნიკებს, რომლითაც ზოგადად ოპერირებენ - თავისუფალი ასოციაციები, სიზმრების ინტერპრეტაცია. აღნიშნული მეთოდი ეხმარება პაციენტს შეამციროს
„იდი“- დან წამოსული იმპულსებით გამოწვეული შფოთვა და დაიწყოს მათი გაკონტროლება. ასევე თერაპევტი ეხმარება პიროვნებას ჩაწვდეს ბავშვობისდროინდელ პრობლემებს, რომელიც შფოთვას
მოზრდილობის ასაკში იწვევს.

კვლევები აჩვენებენ, რომ ფსიქოდინამიკურ თერაპიას მხოლოდ
მცირე დახმარების გაწევა შეუძლია გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტისათვის ( Goisman et al., 1999). გამონაკლისს წარმოადგენს მოკლევადიანი თერაპია (short –
term therapy), რომლის დროსაც შეინიშნება შფოთვის დონის მნიშვნელოვანი შემცირება.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს გამოიყენება
კლიენტზე ცენტრირებული თერაპიაც. იგი ეხმარება კლიენტს გაერკვეს საკუთარ საჭიროებებში, ფიქრებსა და ემოციებში, რაც საბოლოოდ ამცირებს შფოთვას, განაპირობებს კომფორტს საკუთარ თავთან. თერაპიის არსი მდგომარეობს მიმღებლური ატმოსფეროს შექმნაში, კლიენტის უპირობო პოზიტიურ მიღებასა და ემპათიის გამოხატვაში. კვლევა აჩვენებს, რომ ჰუმანისტური თერაპია მხოლოდ მცირედით აუმჯობესებს კლიენტის მდგომარეობას. თუ შევადარებთ კლიენტს, რომელიც ესწრება თერაპიულ სეანსებს და კლიენტს, რომელიც არ მკურნალობს, მხოლოდ მცირე სხვაობას შევნიშნავთ.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ასევე გამოიყენება
კოგნიტური თერაპია. კოგნიტური თერაპია ძირითადად ეფუძნება ბეკისა და ელისის მიერ შემუშავებულ მეთოდებს და ეხმარება პიროვნებას შეცვალოს მოლადაპტური აზრები. შედეგად, პიროვნება
იწყებს სამყაროს განსხვავებულ აღქმას, იმუშავებს შფოთვის შესამცირებელ ეფექტურ გზებს და უკეთესად მართავს წუხილს. კვლევებით მხარდაჭერილია, რომ კოგნიტურ თერაპიას პიროვნებისათვის რეალური შვება მოაქვს.

რაც შეეხება ობსესიურ - კომპულსიური აშლილობის მკურნალობას,
კლიენტების 55-80% განიცდის პროგრესს ბიჰევიორალური ტექნიკების გამოყენებისას. ასევე ეფექტურობით გამოირჩევა კოგნიტური თერაპია, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ კოგნიტური
და ბიჰევიორისტული მეთოდების კომბინაცია ყველაზე უკეთეს შედეგს იძლევა.





გამოყენებული ლიტერატურა:

Comer, R. “Abnormal Psychology“, The eighth edition.

0
780
4-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ნეკაშვილი
თამთა ნეკაშვილი
780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0