ადამიანს როცა შია უნდა მისცე ის, რაც დაანაყრებს, მაგალითად თევზი. არსებობს მპოსაზრება, რომ თევზის მიცემას ანკესის მიცემა სჯობს, რადგან ადამიანმა თვითონ დაიჭიროს.
ამ საკითხის განხილვა რამოდენიმე კუთხით მომიწევს: უნდა გადავწყვიტო მშიერ ადამიანს ანკესი მივცე, თევზი, თუ - "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!". სანამ უშუალოდ განხილვას დავიწყებ, მინდა პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენო: (რომელსაც ჩემი მოძღვარი ასე ხშირად მეუბნება) "შემთხვევით ადამიანს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება თავიდან". შემთხვევით, არაფერი ხდება, ანუ ღმერთის ნებაა ქვეყანაზე როგორც მდიდარი, ისე ღარიბი, ჯანმრთელიც და ავადმყოფიც, ბრძენიც და ჭკუანაკლულიც და სხვა. თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ მათზე რაიმეთი უპირატესნი, ან უკეთესნი ვართ და ღმერთს მეტად ვუყვარვართ, რადგან სახლიც გვაქვს, კარიც, ეზოც და ყველაფერი ის, რაზე ოცნებაც კი ფუფუნებაა მათთვის. მერე რა, თუ შოთამ "ვეფხისტყაოსანი" შექმნა, ლეონარდომ "მონა ლიზა", ბეთხოვენმა "მთვარის სონატა", გონაშვილმა "წინწყარო", მე კი ვერც ვწერ, არ ვიცი ხატვა, ნოტებს ვერ ვცნობ და არც "საქართველოს ბულბული" ვარ, სამაგიეროდ შემიძლია წავიკითხო, დავინახო და აღვიქვა, მოვუსმინო და დავტკბე ამით. ესეც ხომ არ შეუძლია ყველას?! საუბედუროდ! თემას რომ არ გადავუხვიო დავუბრუნდები ჩემს არჩევანს, ანუ უნდა გადავწყვიტო მშიერ ადამიანს ანკესი მივცე, თევზი, თუ - "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!"
ძალიან დიდი დაკვირვება გვმართებს პირველ შემთხვევაში, რადგან თუ "მშიერი" ისეთი დაუძლურებულია, რომ ნაცნობი ჟესტით მიგვანიშნებს მშიაო, აბა რაში გამოადგება ჩვენი მიცემული ანკესი? აუცილებლად თევზი უნდა მივცეთ, ან ის რაც დაანაყრებს. თუმცა ხომ ადვილი შესაძლებელია არც თევზი მქონდეს და მითუმეტეს არც ანკესი?! მაშინ ისღა დამრჩენია გვერდით მივუჯდე, მაგრამ მე ხომ არ ვარ დაუძლურებული და ანკესის გამოყენებაც ვიცი, ამიტომ შემიძლია ანკესი ვითხოვო, მხოლოდ შემდეგ თევზის დაჭერა არ უნდა დამავიწყდეს "მშიერისთვის"!
ახლა მეორე შემთხვევა განვიხილოთ, ანუ თევზი, ან ის რაც დაანაყრებს. აქ მინდა აღვნიშნო, რომ თუ შესაძლებლობა მაქვს ჯობს ის მივცე, რაც დაანაყრებს და არა თევზი, ან ბუტერბროდი, რომელიც ეს-ესაა თითქმის შევჭამე. იმის მიცემა, რაც დაანაყრებს არამარტო ფიზიკურად "გაახარებს", არამედ სულიერადაც, რადგან დარწმუნდება, რომ ოცნებები ხდება, მთავარია სწორ ადგილას, სწორ დროს მოხვდე, თუნდაც ეს რომელიმე მეტრო-სადგურის "პაძემკა" იყოს! წარმოიდგინეთ რა სასიამოვნოა, როცა "მშიერი" მადლიერია და სიტყვებს არ იშურებს, რომ გასიამოვნოს. თუმცა ზოგჯერ მადლობის თქმაც კი ავიწყდებათ, ან ივიწყებენ. შეიძლება "მშიერს" მართლაც დაავიწყდეს მადლობის თქმა, ან არ დააფასოს შენი სიკეთე, მაგრამ რაც მთავარია "მას" არასდროს დაავიწყდება და ყოველთვის დაგიფასებს თუნდაც იმ თითქმის შეჭმულ ბუტეტრბროდს, რომელიც მას გაუწოდე! და აი კიდევ რა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს, ნამდვილად დედა უკვდება, შვილი ნამდვილად ჰყავს ავად, შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა. მითუმეტეს კი დაცინვა. ბევრჯერ დამინახავს, როგორი ზიზღით და ამრეზით უყურებენ მათხოვარს და იმასაც კი, ვინც ეხმარება. ისეთ აგრესიას გამოხატავენ, თითქოს ისინი კიარ მათხოვრობენ, არამედ ყაჩაღობენ.
ანკესის მიცემას რაც შეეხება, ეს უფრო ფილოსოფიურად მოაზროვნედ არჩევანია. ის ფიქრობს: დღეს რომ თუნდაც ათი პური მივცე, ხვალ აღარ ექნება, ათივეს შეჭამს, რადგან უშრომლად მიიღო, ხოლო როცა თითო პურის სანაცვლოდ თითო აგურს გადავადებინებ, ბუხარში შეყრილი ფულისა არ იყოს, გაუფრთხილდება და უფრო დააფასებს. მაგრამ ანკესი მხოლოდ ისეთს უნდა მისცე ვისაც შეუძლია, ან იცის მისი გამოყენება. აბა წარმოიდგინეთ ხაბაზი, რომელიც თონის წინ დგას ანკესით ხელში და თევზის გამოჩენას ელოდება. რა თქმა უნდა ეს შედეგს ვერ გამოიღებს. პირიქით ასეთი საქციელით კიდევ უფრო მეტად დავარწმუნებთ საკუთარი თავის უსუსურობაში. აი სულ სხვა საქმეა მეთევზეს თუ მისცემ ანკესს. ამით შენც ცხონდები და ისიც, თუ ერთი-ორჯერ თავისი დაჭერილი თევზით გაგიმასპინძლდება და სიკეთეს არ დაგივიწყებს. ისე "თევზიც" და "ანკესიც" თავისუფლად შეიძლება ერთ კონტექსტში გავაერთიანოთ და ვუწოდოთ დახმარება, შველა, მკერდში გულის ქონა, შუბლზე ძარღვის სიძლიერე და ა.შ. საერთოდ მათხოვარი ყოველთვის არსებობდა, ეხლაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს. ანუ ეს არ არის უბრალოდ მშიერი, ან უსახლკარო ადამიანი. ის საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრია, როგორიც სახელმწიფოს მმართველი, რადგან მის გარეშე არ არსებობს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით რომ არა "მშიერი", "მაძღარს" ხომ ფასი დაეკარგებოდა. აბა რა ფასი აქვს "წითელ ფერარს", თუ მისი გაქროლებისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო?! თუ დღეს პური არ მენატრება, ხვალ ჭიქა რძეს სულმოუთქმელად ხომ არ გადავკრავ?!
ახლა კი რაც შეეხება "რა ჩემი სადარდებელია, შია და თვითონ იშოვოს ანკესიც და თევზიც!", ეს ყველაზე იოლი გამოსავალია. მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო შუბლზე ძარღვი უნდა გაიწყვიტო და მორჩა, აღარ ფიქრობ რა გააკეთო: ანკესი მისცე, თევზი, თუ ის რაც დაანაყრებს, რადგან უბრალოდ ვეღარ ხედავ "მშიერს", იცი რომ არსებობს, აქვეა შენს გვერდით, მაგრამ ვერ ხედავ, რადგან შენ თვითონ გააქრე. მაგრამ შენი გაქრობაც ხომ წამის საქმეა. გაქრები და დატოვებ ყველას და ყველაფერს რაც გაგაჩნია, ყველაფერი აქ, ამქვეყნად რჩება და სულ იოლია ვინმე "მშიერმა" სრულიად მოულოდნელად იპოვო შენი "ანკესი", შენი "თევზი" და "ისიც, რაც განაყრებდა", რითაც ცხოვრობდი და სულდგმულობდი, შენი ცხოვრების აზრი იყო ოდესღაც.
ასე რომ, თუ "ანკესიც" გაქვს, "თევზიც" და "დანაყრებულიც ხარ" "ნუ გააქრობ მშიერს"!