x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508704
ძილის დარღვევები, მათი გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

image
ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც გამოუცდია ძილთან დაკავშირებული სირთულეები. ჩვეულებრივ, ასეთი პრობლემები დროებითი და ნორმალურია სტრესის ან სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედების დროს. მაგრამ როდესაც ძილის პრობლემები რეგულარულად ვლინდება და ხელს უშლის პიროვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზი არის ძილის დარღვევა.

ძილის დარღვევას გაცილებით უფრო მძიმე შედეგები აქვს, ვიდრე ეს უბრალოდ უძილობაა. ხშირად ძილი ადამიანის ზოგადი სამედიცინო მდგომარეობის კარგი საზომია. ნორმალური ძილი მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობისა და ემოციური სტაბილობისათვის. სამწუხაროდ, მცირე უძილობასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის გუნება- განწყობილებაზე, ენერგიულობაზე, ეფექტურობასა და სტრესთან გამკლავების უნარზე. ძილთან დაკავშირებული სირთულეების უგულებელყოფა იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას, უბედურ შემთხვევებს, პრობლემებს სამსახურსა და პირად ურთიერთობებში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედით, 40 მილიონი ამერიკელი იტანჯება ძილის ქრონიკული დარღვევებით, ხოლო დაახლოებით 30 მილიონ ადამიანს აწუხებს ძილის დარღვევა დროის გარკვეულ მონაკვეთებში.

ცნობილია ძილის დარღვევების დაახლოებით 80 განსხვავებული ტიპი. მათგან ყველაზე უფრო გავრცლებულია:
- ინსომნია
- ძილის აპნეა
- ცირკადული რითმის დარღვევა
- ნარკოლეფსია
- ძილის დროს გამოვლენილი ქცევები (Nighttime Sleep Behaviors)

ინსომნია (უძილობა) არის ძილის საერთო დარღვევა, რომლის სიმპტომებიც ვლინდება როგორც ღამით, ასევე დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ღამით გამოვლენილი სიმპტომებია დაძინებასთან დაკავშირებული სირთულეები, წყვეტილი, ზედაპირული ძილი ან ადრე გამოღვიძება. დღის სიმპტომები მოიცავს ცუდად ყოფნის განცდას, დაღლილობას, დარღვევებს ფსიქიკურ ფუნქციებში, როგორიცაა მეხსიერებასთან და კონცენტრაციასთან დაკავშირებული სირთულეები. ინსომნიის დიაგნოზი ისმევა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სიმპტომები გრძელდება მინიმუმ ერთი თვე, ხოლო თუ ძილის დარღვევა 6 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, საქმე გვაქვს ქრონიკულ ინსომნიასთან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მეათე მოზრდილი ადამიანი იტანჯება ინსომნიით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველას, ვისაც უჭირს დაძინება, არ აქვს ინსომნია. სიტყვა “პერსისტენტული” განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან ხანდახან უამრავ ადამიანს შეიძლება ეძინოს ცუდად, თუმცა მათი პრობლემა დროებითი და წარმავალია.
image

ინსომნიის კლასიფიკაცია ხდება მისი ხანგრძლივობის მიხედვით:
- დროებითი ინსომნია - ერთ თვეზე ნაკლები ხანგრძლივობა
- მოკლევადიანი ინსომნია - ერთიდან ექვს თვემდე პერიოდი
- ქრონიკული ინსომნია - 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობა
ამასთანავე, ინსომნია შესაძლოა კლასიფიცირდეს შემდეგნაირად:
- პირველადი ინსომნია - ინსომნია, რომელთან ერთადაც არ თანაარსებობს სხვა დაავადება.
- კო - მორბიდული ინსომნია - ინსომნია, რომელიც თანაარსებობს სხვა სამედიცინო ან ფსიქიატრიულ დაავადებასთან ერთად. თუმცა ინსომნიის დიაგნოზი რომ დავსვათ, ის არ უნდა იყოს გამოწვეული მასთან ერთად არსებული დაავადებით. ხშირად ინსომნია უფრო ამძიმებს სამედიცინო და ფსიქიატრიულ მდგომარეობას და ართულებს მკურნალოაბას.
ინსომნიით დაავადებულ ადამიანთა დაახლოებით 75% - ს შეუძლია მოახდინოს მისი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება:
- ხშირ შემთხვევებში ეს არის ოჯახური და სამსახურეობრივი სიტუაციებისაგან გამოწვეული სტრესული მდგომარეობა. ცუდი ძილი ყველაზე გავრცელებული რეაქციაა სტრესზე, მაგრამ არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები სტრესთან გამკლავების სტრატეგიებში და სწორედ ეს განსხვავებები განსაზღვრავს განვითარდება თუ არა ინსომნია.
ინსომნიაზე მოქმედი ბიოლოგიური ფაქტორებია:
- ქრონიკული ტკივილი, როგორიცაა ართრიტი და თავის ტკივილი.
- სიძნელეები სუნთქვისას (ასთმა), გულის მუშაობის პრობლემები.
- დეპრესია, შფოთვა და სხვა ფსიქიატრიული აშლილობები
- მედიკამენტები და ხშირად მოხმარებადი ნივთიერებები: კოფეინი, ნიკოტინი და სხვა სტიმულიზატორები. ალკოჰოლი.
- ინსომნიის გენეტიკური პრედისპოზიცია. ამჟამად არ არსებობს რისკის საკვლევი ობიექტური მეთოდები, მაგრამ ტყუპების კვლევა აჩვენებს, რომ გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსომნიის ჩამოყალიბებაში.
სამედიცინო მდგომარეობით, მედიკამენტებისა და სხვა ნივთიერებების მიღებით გამოწვეული უძილობა როგორც წესი ექვემდებარება მკურნალობას. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ინსომნია ფიზიკური ჯანმრთელობის გამოსწორების შემდეგაც გრძელდება.
ასეთ შემთხვევებში ყურადღება უნდა გავამახვილოთ გარემო ფაქტორებზე. ჩვეულებრივ, ასეთი ფაქტორებია:
- განპირობებული აგზნებულობა: საძინებელი ოთახი ან საწოლი ასოცირებულია ნეგატიურ ემოციებთან, რომელსაც იწვევს ძილის წარუმატებელი მცდელობები. საძინებელი ოთახი არაცნობიერად იწვევს აგზნებულ, სიფხიზლის მდგომარეობას. მაგალითად, ინსომნიით დაავადებული ადამიანების მიხედვით, მათ შესაძლოა ძილი მოერიოთ ტელევიზორის ყურებისას ან კითხვისას საცხოვრებელ ოთახში, მაგრამ მაშინვე ფხიზლდებიან, როგორც კი საძინებელ ოთახში გადაინაცვლებენ.
-ზოგიერთი ადამიანი უძილობას პასუხობს ძილის დაჟინებული მცდელობით. ისინი ზრდიან საწოლში გატარებულ დროს, თავს არიდებენ აქტივობებს, რომლებიც წინათ სიამოვნებას ანიჭებდათ საღამოობით. ამგვარი მცდელობა პრობლემის გადაჭრის ნაცვლად იწვევს ფრუსტრაციას, სიფხიზლეს, აგზნებულობას და სტრესსაც კი.
- წუხილი: უძილობის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანი იწყებს წუხილს ძილზე - თუ რა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს უძილობა მის ჯანმრთელობაზე, შეძლებს თუ არა დაძინებას მომავალ ღამეს. ამგვარი წუხილი კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.
დადგენილია, რომ ქალებში ორჯერ უფრო მაღალია ინსომნიის გამოვლენის ალბათობა ვიდრე კაცებში. ამასთანავე, ინსომნია უფრო ხშირია გვიანი მოზრდილობის ხანაში.
ფსიქოლოგიაში ცნობილია ინსომნიის დაძლევის სხვადასხვა მეთოდები, რომელთა შორისაც აღსანიშნავია კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია - თერაპიული მიდგომა, რომელიც ასევე ეფექტურია სხვა მენტალური აშლილობების დროსაც (დეპრესია, შფოთვა, კვებითი აშლილობები).
CBTI (Cognitive behavioral therapy for Insomnia) შედგება რამდენიმე კომპონენტესიგან, რომელიც მორგებულია პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. სტიმულის კონტროლი, რომელიც განავითარა რიჩარდ ბუტცინმა, შეიცავს ინსტრუქციებს იმის თაობაზე, თუ როგორ დავძლიოთ განპირობებული აგზნებულობა და დავაკავშიროთ საძინებელი ოთახი დადებით ემოციებთან. არტურ შპილმანმა შეიმუშავა პროცედურა, რომელიც ცნობილია, როგორც ძილის კონსოლიდაციის ტრენინგი. თავდაპირველად აღნიშნული პროცედურა მიმართული იყო უეცარი გამოღვიძებების დაძლევისაკენ ღამის განმავლობაში, მაგრამ იგი ასევე ეფექტურია დაძინების პრობლემის მოხსნისათვის. თავდაპირველად ლოგინში გატარებული დრო იზღუდება იმ ხანგრძლივობამდე, რა ხანგრძლივობის ძილის შესაძლებელია მოცემულ ეტაპზე. შემდგომი ნაბიჯები მიმართულია ძილში გატარებული დროის თანდათანობით გაზრდაზე. CBTI ასევე მოიცავს სტრატეგიებს, თუ როგორ შევამცროთ ძილისათვის ხელისშემშლელი ფიქრები და წუხილი, დავძლიოთ სტრესი და შევძლოთ რელაქსაცია.

ინსომნიის მკურნალობა ასევე შესაძლებელია მედიკამენტებით. შესაბამისი მედიკამენტის მიღების შემთხვევაში, მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, თუმცა შესაძლოა თავი იჩინოს გვერდითმა ეფექტებმაც.

ძილის აპნეა არის ძილის დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება ერთი ან მეტი პაუზა სუნთქვისას ან არაღრმა სუნთქვა. პაუზა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამის ან წუთების განმავლობაშიც კი და გამოვლინდეს დაახლოებით 30-ჯერ (ან მეტჯერ) ერთი საათის მანძილზე. ძილის აპნეა როგორც წესი ქრონიკულია და ხელს უშლის ღრმა ძილს, რაც თავის მხრივ იწვევს დაღლილობას და ძილიანობას დღის მანძილზე. ძილის აპნეა ყველაზე ხშირად გვხვდება შუა ხნის მამაკაცებში.

ძილის აღნიშნული დარღვევის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
- ხმამაღალი და მუდმივი ხვრინვა.
-თავის ტკივილი დილით
- მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები
- გაღიზიანებადობა, ცვლილებები გუნება - განწყობილებაში
- ყელისა და პირის სიმშრალე გაღვიძებისას
- ხშირი ურინიზაცია
- ოფლიანობა
ბავშვებში ძილის აპნეა იწვევს ჰიპერაქტიურობას, დაბალ აკადემიურ მოსწრებას, აგრესიულ ქცევას. ასეთი ბავშვები დღის განმავლობაში ცხვირის ნაცვლად სუნთქავენ პირით.

ძილის აპნეას იწვევს შემდეგი მდგომარეობა:
სასუნთქი გზები მთლიანად ან ნაწილობრივ იბლოკება, რადგან ყელის კუნთები და ენა მოდუნებულია ჩვეულებრივზე მეტად, რაც ხელს უშლის ჰაერის ჩასვლას ფილტვებში.
ძილის აპნეას ხელს უწყობს სიმსუქნე და ასაკის მატება. იგი შესაძლოა იყოს სტრესის ჰორმონების გამოყოფის ტრიგერი.

ძილის აპნეა იკურნება ცხოვრების სტილის შეცვლით, სუნთქვითი ვარჯიშებით ან ქირურგიული ჩარევით.

ცხოვრების სტილის შეცვლაში იგულისხმება თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებისაგან, წონის დაკლება, სიგარეტის მოწევის შეწყვეტა.

ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს ხშირად იწვევს ცირკადული რითმის დარღვევა.

ადამიანის ორგანიზმი განიცდის დღე-ღამის ბუნებრივი რიტმის ზემოქმედებას. ჩვენი სხეული სინქრონიზდება დროის ციკლთან, რომელიც ცირკადული რიტმის სახელით არის ცნობილი: სისხლის წნევა, მეტაბოლური პროცესები, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა და ჰორმონალური აქტივობა შინაგანი საათის მიხედვით იცვლება. შინაგანი საათი ყველაზე უკეთესად მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც ვიცავთ რეგულარულ რუტინას და ირღვევა ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში, ან დროის სარტყელის შეცვლისას (“jet lag”).
თანამედროვე დიაგნოსტიკური სისტემა მოიცავს 9 სახის დარღვევას, მათგან ყველაზე გავრცელებულია: ძილის დაყოვნებული ფაზა (delayed sleep phase), ძილის მოწინავე ფაზა (advanced sleep phase) და სამსახური ღამის საათებში (shift work).


ძილის დაყოვნებული ფაზა არის დარღვევა, რომლის დროსაც პიროვნებას უჭირს დაძინება ნორმალურ დროს და როგორც წესი იძინებს შუაღამის დადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ. შესაბამისად, უძნელდება დილით გაღვიძება “ნორმალურ” დროს, რადგან მისი შინაგანი საათი აცდენილია გარეგან საათს.
ინსომნიისა და ძილის აპნეასაგან განსხვავებით, ცირკადული რითმის დარღვევა არ აუარესებს ძილის ხარისხს - ასეთ ადამიანებს არ უჭირთ ძილი და კარგად სძინავთ მათთვის სასურველ დროს, მაგრამ უძნელდებათ გაღვიძება სოციალურად განსაზღვრულ დროს სკოლაში ან სამსახურში წასასვლელად.

ძილის დაყოვნებული ფაზის გავრცელებულობის ხარისხი გენერალურ პოპულაციაში უცნობია, თუმცა მოზარდებსა და ადრეული ხანის მოზრდილებში მაჩვენებელი დაახლოებით 7-16%-ია.
სპეციალისტები ადამიანებს ეხმარებიან შინაგანი საათისა და სასურველი განრიგის სინქრონიზებაში.

ძილის მოწინავე ფაზას საპირისპირო სიმპტომები აქვს: ადამიანი იძინებს ადრე და იღვიძებს ადრე. ასეთი ადამიანები არ ფიქრობენ, რომ აღნიშნული სინდრომი ხელს უშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ თვლიან, რომ მათი ადრე დაძინების სურვილი ხელს უშლით ჩაებან საღამოს სოციალურ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს ოჯახურ და სხვა სახის ურთიერთობებზე. მათ ასევე უჭირთ მანქანის ტარება საღამოს საათებში.

ცირკადული რითმის ამგვარი დარღვევა თანაბრად არის წარმოდგენილი ქალებსა და კაცებში და განსაკუთრებით ხშირია გვიანი მოზრდილობის ხანაში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ძილის ასეთი სახის დარღვევების მყარი გენეტიკური საფუძვლები - 40-50%-ს იმ ადამიანებისა, რომელთაც აქვთ დარღვევა ცირკადულ რითმში, ჰყავთ ნათესავი მსგავსი სინდრომით.

ცირკადული რითმის დარღვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს ღამის ცვლაში მუშაობით. ამგვარი სამუშაო გრაფიკი არაკონგრუენტულია შინაგანი საათის მუშაობისა, რაც იწვევს თავის ტკივილებს, ძილის დეპრივაციას, ენერგეტიკულ გამოფიტვას, კონცენტრაციის სირთულეებს.

რაც შეეხება ცირკადული რითმის დარღვევის მკურნალობას, პირველი და მეორე სახის დარღვევების დროს საძინებელ ოთახში ათავსებენ ხელოვნურ სინათლეს, რომელიც მსგავსია ბუნებრივი სინათლისა. ადამიანეს რომელთაც უჭირთ დილით ადრე გაღვიძება, სინათლის ექსპოზიციის ფონზე თანდათანობით ეჩვევიან ნორმალურ რითმს. ხოლო ისინი, ვინც ადრე იძინებენ, ეჩვევიან მოგვიანებით დაძინებას. ღამის ცვლაში მუშაობით გამოწვეული დარღვევის განკურნება რთულია, რამდენადაც მომუშავეები იძულებულნი არიან მიყვნენ განრიგს, თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლოა ეფექტური იყოს მედიკამენტების მიღება.

ნარკოლეფსია არის ძილის ქრონიკული, ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც ხასიათდება გადაჭარბებული ძილიანობით დღის განმავლობაში, კატაპლექსიით და პათოლოგიური REM ძილით. პიროვნება, რომელსაც აქვს ნარკოლეფსია, განიცდის უკიდურეს დაღლილობას და შესაძლოა ჩაეძინოს არასათანადო სიტუაციებში, მაგალითად სკოლაში ან სამსახურში,
პაციენტთა უმარავლესობა ასევე განიცდის კატაპლექსიას - კუნთების უეცარი პარალიზება ან სისუსტე სხეულის სხვადასხვა ნაწილში (მაგ:ფეხებში), რომლის ტრიგერიც ხშირ შემთხვევაში არის ძლიერი ემოცია. კატაპლექსია არის კარდინალური სიმპტომი, რამდენადაც თითქმის ყოველთვის ნარკოლეფსიის გამომწვევი ძირითადი მიზეზის, ტვინში ჰიპოკრეტინის ნაკლებობის ინდიკატორია.
დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გაკეთდეს ინსომნიასთან, რადგანაც ძილის პრობლემები ღამის მანძილზე ინსომნიის სიმპტომიც არის და ეპილეფსიასთან, მოულოდნელი და აუხსნელი დაცემის გამო კატაპლექსიის დროს. განსხვავება სხვა დარღვევებისაგან არის ის, რომ ნარკოლეფსიის შემთხვევაში პიროვნება ჩაძინებისთანავე გადადის REM ძილის ფაზაზე, რაც ნორმალურ შემთხვევაში მხოლოდ 90 წუთის შემდეგ ხდება.
უკიდურესი ძილიანობისა და კატაპლექსიის გარდა, პაციენტები ამჟღავნებენ შემდეგ სიმპტომებს:
- ძილის პარალიზი - ლაპარაკისა და მოძრაობის დროებითი უუნარობა გაღვიძებისას. გრძელდება რამდენიმე წამის ან წუთების განმავლობაში.
- ჰალუცინაციები - მკაფიო, ხანდახან სიმშვიდის დამრღვევი სიზმრისმაგვარი წარმოდგენები, რომლებიც ჩნდება თვლემის, ჩაძინების ან გაღვიძების დროს. ჰალუცინაციები ძირითადად ვიზულაური, თუმცა შესაძლოა ჩართული იყოს სხვა სენსორული მოდალობებიც.
- ავტომატური ქცევა - პიროვნება აგრძელებს ფუნქციონირებას, მაგალითად ლაპარაკს ნახევრად მძინარე მდგომარეობაში და იღვიძებს ისე, რომ არ ახსოვს აღნიშნული აქტივობები.
- ძილის მდგომარეობის შენარჩუნების სირთულეები - ღამის ძილი დარღვეულია. პაციენტები სწრაფად იძინებენ, მაგრამ ეღვიძებათ რამდენიმე საათის შემდეგ. ღამით ჭამა და სიზმრები მოტორული აქტივობების თანხლებით ასევე ხშირია.
- სიმსუქნე - ნარკოლეფსიის მქონე ადამიანები იმატებენ წონაში ძილიანობისა და პასიური ცხოვრების წესის გამო.
ნარკოლეფსიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, მიუხედავად ამისა, მეცნიერებს აქვთ გარკვეეული პროგრესი აღნიშნულ დარღვევასთან მჭიდროდ დაკავშირებული გენების იდენტიფიცირებაში. გენები აკონტროლებენ ტვინში იმ ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც არეგულირებენ ძილ - ღვიძილის ციკლს. ნარკოლეფსიის მკვლევარები თვლიან, რომ შესაძლოა დარღვევა გამოწვეული იყოს ტვინის იმ უჯრედების დაკარგვით, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰიპოკრეტინს (hypocretin) ან ტვინის იმ უბნების პათოლოგიით, რომლებიც არეგულირებენ REM ძილს.
ძილის სპეციალისტები ნარკოლეფსიას როგორც წესი მკურნალობენ ბიჰევიორალური ცვლილებებისა (ძირითადად ღამის ძილის დაგეგმვით) და მედიკამენტების კომბინაციით. მედიკამენტები მოიცავს ანტიდეპრესანტებსა და სტიმულიზატორებს. ცვლილებები ცხოვრების სტილში ასევე დადებით შედეგს იძლევა. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ განსხვავებებზე.
ძილის დარღვევები მოიცავს პათოლოგიურ ქცევას ძილის დროს. ამგვარ დარღვევებს ეწოდება პარასომნია და ვითარდება ნებისმიერ ასაკში. განასხვავებენ პარასომნიის რამდენიმე სახეს:
- სიარული და ლაპარაკი ძილის დროს
- ძილის ტერორი
- REM ქცევის დარღვევა (REM Behavior Disorder)
- პარალიზი
- ღამის კოშმარები
სიარული ძილის დროს არის მდგომარეობა, როდესაც პიროვნებას სძინავს, მაგრამ იქცევა ისე, თითქოს ღვიძავს. ამ დროს პიროვნება შესაძლოა წარმოთქვამდეს გარკვეულ სიტყვებს ან ლაპარაკობდეს გაბმულად. ასეთი ეპიზოდები ძირითადად ვლინდება დელტა ძილის დროს, ღამის პირველ ნახევარში, როდესაც აგზნების დონე განსაკუთრებულად მაღალია. პიროვნებას როგორც წესი გამოღვიძების შემდეგ არ ახსოვს ძილის დროს მომხდარი შემთხვევები.
ძილის დროს სიარული და ლაპარაკი მოიცავს სხვადასხვა რუტინულ აქტივობებს. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ლოგინზე ჯდომა, სააბაზანოში გასვლა, ან ისეთი კომპლექსური ქცევის განხორციელება, როგორიცაა მანქანის ტარება, ჭამა და სხვა. “მთვარეულები” ჩვულებრივ არ არიან აგრესიულები, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება მათ გაღვიძებას, შესაძლოა გაუწიონ წინააღმდეგობა.
ძილის დროს სიარული განსაკუთრებით გავრცელებულია ბავშვებში და ხშირად ქრება ასაკის მატებასთან ერთად. დაღლილობა, სტრესი, შფოთვა, ძილის ნაკლებობა, დაავადებები, ფიზიოლოგიური სტიმულები (მაგ: სავსე შარდის ბუშტი), და ალკოჰოლი არის პარასომნიის ხელშემწყობი ფაქტორები.
საძინებელი ოთახი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ შემცირდეს დაზიანების რისკი - ბასრი და სახიფათო საგნები არ უნდა იყოს შენახული ოთახში, ხოლო კარი და ფანჯრები აუცილებლად უნდა იყოს დაკეტილი.
ძილის ტერორი, ასევე ცნობილია როგორც ღამის ტერორი, ხასიათდება ცნობიერების დროებითი შეცვლით, პიროვნებას უეცრად ეუფლება შიში, პანიკა, დაბნეულობა და ცდილობს გაქცევას. პიროვნება არ რეაგირებს დამშვიდების მცდელობებზე სხვა ადამიამების მხრიდან, სუნთქავს მძიმედ, ყვირის და კვნესის. ამ დროს ადამიანი არ არის სრულად გამოფხიზლებული და ეპიზოდის გავლის შემდეგ შესაძლოა ჩვეულებრივ გააგრძელოს ძილის, ხოლო დილით აღარ ახსოვდეს მომხდარი ამბავი.
მთვარეულობის მსგავსად, ღამის ტერორის ეპიზოდებიც დელტა ძილის დროს ვლინდება, ღამის პირველ ნახევარში, რაც საშუალებას გვაძლევს რომ ტერორი განვასხვავოთ ღამის კოშმარისაგან, რომელიც მჟღვნდება ღამის უკანასკნელ მესამედში.
ძილის ტერორიც ასევე ყველაზე ხშირია ბავშვებში, მაგრამ გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუში. კვლევა აჩვენებს, რომ ღამის ტერორის პრედისპოზიცია შესაძლოა მემკვიდრეობითი იყოს. ემოციური სტრესი დღის განმავლობაში, დაღლილობა ითვლება ტერორის ტრიგერად. ძილის საკმარისი რაოდენობა და სტრესის კონტროლო ხელს უწყობს ტერორის შემცირებას.
ადამიანები სიზმრებს ხედავენ REM ძილის დროს. REM ძილის დროს ტვინის აქტივობაში მიმდინარეობს ცვლილებები, რაც იწვევს კუნთების ტონუსის შემცირებას - აღნიშნულ მოვლენას ეწოდება კუნთების პარალიზი ან კუნთების ატონია. კუნთების პარალიზი REM ძილის დროს ნორმალურია. REM ძილის დარღვევა ხდება მაშინ, როდესაც სხეული ინარჩუნებს შედარებით გაზრდილ კუნთების ტონუსს, რაც უბიძგებს ადამიანს მოძრაობისა და სიზმრების განსახიერებისაკენ. მოძრაობები შეიძლება იყოს მცირე, მაგალითად ფეხების ქნევა ან კომპლექსური და სახიფათო. რემ ძილის დარღვევა ხასიათდება პათოლოგიური ქცევით, რაც იწვევს ძილის შეფერხებას ან სხეულის დაზიანებას. ასეთი ქცევები არის ძალადობის შემცველი სიზმრების მანიფესტაცია. ეპიზოდის ბოლოს, ინდივიდს ეღვიძება და ვარდება განგაშის მდგომარეობაში, მას შეუძლია თანმიმდევრულად მოყვეს სიზმარი.
ძილის პარალიზი REM ძილის დროს ნორმალურია, თუმცა ის დარღვევად იქცევა იმ შემთხვევაში, როდესაც ვლინდება REM ძილისაგან გასხვავებულ მდგომარეობაში. პარალიზი გვხვდება როგორც ჯანმრთელ ადამიანებში, ასევე ნარკოლეფსიის, კატაპლექსიისა და ჰალუცინაციების სიმპტომებთან ერთად. როდესაც პარალიზი ხდება ნარკოლეფსიის გარეშე, დარღვევა კლასიფიცირდება როგორც ძილის იზოლირებული პარალიზი (Isolated Sleep Paralysis).
პარალიზი გრძელდება რამდენიმე წამის ან რამდენიმე წუთის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივმა ეპიზოდებმა შესაძლოა გამოიწვიოს პანიკა.
ღამის კოშმარები არის მკაფიო სიზმრები, რომლებიც შეიცავს საშიშ გამოსახულებებს ან იწვევს ნეგატიურ ემოციებს: შიშს, ტერორს, შფოთვას. თუ ადამიანს გამოეღვიძა რემ ძილის დროს, შეუძლია დაწვრილებით მოყვეს კოშმარის შინაარსი. ღამის კოშმარმა შეიძლება გააღვიძოს ადამიანი დისტრესის მაღალი დონის გამო, გამოიწვიოს ოფლიანობა და გულის ცემის აჩქარება. ნეგატიური ემოციებისაგან გათავისუფლებას ხშირად დრო სჭირდება ამიტომ ხელმეორედ დაძინება რთულდება.
ღამის კოშმარები ძილის ტეროროსაგან განსხვავდება ეპიზოდის გამოვლენის დროით და ასევე სიზმრის გახსენების უნარით.
ღამის კოშმარებს იწვევს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები. ავადმყოფობა, შფოთვა ან არაკომფორტულ პოზაში ძილიც კი იწვევს კოშმარებს. პოსტტრამვატული სტრესული აშლილობა, მედიკამენტები და ნარკოტიკები (ამფიტამინი, კოკაინი) კოშმარების მნიშვნელოვანი ტრიგერებია.
არსებობს ღამის კოშმარების დაძლევის მრავალი მეთოდი, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო. სტრესის შემსუბუქება ამცირებს ქრონიკულ ღამის კოშმარებს. ასევე ეფექტურია რეგულარული ვარჯიში, იოგა და მედიტაცია.


0
4261
3-ს მოსწონს
ავტორი:თამთა ნეკაშვილი
თამთა ნეკაშვილი
4261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0