x
ყველაფერი სოფო ნიჟარაძის შესახებ
ვემოთ მოთხრობილ სტატიაში გაეცნობით პოპულარული ქართველი მომღერლის სოფო ნიჟარაძის სრულ ბიოგრაფიას, მის შემოქმედებით და საზოგადოებრიც ცხოვრებას.


სოფოს ბავშვობას

სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1986 წლის 6 თებერვალს, ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო


ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო ვინც ოჯახში

სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო. მამის მამა შესანიშნავად მღეროდა, სიმღერის ნიჭი სწორედ მისგან ერგო. არც ახსობს როდის გააცნობიერა, რომ სიმღერის გარდა არაფერი უნდოდა - სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია. დედამ სოფოს დიდი ბიძგი მისცა სასიმღერო კარიერის განხრით "როგორც კი სამი წლის შევსრულდი მაშინვე სიმღერაზე მიმიყვანა, მითხრა შევამჩნიე სანამ ლაპარაკს დაიწყები ღიღინებდიო" - დასძენს სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში. ბავშვობა მომავალმა ვარსკვლავმა მშობლიურ ქალაქში თბილისში გაატარა. "სერიოზული ბავშვი ვიყავი, იმიტომ, რომ სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებში დედა ძალიან მკაცრი იყო. არ არსებობდა წრე სადაც მე არ დავდიოდი, ერთი წამიც არ მქონდა თავისუფალი. ძალიან მორჩილი და დამყოლი ბავშვი ვიყავი, შესაბამისად ეს არასდროს გამიპროტესტებია" - იხსენებს სოფო.


ადრეული შემოქმედებითი ცხოვრება

ექვსი წლის ასაკიდან ვოკალს სწავლობდა შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. შვიდი წლის ასაკში სოფო ჯანსულ კახიძემ შეამჩნია და მიიწვია ფილმში "იავნანამ რა ჰქნა", სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში, "ბასტი-ბუბუს" სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში. მოკლე პერიოდში მისი პოპულარობა გასცდა მისთვის საყვარელი საქართველოს საზღვრებს. მას ხშირად იწვევდნენ საერთაშორისო სატელევიზიო შოუებში მონაწილეობის მისაღებად, ძირითადად საფრანგეთში. ცხრა წლის ასაკში სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი "Sous Le Ciel De Paris". ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია. ამის შემდეგ გოგონას ხშირად იწვევდნენ ფრანგები თავიანთ დღესასწაულებზე. 1995 წელს სოფო გახდა საერთაშორისო ფესტივალის "ბროლის ნაძვის" ლაურეატი ნომინაციაში "საუკეთესო ვოკალი", მომდევნო წელს იტალიაში, მილანში "ბრავო-ბრავისიმოს" ლაურეატი. სოფოს თქმით ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მის შემოქმედებაში. ამას მოჰყვა ხუთწლიანი კონტრაქტი იტალიაში და იქაურ პროდიუსერთან, კლაუდიო ბანდერასთან თანამშრომლობა. ამავე წელს სოფომ მიიღო ქართული ფესტივალის "ლიგას" სპეციალური პრიზი სიმღერისთვის "О тебе", ასევე იყო საერთაშორისო ფესტივალის "ბროლის ნაძვის" მონაწილე, რომელიც რუსეთში, მოსკოვში გაიმართა (მოსკოვის 850 წლისთავი). სწორედ იმ ვიზიტის დროს მოსკოვში სოფომ მიიღო გატაწყვეტილება - რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გნესინების მუსიკალურ აკადემიაში მოსკოვში ჩაებარებინა. 1999 წელს "პუშკინის დღეების"იუბილეს ფარგლებში საუკეთესო ვოკალისთვის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო, ასევე გადაეცა თბილისის მერიის დიპლომი "უნიკალური ვოკალური მონაცემები". 2000 წელს დაჯილდოვდა "ოქროს ვარსკვლავით" საუკეთესო ვოკალისთვის კინოსტუდია "ფორტესა" და სტუდია "ვარსკვლავური კიბეს" მიერ. იმ წელს სოფომ წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, პარალელურად კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით. იმ წლებში სოფო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და იმჟამინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სტიპენტიანტი იყო.


რუსეთი. მუსიკალური კარიერის დაწყება 2001-2008

2001 წელს სოფომ სწავლა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში - GITIS და მუსიკალურ აკადემიაში - GNESINY გააგრძელა. მოსკოვში სწავლის პარალელურად თამაშობდა მთავარ როლებს სპექტაკლებსა და მიუზიკლებში, როგორიცაა "ჩხიკვთა ქორწილი", "რომეო და ჯულიეტა", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". ჯერ კიდევ "ჩხიკვთა ქორწილში" სოფო შეამჩნია კატერინა ფონ გეჩმენ-ვალდეკმა - გავლენიანი ქალი მიუზიკლების ზღაპრულ სამყაროში, მისი პროდიუსერი გახდა და შესთავაზა ესმერალდას როლი "ნოტრდამ დე პარიში". ამ სპექტაკლით დასმა მთელი რუსეთი მოიარა. ნიჟარაძის გვარმა მაშინაც გაიჟღერა, როცა ასობით ლამაზსა და ნიჭიერს შორის ფრანგმა რეჟისორებმა მთავარი როლისთვის მიუზიკლში "რომეო და ჯულიეტა" სწორედ სოფოზე შეაჩერეს არჩევანი. 2005 წელს სოფო ნიჟარაძე რუსეთის სახელით მონაწილეობდა "ახალ ტალღაში", სადაც მეშვიდე ადგილი აიღო. ეს პერიოდი ცუდად ახსენდება "ძალიან მინდოდა კონკურსში ჩემი სამშობლოს სახელით მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს ვერ მოხდა. მაშინ საქართველოში არავინ მიცნობდა და ქვეყნის წარდგენას კონკურსზე როგორ მანდობდნენ... შემდეგ ჩემმა პროდიუსერმა დაჟინებით მთხოვა, რომ რუსეთის სახელით გამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ თავიდანვე ვიცოდი, რომ "ახალი ტალღა" ჩემს შემოქმედებაში დიდ როლს არ ითამაშებდა." სწავლის დასრულების შემდეგ მოსკოვიდან წამოსვლას არ ფიქრობდა, რომ არა ის ავბედითი დღეები და რუსეთ-საქართველოს ომი. ბევრი ახალი თუ ძველი წარმატებული პროექტი მიატოვა და წამოვიდა. ომის დაწყებიდან ზუსტად სამ დღეში სოფო თბილისში გაჩნდა. არ დაბრუნებულა იმისთვის, რომ პატრიოტიზმის გამო ვინმეს შეექო ან გაეკიცხა, გააკეთა ის, რაც სწორად მიაჩნდა. არ ნანობს!


კარიერა საქართველოში 2008-2010 წლები

საქართველოში დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე სათანადოდ დააფასეს. მისი დებიუტი ქართველი მსმენელის წინაშე 2009 წლის ივლისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის ჯოზეფ ბაიდენისთვის მიძღვნის ოფიციალურ საღამოზე შედგა. მსმენელმა სოფო მიიღო და მალევე შეიყვარა. იმ დროს სოფომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა "მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ჩემზე, როგორც მომღერალზე, მოთხოვნაა. თავიდან, როცა მოსკოვიდან მოვდიოდი ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება და მომავალზე არ ვფიქრობ ხოლმე. შესაბამისად, არც იმაზე მიფიქრია რა იქნებოდა თბილისში, რა უნდა გამეკეთებინა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად აეწყო." ხალხისგან დაფასებულმა ქართველმა არტისტმა სოფო ნიჟარაძემ 2010 წელს შეასრულა დუეტი მიუზიკლიდან "ვესტსაიდის ისტორია" მსოფლიოში აღირებულ ტენორ ხოსე კარერასთან ერთად. ამის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოფო ნიჟარაძე 2010 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წამრგენად დაასახელა.


ევროვიზია 2010

2010 წლის მაისში ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ევროვიზიის კონკურსზე სოფომ წარადგინა საქართველო სიმღერით "Shine". მაშინ ყველას რეაულური იმედი გაუჩნდა, რომ სოფოს შეეძლო მოეგო კონკურსი, რადგან თავიდანვე ოსლოში ჩასული ქართული დელეგაცია განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. Google-ის რეიტინგებით ქართველები მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ, კონკურსის საბოლოო შედეგებით მეცხრე ადგილი არგუნეს. სოფო გააოცა იმ ფაქტმა, რომ ქვეყნებმა (ლატვია, ბულგარეთი, ჰოლანდია..), რომლებმაც კონკურსის ნახევარფინალში საქართველოს უმაღლესი ქულები მიანიჭეს, ფინალში ქულა საერთოდ არ აღირსეს. "ნაკლები შანსია პატარა ქვეყანამ ამხელა ქვეყნებს მოუგოს მოპოვებული ხმების ოდენობით", - ამბობს სოფო. საბოლოოდ 2010 წელს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე ქულათა საერთო ჯამში მეცხრე ადგილზე გავიდა.

ევროვიზიის შემდეგ სოფო, როგორც მომღერალი მეტად მოთხოვნადი გახდა. დაეწყო სოლო საკონცერტო გამოსვლები სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად თურქეთსა და აზერბაიჯანში. საქართველოს თითქმის ყველა მნიშნელოვან კულტურულ ღონისძიებაზე სოფო მთავარი შემსრულებელი იყო. საახალწლო გალა კონცერტებზე ანდრეა ბოჩელისთან და ხულიო იგლესიასთან დუეტების შესრულების შემდეგ ყველაზე პოპულარულ ქართველ ქალად იქცა.


როლები მიუზიკლებში 2010-2012 წლები

ბოლო წლებში საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში მიუზიკლს დიდი როლი ენიჭება. ყველაზე გახმაურებელი ქართული მიუზიკლი "ქეთო და კოტე" 2010 წლის ნამდვილ მოვლენად იქცა, რადგან მასში ყველა თაობის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა ნანი ბრეგვაძე, პაატა ბურჭულაძე და რა თქმა უნდა ახალგაზრდა თაობის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სოფო ნიჟარაძე, რომელმაც ქეთოს არია შეასრულა. პარტნიორობას მას ბათუმელი მომღერალი ნიკო ბერიძე უწევდა. მიუზიკლის პრემიერამ ბათუმში ნამდვილი ანშლაგით ჩაიარა, მომდევნო თვეებში კი დასს გამოსვლები თბილისში ჰქონდა. 2012 წელს კი სოფო ახალ მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიებში" ვარდოს როლში მოგვევლინა. რეჟისორი და დამდგმელი ქორეოგრაფი ფრანგი რედა ბენტიფორია, რომელიც ასევე სოფოს უახლოესი მეგობარია. სწორედ მასთან ერთად მუშაობდა სოფო მიუზიკლებში "რომეო და ჯულიეტა" და "ნოტრდამ დე პარი", ასევე რედა იყო სოფოს ქორეოგრაფი, როდესაც ის ევროვიზიაზე ბრწყინვალე სასცენო ნომრით წარსდგა. "ვერის უბნის მელოდიებში" სოფოს პარტნიორობას ბუბა კიკაბიძე და ნოდიკო ტატიშვილი უწევდნენ.


ალბომები "Who You Are" (2008) და "We Are All" (2014)

კლასიკური მუსიკალური განათლება დაეხმარა სოფოს წარმატებისთვის მიეღწია არა მხოლოდ მიუზიკლებში, არამედ პოპულარულ მუსიკაშიც. 2008 წელს მან თავისი პირველი სოლო ალბომი "Who You Are" გამოუშვა. 2014 წელს მისი მეორე ალბომი სახელწოდებით "We Are All" გამოიშვა. ალბომის ჩაწერის პროცესმა რამდენიმე წელი გასტანა. ის სრულად შვედეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალხარისხიან ხმისჩამწერ სტუდიაში დამზადდა. ალბომის პროდიუსერი მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან ლუეცია, რომელიც სიმღერებს უწერს სელინ დიონს. "We Are All" პირველი ალბომია ქართველი შემსრულებლის, რომლის შეძენაც iTunes-ზეა შესაძლებელი. ალბომში მეთორმეტე ტრეკად შესულია სოფოს და ცნობილი ამერიკელი შემსრულებლის, სტივ უანდერის ბექ-ბოკალისტის დეჟა გომესის დუეტი. მათი სიმღერა "Two of a Kind" 2011 წელს სტუდია Bravo Records-ში ჩაიწერა. სიმღერაზე გადაღებულია კლიპიც. ასევე სოფო ნიჟარაძის მონაწილეობით გადაღებულია კლიპები (მე მიყვარს ქუთაისი, ბათუმი, რაბათი, აფხაზეთი PS. მაგრამ არა ანაკლია, როგორც ამას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და ჟურნალ "ვერსიას" "ჟურნალისტები" ამტკიცებენ), რომლებიც ყოფილმა ხელისუფლებამ ამა თუ იმ რეგიონის გასაპიარებლად დაამზადა.


პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობა

2009-2012 წლებში სოფო სამთავრობო ღონისძიებებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე სხვადასხვა ქვეყნის ჰიმნის მთავარი შემსრულებელი იყო. ამასთან დაკავშირებით ის კომენტარს აკეთებს "მიხარია, რომ ეს ვალდებულება დამეკისრა. ძალიან საპასუხისმგებლოა, როდესაც ასრულებ არა მხოლოდ შენი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნის ჰიმნს."

პოლიტიკურ თემაზე ვრცლად საუბარს ყოველთვის გაურბის, თუმცა არაერთხელ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება საქართველოში და მსოფლიოში მომხდარ საზოგადოებრივ მოვლენებზე. არავისთვის არ არის უცნობი, რომ ის ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერი არის, რადგან იზიარებს გუნდის პოლიტიკურ კურსს და იდიოლოგიას. სოფო აღნიშნავს, რომ ის მთავრობა, რომელიც დაინტერესდება ხელოვნების სფეროთი და ხელს შეუწყობს კულტურული ცხოვრების განვითარებას, ყოველთვის გვერდით დაუდგება. ამიტომაც ხშირად გამოდის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ აქციებზე, რის გამოც საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდან, რომელსაც სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს იმსახურებს კრიტიკას, ხშირად არაკონსტუქტიულს. "სამწუხაროდ საქართველოში ყოველთვის ცდილობენ, პოლიტიკა და ხელოვნება ერთმანეთს დაუკავშირონ. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსი მეტად პოპულარულია, ვიდრე ხელოვანი და ეს ცუდი პრაქტიკაა."- აცხადებს სოფო. თავისი თავი პოლიტიკოსად ვერ წარმოუდგენია და აღნიშნავს, რომ ძალაუფლებისკენ სწრაფვა არასდროს ჰქონია, ამიტომაც ურყობს ჭორებს, რომელიც წინა წლებში ვრცელდებოდა, როცა მას ხან კულტურის მინისტრად, ხანაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნიშნავდნენ. "არ ვარ ჩინოვნიკი და არც მაქვს ამის სურვილი. თუმცა იმათ გასაგონად, ვისზეც, ეს ჭორი აღშფოთებას იწვევს, მინდა ვთქვა, რომ ქართული ენის გარდა კიდევ ორი ენა ვიცი სრულყოფილად, ორ ენას ვსწავლობ. ნებისმიერ თემაზე დაწყებული საქართველოს ისტორიით დამთავრებული დიპლომატიით, შემიძლია, ნებისმიერ ადამიანთან დავჯდე დებატებში. ოქროს მედალზე მაქვს სკოლა დამთავრებული და რუსეთში ორი უნივერსიტეტი დავამთავრე წითელ დიპლომზე. ისე არასდროს მქონია თანამდებობისკენ სწრაფვის სურვილი და ყოველთვის რასაც ვაკეთებდი დაკავშირებული იყო კულტურასთან. შესაბამისად, რასაც მომავალში გავაკეთებ ისიც ხელოვნების სფეროსთან იქნება დაკავშირებული" - ამბობს სოფო, მაგრამ აღნიშნავს, რომ 2010-2011 წლებში მართლაც მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში "დიახ, დაკავებული ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის კულტურულ სამმართველოში. იმ სფეროში მიწევდა მუშაობდა, რომელიც ახლოს არის ჩემს საქმიანობასთან. არანაირი თანამდებობა არ მქონია, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პოზიცია მეკავა." იმ დროს მუშაობის პარალელურად სოფო თბილისის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა.


სატელევიზიო აქტივობა

მუსიკლურ კარიერასთან ერთად სოფო სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებსა და შოუებში გვევლინება. 2010 წლიდან ორი სეზონის მანძილზე სოფო მასშტაბური პროექტის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იყო. ამ პროექტთან დაკავშირებით სოფო იხსენებს ""ნიჭიერი" ჩემი ყველაზე საყვარელი პროექტია. იქ ბევრი რამ მივიღე, მას მეც შევძინე რაღაც. ვცდილობდი, ბუნებრივი ვყოფილიყავი, ისეთი, როგორიც ვარ. თუ მანამდე ჩემი შემოქმედებით მიცნობდნენ, "ნიჭიერით" ხალხმა უფრო ადამიანური კუთხით გამიცნო, როგორც რიგითი მოქალაქე და ჩვეულებრივი ადამიანი.." 2013 წელს კი სოფო "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთ მონაწილედ მოგვევლინა. ყველა ამბობდა, რომ მას რეალური შანსი ჰქონდა პროექტის მოგების, თუმცა სამწუხარო ამბის, მამის გარდაცვალების გამო ის პროექტს გამოეთიშა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ის უამრავი რეიტინგული გასართობი გადაცემის სრუმარი გახლდათ.


ფილმოგრაფია

სოფოს ფილმოგრაფია ერთ მხატვრულ ფილმს "სიყვარული აქცენტით" იტევს, რომლის რეჟისორი რუსეთში მოღვაწე ქართველი რეზო გიგინეიშვილია. 2014 წელს სოფომ ასევე შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი დავით დოიაშვილის კინო-მიუზიკლში "ლურჯი ფრინველი".

1
555
1-ს მოსწონს
ავტორი:Marika1013
Marika1013
555
  
2019, 31 ივლისი, 10:12
დაბადების თარიღი არასწორად წერია. სწორი თარიღია 1985. და არა 1986. წყარო:

Website of National Parliamentary Library of Georgia:
http://www.nplg.gov.ge/bios/en/00006763/

Website of Music and Drama Theatre (Tbilisi, Georgia):
http://musictheatre.ge/index.php/GE/გალერეა/12-თეატრი-დღეს/დასი/132-სოფო-ნიჟარაძე
0 1 1