x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
რუსმა სამხედროებმა, საქართველოში ინტერვენციის ბრძანება 5 აგვისტოს მიიღეს

imageინტერნეტში, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მორიგი აღიარება გავრცელდა. აღიარების ავტორი რუსი ჯარისკაცია, რომელიც აგვისტოს ომის უშუალო მონაწილეა და რომელმაც, თავის სამხედრო ნაწილთან ერთად, როგორც ამბობს, საქართველოს საზღვრებისკენ გადაადგილების ბრძანება ჯერ კიდევ 2008 წლის 5 აგვისტოს მიიღო.რუსი ჯარისკაცის აღიარება სრულებით ეწინააღმდეგება კრემლის ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმადაც, ის, თითქოსდა, „მშვიდობიანი ოსახლეობის დაცვის კეთილშობილური მიზნების“ გამო, იძულებული გახდა „უკვე დაწყებული ქართული აგრესიის“ მოგერიება და საპასუხო მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ 8 აგვისტოს დაეწყო.ამას ვინმე ალექსი მარკუსის ბლოგზე გამოქვეყნებული „რუსი ჯარისკაცის დღიური“ თვალნათლივ აბათილებს.„მე სამხედრო სამსახურის კავკასიაში გავლამ მომიწია, - ჩრდილოეთ ოსეთში. და როცა დაიწყო ამბავი სამხრეთ ოსეთში, ბრძანება იყო - იქ წავსულიყავით…. 2008 წლის მთელი აგვისტოს განმავლობაში მე ერთიანი ვიყავი ჩემს ავტომატთან. მასთან ერთად მეძინა“ - წერს მე-6 ჰაუბიცური თვითმავალი-საარტილერიო ბატარეის მზვერავი რიგითი ალექსეი.
მისი აზრით, ის „უცხო ოსურ მიწაზე“ იმყოფებოდა, თუმცა მალევე შეიგრძნო, რომ ეს „სამშობლო იყო“.ალექსეის თქმით, ყველაფერი აგვისტოს პირველ დღეებშივე დაიწყო. საკუთარი დაბადების დღიდან დაბრუნებულმა შეიტყო, რომ მათ დივიზიას ტარსკოეს პოლიგონზე გზავნიდნენ. ის ადასტურებს იმასაც, რომ სამხედრო სწავლება „კავკაზ 2008“-ის დასრულების მიუხედავად, რატომღაც, დივიზიები თავიანთი დისლოკაციის ადგილებს არ უბრუნდებოდნენ და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, კავკასიონის ქედის ძირში იყვნენ გამაგრებულები.
„ეს მაშინვე არ მომეწონა. რაღაც ცუდი ტრიალებდა ჰაერში. ოფიცრები დუმდნენ, ოფიცრები და სერჟანტები ვარაუდობდნენ. და ვიქნებოდი ასე გაურკვევლობაში, ერთ ოფიცერს რომ არ წამოსცდენოდა - „შესაძლოა ომი საქართველოსთან“.
ოფიცრის სიტყვები გამართლდა. ალექსეი ყვება, სწორედ 5-ში დილით ადრე დაიწყო საქართველოზე შეტევის სამზადისი და შესაბამისი ბრძანება, პოზიციების დაკავების შესახებაც 5 აგვისტოს მიიღეს. მათ უბრძანეს, პოზიციები დასახლებული პუნქტის, ტარსკოეს სიახლოვეს დაეკავებინათ. გამთენიისას, 6 საათზე კი სამხედრო ტექნიკამ, ვლადიკავკაზში თავისი სადგომი დატოვა და ცხინვალის რეგიონისკენ დაიძრა.
ალექსეის არ შეუმჩნევია, რომ რაიმე დაგეგმვისა და წინასწარი სამზადისის გარეშე ხდებოდა. ის შენიშნავს, რომ „ყველაფერი სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა, ყოველგვარი შფოთის გარეშე“ - წერს რიგითი.
საბრძოლო მანქანაში მჯდომმა ალექსეიმ გადაწყვიტა, ამის შესახებ მეგობრისთვის შეეტყობინებინა და მობილურზე მისწერა ჯარების საქართველოსკენ სვლის შესახებ…
გზაზე ტექნიკას პრობლემები გაუჩნდა, მათ შორის, მის უნივერსალურ მრავალმიზნიან მსუბუქჯავშნიან მანქანას. ალექსეი ჩამორჩა, კოლონამ კი, როგორც წერს, დანიშნულების ადგილს მიაღწია.
მანქანის ამუშავებას მდინარესთან ცდილობდა, მეორე ნაპირზე კი ადგილობრივები შენიშნა, რომლებიც როგორც ამბობს, „რაღაცას მხიარულად აღნიშნავდნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, მათ სრულებითაც არ გაჰკვირვებიათ აქ სამხედრო ტექნიკის გამოჩენა….“
ალექსეის სოფელ ტარსკოეში წასვლა უბრძანეს. ბნელდებოდა, როცა ადგილზე ჩავიდა და ახალი დავალებაც მიიღო. მას ვლადიკავკაზიდან მომავალი სამხედრო ტექნიკის კოლენებიდან იარაღი უნდა გადმოეტვირთა:
„ვლადიკავკაზიდან დაუსრულებელ კოლონად მოდიოდნენ საბრძოლო მასალით დატვირთული „კამაზები“. ჩვენ ვტვირთავდით მათ“ - წერს რიგითი და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მაშინ იგრძნო ომის გარდაუვალობა.
ეს პირველი რუსი ჯარისკაცის პირველი აღიარება არ არის იმის შესახებ, რომ 2008 წელს რუსეთი დაესხა თავს საქართველოს და მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.
ალექსეი, სავარაუდოდ, ომის სხვა მნიშვნელოვან დეტალებზეც დაწერს. თავისი მონათხრობის ბოლოს, ის, ამბის გაგრძელებას გვპირდება.

1
97
2-ს მოსწონს
ავტორი:ნონა
ნონა
97
  
0 1 1