კინო როგორ იცვლებოდა ანა კარენინას სახე კინემატოგრაფიაში 2014, 3 აპრილი, 15:52 ლევ ტოლსტოის მიერ შექმნილი ღრმა, მგრძნობიარე, მაგრამ სუსტი ქალის სახე იმდენად საყოველთაო აღმოჩნდა, რომ ყველა ენაზე გასაგები გახდა და მსოფლიო საგანძურად იქცა. რომანი, რომლის წერაც ავტორმა 141 წლის წინ დაიწყო, დღემდე აქტუალურია ხელოვნების თითქმის ყველა დარგში, განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიაში. ამჯერად წარმოგიდგეთ ანა კარენინას ეკრანული სახის ყველაზე ცნობილ შემთხვევებს. 1. ჩვენამდე მოღწეული პირველი ეკრანიზაცია განხორციელდა 1914 წელს, რუსეთში. ეს იყო ვლადიმირ გარდინის მუნჯი ფილმი, რომელშიც კარენინას როლი შეასრულა მარია გერმანოვამ. 2. 1927 წელს, ედმუნდ გულდინგმა გადაიღო ფილმი, სახელწოდებით "სიყვარული" ტოლსტოის რომანის მოტივებზე. ეს იყო ისევ მუნჯი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს გრეტა გარბო თამაშობდა. 3. 1935 წელს გრეტა გარბომ ისევ ითამაშა იგივე როლი, ამჯერად კლარენს ბრაუნის ხმოვან ფილმში "ანა კარენინა". 4. "ანა კარენინას" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროპული ეკრანიზაცია განხორციელდა დიდ ბრიტანეთში, 1948 წელს, ჟულიენ დიუვივიეს მიერ. ფილმში, რომელიც უმთავრესაც ფსიქოლოგიურ ასპექტებზე იყო კონცენტრირებული და ნაკლებად წარმოაჩენდა ისტორიულ კონტექსტს, ანას როლი შეასრულა ვივიენ ლიმ. 5. 1967 წელს გამოვიდა ალექსანდრ ზარხინის ფილმი, რომელშიც ანა კარენინა ტატიანა სამოილოვამ განასახიერა. ეს გახდა რომანის ყველაზე ცნობილი საბჭოთა ეკრანიზაცია. 6. 1974 წელს მარგარიტა პილიხინას ფილმ-ბალეტში კარენინას როლი მაია პლისეცკაიამ შეასრულა. 7. 1985 წელს ანა კარენინას როლი ერგო პოპულარულ ამერიკელ მსახიობს, ჟაკლინ ბისეს, საიმონ ლენგტონისეულ ეკრანიზაციაში. ვრონსკის როლს კი სუპერმენის როლის შემსრულებელი, ლეგენდარული კრისტოფერ რივი ასრულებდა. 8. 1997 წელს ტოლსტოის პერსონაჟის განსახიერება წილად ხვდა სოფი მარსოს, ბერნარდ როუზის ფილმში. 9. 2009 წელს გამოვიდა სერგეი სოლოვიოვის ფილმი, სადაც ანას როლს რეჟისორის ყოფილი ცოლი და მუზა, ტატიანა დრუბიჩი ასრულებდა. 10. "ანა კარენინას" ჯერ-ჯერობით ბოლო ეკრანიზაციას წარმოადგენს ჯო რაიტის მიერ 2012 წელს გადაღებული ვერსია კირა ნაიტლის მონაწილეობით. 2013 წელს ფილმმა "ოსკარი" მიიღო საუკეთესო კოსტიუმებისთვის. 317 2-ს მოსწონს
|