x
ლევან აბრამიშვილი

ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი ლევან აბრამიშვილი, ძირითადად Op-Art ჟანრში მოღვაწეობს, თუმცა ამბობს, რომ მისი შემოქმედება ერთ კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
დაიბადა თბილისში 1988 წელს, ამბობს, რომ: "ისე ვხატავდი, როგორც ყველა ბავშვი ხატავს:)" და რომ, მის მხატვრად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მამამისმა, რომელიც ასევე მხატვარი იყო - მერაბ აბრამიშვილი, აქედან გამომდინარე ხშირი შეხება ქონდა ამ სფეროსთან. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიურად მუშაობს საკუთარ სახელოსნოში და მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში.ლევან აბრამიშვილის გამოფენები:
2005წ. ჯგუფური გამოფენა სამხატვრო აკადემიაში
2006წ. ჯგუფური გამოფენა სამხატვრო აკადემიაში
2007წ. ჯგუფური გამოფენა თუმანიშვილის სახელობის თეატრში
2007წ. ჯგუფური გამოფენა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2007წ. Pro-Art - სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა “პროკრედიტ ბანკში”
2008წ. პერსონალური გამოფენა გალერეა “ვერნისაჟში”
2008წ. ჯგუფური გამოფენა თემაზე “რაჭის პეიზაჟი” გალერეა “ვერნისაჟში”
2009წ. ჯგუფური გამოფენა თემაზე “პეიზაჟი 2” გალერეა “ვერნისაჟში”
2009წ. ჯგუფური გამოფენა “თაობათა გადაძახილი” გალერეა “ვერნისაჟში”
2009წ. ჯგუფური გამოფენა თემაზე “თაობიდან თაობაში” საგამოფენო ცენტრი “მუზა”
2010წ. ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენა “შეხვედრა ფიროსმანთან 3” მუზეუმი “ქარვასლა”
2010წ. ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფური გამოფენა. გალერეა “ვერნისაჟში”
2011წ. ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა სახელწოდებით “1, 2, 3.” გალერეა “ვერნისაჟში”
2011წ. "18-th International festival of visual arts" ირანი.
2012წ. “ფრაგმენტები, მეთოდოლოგია, აფსურდები” გალერეა „Open Gallery“- ში.
2012წ. “Deutsch-Georgische Kulturtage in Regensburg”. ღეგენსბურგი, გერმანია.
2013წ. “Georgien 3-mal anders”. მიუნხენი, გერმანია


-imageimage აშკარად ჩანს ინდივიდუალური, ანუ შენი სტილი შენს ნახატებში, როგორ ფიქრობ რომელიმე მხატვრის გავლენაა? ან როგორ ჩამოყალიბდა შენი სტილი და რა მიმდინარეობას მიეკუთვნები

„ვერ ვიტყოდი, რომ კონკრეტულად რომელიმე მხატვრის გავლენა მაქვს, ალბათ ჟანრების გავლენა უფრო მაქვს, ვიდრე რომელიმე მხატვრის, თუმცა არის რაღაც ნიუანსები, რომლითაც მამაჩემს - მერაბ აბრამიშვილს ვგავარ.მაგალითად წვრილი დეტალებისგან შედგენილი კომპოზიცია. ბოლო პერიოდში "ფართო მონასმებს" ნაკლებად ვიყენებ.

რაც შეეხება მიმდინარეობას, ალბათ ყველაზე მეტი Op-Art, ანუ ოპტიკური ხელოვნებაა ჩემს სურათებში. ვერ ვიტყვი, რომ ერთ კონკრეტულ ჟანრს მივეკუთვნები. სხვადასხვა ჟანრებისგან მაქვს სხვადასხვა ხერხი თუ მანერა ნასესხები. ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად.“

-როგორც ვიცი ღამე ანათებენ ნახატები, ფოსფორის ეფექტი ალბათ?
„ამ ბოლო დროს დავიწყე ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა, რომლებიც მხოლოდ ულტრაიისფერი ნათურის დახმარებით ანათებს და სიბნელეში აღიქმევა. ეხლა ვმუშაობ ულტრაიისფერ გამოფენაზე.“

- შენი შთაგონების წყარო თუ გყავს, ანუ მუზა?
„შთაგონების წყარო შეიძლება იყოს მიმდინარე რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, უცნობი, ან ნაცნობი ადამიანი, ხე, ბოქლომი და ასე შემდეგ. სამყაროში დაგროვილ, ან უბრალოდ რომელიმე ინფორმაციას, თუ იმპულსს უკეთებ კონცენტრირებას და გადაგაქვს ტილოზე, ქაღალდზე თუ რომელიმე სხვა მასალაზე. მუზა ჩემთვის გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც გეხმარება თავის გამართლებაში, თუ რატომ არ მუშაობ (არ ვმუშაობ, იმიტომ რომ მუზა არ მწვევია).“

-ადვილია შენთვის ნახატის გაჩუქება?
ანუ, რას ნიშნავს როდესაც ნახატს ჩუქნი ვინმეს
„ადვილი არ არის გაჩუქება და თუ ჩუქნი, ჯობია აჩუქო იმას, ვინც აფასებს შენს საქმეს. ვთვლი, რომ გაჩუქებაც საჭიროა და გაყიდვაც. სურათი არ უნდა ეკიდოს მარტო მხატვრის სახელოსნოში, გალერეაში, ან მუზეუმში, იმიტომ რომ მარტო იმიტომ არ ვხატავ, რომ მარტო მე და ჩემმა მეგობრებმა ვუყუროთ.“

- საინტერესოა, საქართველოში რამდენად არის შესაძლებელი
იყო მხატვარი და მხოლოდ ამ პროფესიით იცხოვრო?
„ბევრი რამეა შესაძლებელი, მთავარია რა მოთხოვნები გაქვს:) დიდი ფულის შოვნაზე რა თქმა უნდა ლაპარაკიც კი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გალერეები, თუმცა გალერეებში ხალხმა უნდა იაროს, ანუ არ არის მოთხოვნა მხატვრებზე და მათ ნამუშევრებზე. არ ვეთანხმები არგუმენტს, რომ სურათის ყიდვა ფუფუნებაა და ხალხს არ აქვს საშუალება ისინი იყიდოს. უბრალოდ პრიორიტეტებია განაწილებული ისე, რომ მხატვრობაში ინვესტიციის ჩადება "წამგებიანია". მხატვრები შიმშილით არ იხოცებიან, მაგრამ არც მდიდრდებიან. მდიდრდებიან ძალიან ხმამაღალი და უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ. საქართველოში მხატვრობას ნაკლებად აღიქვამენ როგორც პროფესიას.“

„ჩვენ ტიპები ვართ, რომლებიც ვმაიმუნობთ, ან მეორე უკიდურესობა - ჩვენ ტიპები ვართ, რომლებიც ღმერთებს ველაპარაკებით და კიბის ქვეშ ცხოვრება ჩვენთვის პრობლემა არ არის ალბათ ეს სტერეოტიპიც თამაშობს დიდ როლს იმაში, რომ მხატვრობაში არ იდება ფული.“

0
67
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანო514
ნანო514
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0