x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, ცვლილებები მზადდება
image საქართველოში, აზარტული კლუბების მოწყობა იგეგმება, თუმცა, ამ ტიპის კლუბების გახსნა, მხოლოდ სამორინეებისა და სათამაშო აპარატების სალონების ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ. ამასთან, სათამაშო ბიზნესის თბილისელ მეპატრონეებს, რეგიონებში აზარტული კლუბების გახსნისას, პრივილეგიები უწესდებათ.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები – „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონებში შედის.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტი არეგულირებს – აზარტულ კლუბთან, აზარტული კლუბის მოწყობასთან, კლუბის მაგიდასთან, ასევე, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

პროექტის მიხედვით, აზარტული თამაშების გამართვა ასევე შესაძლებელი აზარტულ კლუბში იქნება, თუმცა, აზარტული კლუბის გახსნისთვის შესაბამისი ნებართვის აღება სავალდებულო გახდება.


ამას გარდა, კანონპროექტი, აზარტული კლუბის მოწყობასთან დაკავშირებით, სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთს ადგენს, კლუბის მაგიდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტად განისაზღვრება და კლუბის მაგიდაზეც მოსაკრებლის განაკვეთი წესდება.

რაც შეეხება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სათამაშო ბიზნესის თბილისელ მეპატრონეებს, რეგიონებში აზარტული კლუბების გახსნისას, პრივილეგიები უწესდებათ.

კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე არა უმეტეს სამი აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

ხოლო თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზეერთი აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

ამასთან, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, აზარტული კლუბის მოწყობისათვის მოსაკრებელი წელიწადში იქნება 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც მოსაკრებლის ოდენობებს ტერიტორიების მიხედვით, მთავრობა დააწესებს.

ამ საკითხების გარდა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს – 21 წლამდე პირისთვის აზარტულ კლუბში შესვლისა და თამაშობებში მონაწილეობის აკრძალვას.

ცვლილებების თანახმად, 21 წლამდე პირისთვის სამორინეში და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე პირისთვის − სათამაშო აპარატების სალონში და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესვლა და თამაშობებში მონაწილეობა აკრძალულია.

პროექტით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით, უზრუნველყოს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესული პირის ასაკის შემოწმება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტების ავტორი მთავრობაა და მისი განხილვა, საკანონმდებლო ორგანოში, უახლოეს მომავალში დაიწყება.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0