ქალი და მამაკაცი რას უკავშირდება ვალენტინობა? 2014, 1 თებერვალი, 19:17 14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს. ორივე კლავდიუს II-ის დროს 269 წელს ეწამა. პირობითად კი მათი წამების თარიღი 14 თებერვალია. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ-ის დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით, აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი ჯერ დასასჯელად ჩაიყვანეს რომში, შემდეგ კი დასაჯეს ტერენში. წამების შემდეგ, ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წელს პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. ვალენტინის კულტი უკვე IVს-ის წარწერებიდან ჩანს. ორი ვალენტინის კულტი ერთი წმინდანის სახელში გაერთიანდა. ასევე ფიქრობენ, რომ ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები აქვს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, იგი არშიყობისა და შეყვარებულების მფარველი ყოფილიყო. თუმცა, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით, კლავდიუს II-მ, რომელიც ომებს აწარმეობდა, ჩათვალა, რომ რომაელ დაოჯახებული მეომრები კარგად ვერ იბრძოდნენ, ამიტომ რომის იმპერიაში აიკრძალა ახალგაზრდების ჯვრისწერა. მღვდელი ვალენტინი კი მათ ჩუმად სწერდათ ჯვარს. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყვრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინისგან." ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით, ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა-ვალენტინა. 78 10-ს მოსწონს
|