კინო ფილმი, რომელიც გულგრილს ვერ დაგტოვებთ ანუ "I Cento Passi" 2014, 24 იანვარი, 2:45 ეს ფილმი პირველად დაახლოებით ორი წლის წინ ვნახე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი პერსონაჟის ცხოვრებამ, რომელსაც კინემატოგრაფიის ეს ნამუშევარი ეძღვნება ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა და დღემდე ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფები. იშვიათად, მაგრამ მაინც იბადებიან გამორჩეული სულიერი სამყაროს მქონე ადამიანები, რკინის ხასიათით და ღირსების ურყევი პრინციპით, რომელთა დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრებას შეუძლია განგაცდევინოთ ბავშვური აღფრთოვანება, ღრმა პატივისცემა, მოკრძალება მის მიმართ და რაღაც აუხსნელი სიამაყე. სიამაყე ალბათ იმისა, რომ სადღაც დააბიჯებდა ან დააბიჯებს ასეთი პიროვნება და რაოდენ დიდი ღირსებაა იყო მის მსგავსად ადამიანი.
მაშინ, როდესაც მაფია მძვინვარებს და გარშემო დიდი თუ პატარა მისი ყურმოჭრილი მონაა, მაშინ, როდესაც ხმის ამაღლებაზე გაფიქრებასაც კი ვერავინ ბედავს, ახალგაზრდა, მემარცხენე აქტივისტი პეპინო იმპასტატო თამამად ილაშქრებს მის წინააღმდეგ. პატარა რადიო სადგურის მეშვეობით ცდილობს ხმა მიაწვდინოს "მიძინებულ" ადამიანებს და რამდენიმე მეგობართან ერთად შეუპოვრად იბრძვის გარშემომყოფთა გამოსაფხიზლებლად. აქტიური საპროტესტო აქციები და ცინიზმით გაჟღენთილი რეპორტაჟები, სტატიები... ენთუზიაზმით სავსე პეპინოს უკან დახევა არ სჩვევია. მაფია კი "შეცდომებს" არავის პატიობს. თუმცა ქვეყნად უკვალოდ არაფერი ჩაივლის ხოლმე. "ასი ნაბიჯი", ასე ჰქვია ფილმს მტკიცე, დაუმორჩილებელი, მეამბოხე სულის ადამიანზე, რომელმაც შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოთ. პეპინო იმპასტატო დღეს თავისი სამშობლოს, იტალიის ეროვნული გმირია.
"I Cento Passi" - "ასი ნაბიჯი ჟანრი: კრიმინალური ბიოგრაფიული დრამა. რეჟისორი: მარკო ტულიო ჯიორდანა. ფილმი იტალიურენოვანია, ეკრანებზე გამოვიდა 2000 წელს. P.S. ყველას გირჩევდით, რომ ნახოთ... 100 15-ს მოსწონს 1-ს არა
|