მუსიკა გელა გურალია თბილისში ქართველ გულშემატკივრებს შეხვდა 2014, 17 იანვარი, 16:17 ახალგაზრდა ქართველი მომღერალი და კონკურს "ვოისის" ფინალისტი დიდი წარმატების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
2013 წლის საესტრადო კონკურსის - რუსული ვოისის ფინალისტი ქართველი ნიჭიერი შემსრულებელი, რუსეთში მიღწეული წარმატების შემდეგ, რუსულ შოუბიზნესში ყველაზე პოპულარულ მომღერლად აღიარეს. მისი უნიკალური ხმის ტემბრისა და უბადლო საშემსრულებლო კულტურის შესახებ ინფორმაციას კი უკვე მსოფლიო მედიაც ავრცელებს და მომღერალს დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. საქართველოს პატრიარქის მოწვევით გელა გურალია 3 იანვარს დედაქალაქში ჩამოვიდა. სადაც პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად საპატრიარქოში მიიწვიეს. 5 იანვარს კი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს ახალგაზრდა შემსრულებელმა გუნდთან ერთად კირიე ელეისონიც იგალობა. გელა ამჟამად თბილისში თავის პირველ სადებიუტო ალბომზე მუშაობს, რომლის ჩაწერაც სტუდია ბრავო რეკორდსის ორგანიზებით მიმდინარეობს. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სადაც მისი ძირითადი მოღვაწეობა გრძელდება, გელა საკონცერტო ტურნეს გამართავს. გელა გურალიას თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ქართველმა გულშემატკივრებმა, ახალგაზრდა ხელოვანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოულოდნელი დახვედრა მოუწყვეს. მისი ჩამოსვლის დღესვე გადაწყდა მომღერლის მხარდამჭერთა პირველი ქართული კლუბი შექმნილიყო, რომელიც თავის მხრივ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებსა და გულშემატკივრებს გააერთიანებდა. კლუბის მთავარი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს გელა გურალიას შემოქმედებას და გააცნოს ქართველი ტენორ-ალტინო მსოფლიო მელომანებსა და ჭეშმარიტი ხელოვნების მოყვარულებს. სწორედ კლუბის ინიციატივით 13 იანვარს, წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართა კლუბის პირველი დახურული შეხვედრა მომღერალთან. საღამოს მიზანი იყო კლუბის წევრები ვიწრო წრეში პირადად შეხვედროდნენ მომღერალს და გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება და პატივისცემა მომღელისადმი.სასიამოვნო საღამოზე გელა გურალიამ მის მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და ერთგული მსმენელი საკუთარი სიმღერით კიდევ ერთხელ მოხიბლა. ემოციებით სავსე შეხვედრის დასასრულს ჯგუფის წევრებმა მომღერალს სამახსოვრო საჩუქარიც უსახსოვრა. მომღერლის პირველი ქართული "ფან-კლუბი"მსგავსი სახის შეხვედრებსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს კვლავაც გააგრძელებს, რაც ახალგაზრდა მომღერლისთვის დამატებითი სტიმული და იმედია სამშობლოდან შორს ყოფნისას. 108 შეფასება არ არის
|