სხვა პატიმარი "სკაიპით" ქურდად "მოინათლა". 2013, 24 დეკემბერი, 16:51 ![]() ![]() ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სიტუაცია ციხეში დღესაც არ არის დალაგებული. ქსნის მე-15 დაწესებულებაში სკაიპით "კანონიერ ქურდად" კუკური გურგენიძე "მონათლეს". საინტერესოა ისიც, რომ ეს 2013 წლის 17 ნოემბერს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მოხდა... გასულ კვირას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. მაშინ ითქვა, რომ მისი დაკავება ქურდის "ნათლობას" უკავშირდებოდა. როგორც გავარკვიეთ, ეს არ არის სიმართლე, საქმე უფრო რთულად არის. ამ ბრალდებით ციხეში მომხდარი ახალი დანაშაული გამოიკვეთა. თურმე სამი არასრულწლოვანი პატიმარი ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 10 აგვისტოს, ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ ფოცხვერიასთან საქმის გასარჩევად მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი დაპირისპირება 11 ოქტომბერსაც მოხდა არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. საქმის გასარკვევად იქ გენინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი მისულა, მაგრამ პრობლემა ვერ გადაუჭრია. ამის შემდეგ დაპირისპირებული პატიმრები ისევ ქურდებს შეარიგებინეს(!). ჩვენი ინფორმაციით, ამჯერად გლდანის მე-8 დაწესებულებაში წაუყვანიათ და იქ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს შეურიგებია. ![]() - ვიცი, რომ ქსნის მე-15 დაწესებულებაში "სკაიპით" "მოინათლა" გურგენიძე, მას "ვესი" ჰქონდა ციხეში და დაუფასდა. როგორც ვიცი, გურგენიძის შემთხვევაში საბერძნეთიდან ქართველი ქურდები ჩაერთვნენ "სკაიპში". ამ საკითხზე "სხადნიაკიც" შედგა საბერძნეთში და გადაწყვიტეს, უფლება მიეცათ. ვფიქრობ, ქსნის ადმინისტრაციას ეს არ ეცოდინებოდა, ან საიდან ეცოდინებოდათ, როცა პატიმრებს საკნებში აქვთ ლეპტოპები, ტელეფონები, ვაიფაი და "ნათლობაც" უპრობლემოდ ჩატარდა... ![]() ვერ გავიგე, პატიმრებს მობილურები თავისუფლად აქვთ? - ტელეფონის შეტანა 2.000 ლარი ღირს, ლეპტოპის - 5.000. დაბადების დღეებსაც "სკაიპით" იხდიან - ჩაერთვებიან ახლობლებს და მიდის სადღეგრძელოები. მეც დამირეკეს ერთხელ და ჩავერთე. სექსისთვისაც იყენებენ "სკაიპს", პატიმარი ნაშებსაც ურეკავს და მიდის გართობა. "ნათლობის" ამბავი მალე გახმაურდა, რადგან ყველა ზონაში არიან ჩამშვებები. ის ქურდი სასწრაფოდ გადაიყვანეს მე-7 დაწესებულებაში, დიდი გაცილებაც მოუწყვეს. ვარდიძის დაკავებასა და გურგენიძის ქურდად "მონათვლის" ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან ინფორმაციის მოძიება ვცადე. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ მოკლედ მითხრა, რომ ინფორმაციის მოძიებას ოფიციალურ ვებგვერდზე შევძლებდი... იქ განთავსებული ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სხვადასხვა დაწესებულების 60-მდე თანამშრომელი დისციპლინური წესით დაისაჯა. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, აღნიშნულ პირებს ავტომანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტები გამოუვლინდათ. ყველა მათგანს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - საყვედური. თუმცა, ვარდიძის დაკავებაზე ვებგვერდზე არაფერია აღნიშნული(?!). რაც შეეხება "სკაიპით" გურგენიძის "მონათვლას", ამ საკითხზე ირაკლი კორძაიამ ლაპარაკი არ ისურვა: "იმდენად არასერიოზულია, საუბარს არ ვაპირებთო!". იუწყება ჟურნალი "კვირის პალიტრა". 164 12-ს მოსწონს
|