გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ „ფორსაჟი-7“-თვის აღარ მოიფიქრონ ახალი სცენარი პოლ უოკერის გმირის დაღუპვისთვის და ფილმში ვიდეორეგისტრატორის მიერ გადაღებული რეალური კადრები და ავარიის ადგილზე გადაღებული ფოტოები გამოიყენონ.
სცენარში პოლ უოკერის გმირი მეგობართან ერთად მანქანაში ჩაჯდება და შემდეგ მოხდება ის, რაც მოხდა რეალურად: პროდუსერები დარწმუნებული არიან, რომ ფილმი არამარტო პატივს მიაგებს მსახიობის ხსოვნას, არამედ ყველაზე შემოსავლიანი ფილმის ტიტულსაც მოიპოვებს.
სულ რამდენიმე დღის წინ ექსპერტიზის დასკვნის შედეგებიც გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, რომ პოლ უოკერის მეგობარი, რომელიც „პორშეს“ საჭესთან იჯდა, შეჯახებისთანავე დაიღუპა, უოკერი კი რამდენიმე წუთით გვიან – მისი სიკვდილის მიზეზი ტრავმასთან ერთად მიღებული დამწვრობის სიმძიმეც გახდა. ცნობილი გახდა ერთი დეტალიც: შემთხვევის ადგილზე მისული უოკერის მეგობარი ნიუტ ვიმერი თავგანწირულად ცდილობდა, ალმოდებული მანქანიდან გადმოეთრია პოლ უოკერი და ამ მცდელობის დროს სერიოზული დამწვრობაც მიიღო. მან ხელიც კი გაარტყა მეხანძრეს, რომელიც მანქანიდან მის მოცილებას ცდილობდა.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სოციალურ ქსელში დაგეგმილი შეხვედრის მიხედვით, დაღუპული მსახიობის 7 ათასზე მეტი თაყვანისმცემელი შეიკრიბება ამ კვირას უოკერის გარდაცვალების ადგილას. ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მოსალოდნელია საცობების წარმოქმნა.
მსახიობის ოჯახის განცხადებით უოკერს ამ კვირაში დაკრძალავენ.
გთვაზობთ ვიდეოს, რომელიც გავრცელდა და უოკერის გარდაცვალების რეალურ კადრებს შეიცავს: