სად ცხოვრობს უფლისწული გიორგი და რა გეგმები აქვთ მასთან დაკავშირებით ბაგრატიონებს (ფოტოები)
ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი - გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა.
ორი წლის უფლისწული 3 ნოემბერს სვეტიცხოველში მონათლეს. უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი, და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.ნათლობის ცერემონია ჩატარდა სვეტიცხოველში, რომელიც სრულიად საქართველოს პათოკოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.
"თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 24 ივნისი, 1976, მადრიდი, ესპანეთი.) — სუვერენული მეთაური და საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი მაგისტრი თამარ მეფის წმინდა ორდენის დიდი მაგისტრი, ბაგრატიონთა სახლის უფროსი. საქართველოს ტახტის მემკვიდრე, ხშირად მოიხსენიებენ, როგორც დავით XIII.
2009 წლის 8 თებერვალს დავით მუხრანბატონელმა და ანა ბაგრატიონ- გრუზინსკაიამ სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.
დავითი თბილისში დასახლდა 2003 წელს, ხოლო 2004 წელს გააფორმა ორმხრივი მოქალაქქეობა საქართველოსთან. მამის, გიორგი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამეფო სახლის უფროსად და დინასტიის მემკვიდრედ გამოცხადდა, ისევე როგორც ყველა დინასტიური ორდენისა", - ვკითხულობთ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლის შესახებ ერთ-ერთ ბლოგზე.
თავის დროზე სწორედ პატრიარქის ოცნება ყოფილა, რომ ანას და დავითს ოჯახი შეექმნათ. თურმე მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანელების ორი ძლიერი შტო მათი საერთო მემკვიდრის დაბადებით გაერთიანდებოდა.
ანა და დავით ბაგრატიონები პატარა გიორგისთან და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროს ქალიშვილებთან ერთად საგურამოში, საკუთარ სახლში იცხოვრებენ. ძმასთან და რძალთან ერთად საქართველოში დამკვიდრება გადაწყვიტა დავითის უმცროსმა ძმამ - უგო ბაგრატიონმაც, რომელიც უკვე არა მხოლოდ ესპანელი, ქართველი ქალების გულთამპყრობელიც გახლავთ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა უგოსა და მისი პატარა ძმისშვილის ფოტოები. უგოს და დავითის მამა, გიორგი, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო შვილიშვილის დაბადებას. როგორც ცნობილია, მას ძალიან უნდოდა, დავითსა და უგოს საქართველოში ეცხოვრათ და ქართველი ცოლები ჰყოლოდათ. უფროსი გიორგი ბაგრატიონი 1998 წელს საქართველოში ყოფნის დროს გარდაიცვალა და სვეტიცხოველში დაკრძალეს დიდი წინაპრების გვერდით.
ბაგრატიონები საგურამოში იცხოვრებენ, დავითის სახლში, სადაც ამჯერად რემონტს აკეთებენ. არაოფიციალური საუბრებისას მათი ახლობლები აღნიშნავენ, რომ დავითი კვლავ თავის ბიზნესს მიხედავს.
"დავითი და ანა საქართველოში ისევე იცხოვრებენ, როგორც ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე. მათ არასდროს უფიქრიათ, ვინმეს დააწვნენ ტვირთად. მეტიც, ოჯახი ქმნის უფლისწულ გიორგის სახელობის ფონდს, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს საქართველოში. ბაგრატიონები აქტიურად ჩაერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არა - პოლიტიკაში, " - აცხადებდა mwvane.ge- სთან საუბარში სამეფო ოჯახის კანცლერი სიმონ კოპაძე. კითხვაზე, რატომ მოიხსენებენ გიორგის უფლისწულად, როდესაც საქართველოში სამეფო ტახტი არ არსებობს, სიმონ კოპაძე პასუხობს, რომ ნებისმიერი ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები დაბადებისთანავე ამ რეგალიით მოიხსენიებიან.
ჯერ კიდევ ანასა და დავითის დაქორწინებამდე ითქვა, რომ თუ ვაჟი დაიბადებოდა, მას აღზრდიდნენ, როგორც ტახტის მემკვიდრეს. ბაგრატიონების ახლობლების განცხადებით, გიორგი ასეც აღიზრდება, რაც საზოგადოებამ არ უნდა ჩათვალოს ოჯახის მცდელობად, უფლისწული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ აკურთხონ მეფედ. "უფლისწული ჯერ მხოლოდ 2 წლის არის და ამიერიდან გადაწყდება, ვინ და როგორ უნდა აღზარდოს იგი. იმედი გვაქვს, მანამდე, ვიდრე გიორგი სრულწლოვანი გახდება, ქართველი ხალხიც გადაწყვეტს, ქვეყნის როგორი პოლიტიკური მოწყობა სურს", - აცხადებს სიმონ კოპაძე.