"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ დავით ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ facebook-ის საკუთარ გვერდზე "ვარდების რევოლუციის" მნიშვნელობაზე განცხადება გააკეთა.
"ვარდების რევოლუციის ათი წლისთავის თაობაზე მინდა ორიოდ სიტყვა მოგახსენოთ.
ამ მოვლენის შეფასება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს. ფანატიკოსები და შიშველი გადარეულები რომ გამოვრიცხოთ, მეტ-ნაკლებად ნორმალურ ხალხში იმ პერიოდის მიმართ არსებობს ორი საპირისპირო შეხედულება.ერთნი თვლიან, რომ იყო ცუდი რაღაცეებიც, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო კარგი.
ხოლო მეორენი თვლიან, რომ იყო კარგი რაღაცეებიც, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო ცუდი.
აქედან გამომდინარე, მეორე კატეგორიისთვის (და პირადად მეც ამ კატეგორიაში ვარ) ვარდების რევოლუცია ვერანაირად ვერ იქნება ის მოვლენა, რომელმაც თვისობრივად უკეთესობისკენ გარდატეხა სიტუაცია. ასე მხოლოდ იმათ შეიძლება მიაჩნდეთ, ვინც სააკაშვილის მმართველობის პერიოდს არსებითად დადებით მოვლენად მიიჩნევს.
მოკლედ, მდაბიურად რომ ვთქვა, დღეს ვარდების რევოლუცია მხოლოდ მიშისტების დღესასწაულია და სხვა არავისი.
აქვე აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ ეს არ არის საზოგადოების გახლეჩვა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა, რადგან პირველთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია მათზე, ვინც მეორე კატეგორიაშია. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს მეორე კატეგორია მთელი ქვეყანაა და პირველი კატეგორია კი მხოლოდ პოლიტიკური სიმპატიის საფუძველზე შეკრული უმცირესობა.
და მათთვის ამ საზეიმო დღეს, ერთი რამ მინდა ვუსურვო უმცირესობაში დარჩენილებს. პრინციპში ადრეც მითქვამს, მაგრამ გამეორება რისი დედაცაა, თავად მოგეხსენებათ.
ძვირფასო ფრენდებო და არაფრენდებო, ვისაც კი ვარდების რევოლუცია გედღესასწაულებათ: რაც მალე გააცნობიერებთ, რომ სააკაშვილის ძალადობრივი ხელისუფლების წინააღმდეგი იყო მთელი ერი - ლიბერალებიც, კონსერვატორებიც, ზომიერებიც, რადიკალებიც, მოხუცებიც, ახალგაზრდებიც, პროგრესულებიც, რეგრესულებიც და ა.შ. და ა.შ., და ეს არ იყო პრორუსი კორუმპირებულებისა და ბნელი მასის ამბოხი პროდასავლური ელიტის წინააღმდეგ, მით უკეთესი თქვენთვის. მთავარია ეს გააცნობიეროთ და დანარჩენი თავისით მოვა", - წერს ზურაბიშვილი.