x
Game over! New Game?

როგორც იქნა დამთავრდა სააკაშვილის ათ წლიანი მმართველობის პერიოდი. ჯიუტი ბავშვივით ძლივს დაათმობინეს პრეზიდენტის სავარძელი. ახალი ერა უნდა დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ
შეიცვლება კი რაიმე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

უკვე თითქმის ტრადიციად იქცა ხელისუფლების სათავეში არაკომპეტენტური და გამოუცდელი პირების ყოფნა. ქვეყნის მომავალი პრემიერი სულ რაღაც 31 წლისაა, მის მიერ წარდგენილი შსს მინისტრობის კანდიდატი კი 28–ის. მინისტრების უმრავლესობა ასევე გამოუცდელნი და შესაბამის სფეროში არაკომპეტენტურნი არიან.

მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას ვერ გაიკეთებს პირი, რაც არ უნდა განათლებული იყოს, თუ შესაბამისი საფეხურები არ გაიარა. ამიტომ ყველა ასეთ ქვეყანის
ხელისუფლების სათავეში გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. ყველგან არსებობს შესაბამისი საგანმანათლებლო და პრაქტიკის მისაღები ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი თანამდებობის პირების კომპეტენტურობას. პოლიტიკური კარიერისათვის არსებული საფეხურები იმის გარანტიას იძლევა, რომ შემთხვევითი პირი არ მოხვდეს მაღალ თანამდებობაზე, რათა იგი ყოველთვის იცავდეს თავისი ქვეყნის ინტერესებს.

გამოცდილი კადრები ყოველთვის აკლდა საქართველოს. საბჭოთა პერიოდში, სსრკ–ს პერიფერიებში, თანამდებობას იღებდნენ პროტექციით, თუმცა შესაბამისი საფეხურების გავლით. ეს ხელსაყრელი იყო ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან პროტექციით დანიშნული თანამდებობის პირი ადვილი სამართავია.
ამიტომ, როდესაც სსრკ–ში დაიწყო ფარული პრივატიზაცია და ქონების გადანაწილება, საქართველო ამ პროცესების მიღმა დარჩა. ამან ოდნავ მოგვიანებით გამოიღო შედეგი და აღმოჩნდა რომ სსრკ–ს ერთერთი მდიდარი რესპუბლიკის მოქალაქეები ღატაკები დარჩნენ.

გამსახურდიას ხელისუფლების არაპროფესიონალიზმა და გამოუცდელობამ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. შემდეგ ქართველებმა ჩათვალეს, რომ შევარდნაძე საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი იყო (როგორც მაშინ უწოდებდნენ „მსოფლიო დონის პოლიტიკოსი“) და მას ჩააბარეს ქვეყანა. თუმცა მისი მართვის სტილი, ყველა დამნაშავედ ექცია და ისე ემართა ქვეყანა, ყველასათვის ცნობილი იყო. შევარდნაძის მართვის ასეთმა სტილმა, ქვეყანა მეკობრეთა კუნძულს დაამსგავსა და სრული განუკითხაობა დამყარდა ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში. ამ სიტუაციით ისარგებლეს ყველა დაინტერესებულმა სახელმწიფომ და საქართველოში ფართო აგენტურული ქსელები შექმნეს, ეს მათ საშუალებას აძლევთ მუდმივად საქმის კურსში იყვნენ თუ რა ხდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ვის დაუჭირონ მხარი და დაეხმარონ ხელისუფლებაში მოსასვლელად, რათა მათი ინტერესები იქნას დაცული რეგიონში.

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას დიდი იმედით შეხვდა ქვეყნის მოსახლეობა. საშინაო საქმეებში მან მართლაც მიაღწია წარმატებას და მოსპო დაბალ და საშუალო დონეზე კორუფცია. მაგრამ საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში და ქვეეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მას წარმატება არ ეწერა, რადგან იგი უცხო ქვეყნის ინტერესებს იცავდა ამ სფეროში და ამით საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ილახებოდა. იგი ამას ალბათ შეგნებულად არ აკეთებდა, მას და მის თანამოაზრეებს ახლაც ჰგონიათ, რომ სხვა ქვეყანა, თავის ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ჩვენ დაგვეხმარება. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მათ არაკომპეტენტურობაზე
მეტყველებს და არა შეგნებულ მოღალატეობრივ საქმიანობაზე. თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, აშკარა დანაშაულებრივ მოქმედებაზე გადავიდნენ და შეეცადნენ ქვეყანაში
ტოტალიტარიზმი დაემკვიდრებინათ.

როდესაც ქვეყანას არ აქვს ამბიცია ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტად იქცეს და საქვეყნოდ აცხადებს, რომ იგი სხვა ქვეყნის (აშშ–ს) ინტერესების დამცველი იქნება რეგიონში, ასეთი ქვეყნის მართვას დიდი ცოდნა და გამოცდილება არ სჭირდება. ივანიშვილის გადაწყვეტილება, ქვეყანა ჩააბაროს გამოუცდელ და არაკომპეტენტურ პოლიტიკოსებს, იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა იქნება ფასადურად დემოკრატიული, ხოლო სინამდვილეში არსებული ხელისუფლება სხვა ქვეყნის მითითებების შემსრულებელი იქნება. რა თქმა უნდა უფრო მარტივი იქნებოდა საქართველოში აშშ–ს უბრალოდ გუბერნატორი დაენიშნა, მაგრამ ამით საერთაშორისო პოლიტიკურ მდგომარეობას
გაიურესებდა. ამიტომ უმჯობესია გარედან ისე ჩანდეს, თითქოს საქართველოს არჩეული ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს, რეალურად კი მის დაკვეთებს ასრულებდეს.

ნათელი ხდება, რომ ახალი ხელისუფლება, ივანიშვილის რჩევით, მსხვილი ბიზნესის მხარდამჭერი იქნება. ასეთი ოლიგარქიული ეკონომიკის განვითარებით შესაძლებელია ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა. თუმცა არცთუ სასარგებლო იქნება ეს ქვეყნისათვის, რადგან მოსახლეობა პირდაპირ დამოკიდებული იქნება ოლიგარქიაზე და მივიღებთ ეკონომიკურ ავტორიტარიზმს. წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარება ნაკლებად მიმზიდველია ხელისუფალისათვის, რადგან ამ შემთხვევაში მეტნაკლებად დამოუკიდებელი საზოგადოება იქნება და ასეთი ქვეყნის მართვა უფრო რთულია.

დასავლეთისათვის საქართველო მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება საბოლოოდ უარს იტყვის აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, ამით რუსეთთან ნაკლები დაპირისპირების გარეშე შეძლებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ცენტრალურ აზიისაკენ გზის გაკვალვას.

ამგვარი პოლიტიკის გასატარებლად სულაც არაა საჭირო საქართველოს ხელისუფლებაში ჭკვიანი, განათლებული და გამოცდილი პოლიტიკოსის ყოფნა. მხოლოდ კარგი მენეჯერიც საკმარისია, რომელიც სხვის თამაშს ითამაშებს. სააკაშვილმა ამ თამაშში მხოლოდ ერთი დონის (Level) გადალახვა შესძლო და დამარცხებულმა დაამთავრა თამაში. ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება რამოდენიმე დონის გადალახვა შეძლოს, თორემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და საერთაშორისო
პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ადგილის დამკვიდრების საკითხებში, ნაკლებად მოახერხებს წარმატების მიღწევას.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0