შოუბიზნესი ბიჭოლას უკრაინული ფოტოები 2013, 14 ნოემბერი, 0:03 ცნობილი ქართველი დიზაინერი ანზორ თეთრაძე, იგივე ბიჭოლა უკრაინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ოქტომბრის ბოლოს მან უკრაინის მოდის კვირეულზე 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ეს პირველი ჩვენება იყო, რომელიც დიზაინერმა მისი ყოფილი კოლეგის, ანუკი არეშიძის გარეშე გამართა. ახალი კოლექციის მთავარი გმირი და მუზა, ცნობილი მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო გახდა. ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძისა და ბიჭოლას უთანხმოებაზე თბილისში დიდხანს საუბრობდნენ. მათ ერთობლივად ბრენდი Anouki Bicholla-ც შექმნეს, თუმცა როგორც გაირკვა, უთანხმოება ფინანსურ საკითხებზე მოუვიდათ და დღეს უკვე ბიჭოლა უკრაინაში დამოუკიდებლად განაგრძობს მუშაობას. ყველას კარგად ახსოვს ალბათ "ბიჭოლას რუსულის" ცოდნის ამბავი. იმას, რომ რუსული კარგად არ იცის, დიზაინერიც არ მალავს. არც უკრაინაში თავის წარმოჩენა გაჭირვებია ამის მიუხედავად და "გავარსკვლავებას" იმასაც უკავშირებს, რომ რუსულად კარგად ვერ ლაპარაკობს. "გიჟდებიან, როცა ხედავენ, რუსულად საუბარს როგორ ვცდილობ. უკრაინაში ტელევიზიების სასურველი სტუმარი ვარ. იქაური "იქს ფაქტორის" წამყვანი - აქსანა მარჩენკო წლის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეს, მისი "ვიზუალის" შეფასება კი მე მომანდვეს. კიევში ისეთივე პოპულარული ვარ, როგორიც საქართველოში. იქ ჩემი დანახვა ყველას უხარია", -აცხადებს ის ჟურნალ "გზა"-სთან ინტერვიუში. დიზაინერის ნამუშევრები დღეისთვის უკრაინის სამ ქალაქშია წარმოდგენილი: კიევში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში. დიზაინერი ხშირად სტუმრობს კიევის ღამის კლუბებს და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობითაა დაკავებული. გთავაზობთ ბიჭოლას უკრაინაში ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, რომელიც მისი facebook-ის გვერდიდანაა. 129 1-ს მოსწონს 1-ს არა
|