უნდა ვიცოდეთ, თუ რა არის ცოდვა და რა არის მადლი, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება. უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ ერთი მეორისაგან განვასხვავოთ. ძველ რომაელებს უთქვამთ: ჰომო ჰომინის ლუპუს ესტ - ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ქრისტიანობა სულ სხვა რამეს გვიქადაგებს; პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ჯვარი, პირიქით, უნდა გავუადვილოთ და მევეწიოთ მის ზიდვაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ცოდვის უკეთურობანი იმდენად ვრცელია, რომ მათი ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელიცაა. თუმცა ზოგიერთის ჩამოთვლა მოხერხდება.
ცოდვა სიკეთეს სპობს, უკეთურებას გზას უთმობს;
ცოდვა კაცის სიცოცხლეს ამოკლებს და სიკვდილი ყრმობაშივე ეწვევა;
ცოდვა სიმშვიდეს არღვევს, საზოგადოებაში დაპირისპირება იჩენს თავს;
ცოდვა აშენებულს ანგრევს, ნანგრევთა რიცხვს ამრავლებს;
ცოდვა სიხარულს მწუხარებით ცვლის;
ცოდვა მშვენიერებას ხრწნის და სიმახინჯეს არგუნებს;
ცოდვა კაცს სიმშვიდეს ურღვევს, ტანჯვაში ამყოფებს;
ცოდვა კაცს ყოველგვარ ნიჭთაგან უბოძვარს ხდის, სიღატაკეში ამყოფებს;
ცოდვა კაცს ჯანმრთელობას აცლის, სნეულს ხდის;
ერთი გადმოცემის მიხედვით იმამი სადიკი ბრძანებს: “იცოდეთ, რომ შეუცოდველად არანაირი უბედურება და სნეულება არ შეგემთხვევათ. ღვთის მცნება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ თქვენი საკუთარი უკეთური ქმედებებია თქვენდამი მიმართული ნებისმიერი უბედურება, მაგრამ ღმერთმა მრავალჯერ შეგიწყნარათ” შემდეგ იმამი დასძენს: “ყოველშემთხვევაში ღმერთი უფრო გწყალობთ, ვიდრე განგსჯით!”