x
საარჩევნო პროგრამები

4 დღეში საპრეზიდენტო არჩევნებია. ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ათას ვარაუდს და ვერსიას გამოთქვამს, თუ ვინ გაიმარჯვებს. იმის გასარკვევად ვის როგორი შანსი აქვს, უფრო ხშირად, ამა თუ იმ კანდიდატის პოლიტიკურ წარსულს, გამონათქვამებს, შეცდომებს ან სწორ ნაბიჯებს უდებენ საფუძვლად. რატომღაც უკანა პლანზეა გადაწეული კანდიდატების მიერ
შემოთავაზებული საარჩევნო პროგრამების განხილვა და იმის შეფასება, თუ რა ელის ქვეყანას გამარჯვებულის მიერ თავის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში.

პროგრამების არჩევანი ბევრია არაა, რადგან ურეიტინგო და მხოლოდ საკუთარი სახელის წარმოჩენისათვის მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების უმეტესი ნაწილი, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მარგველაშვილის და ბაქრაძის პროგრამების დიდი ნაწილი იდენტურია და არსებითი განსხვავება მათ შორის ფაქტიურად არ არსებობს. განსხვავებულია მხოლოდ ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა.

საქართველოს ძირითადი პრობლემა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რადგან ეს მთლიანობა არის წინაპირობა იმის, რომ ქვეყანა ძლიერ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდეს, რაზეც ამ ქვეყანაში მცხოვრებთა კეთილდღეობაა დამოკიდებული. ოცნების და ნაციონალების მოსაზრება ამის შესახებ ასეთია, რომ საქართველოს ინტეგრაცია უნდა მოხდეს ნატოში და ევროკავშირში და ამ ორი
ორგანიზაციის დახმარებით მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საკითხის ამდაგვარად გადაწყვეტა, ჩემის აზრით, საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია.

საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს, თუ იგი უარს არ იტყვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. ნატოსაც და ევროკავშირისაც სრულიად აკმაყოფილებს ის ტერიტორიაც, რომელსაც დღეს საქართველო აკონტროლებს. ამით ისინი გზას იკვლევენ აზერბაიჯანის და შემდეგ ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგორესურსებისაკენ, რაც პერსპექტივაში რუსეთის დასუსტებისკენაა მიმართული. რუსეთის დასუსტება ჩვენთვისაც ხელსაყრელია, მაგრამ ეს დროში იმდენად გაწელილი იქნება, რომ საბოლოოდ აფხაზეთს და სამაჩაბლოსაც ტაო–კლარჯეთის ბედი ეწევა და სამუდამოდ ჩამოშორდება საქართველოს.

ნატოც და ევროკავშირიც თანამიმდევრულ პოლიტიკას აწარმოებენ საქართველოს მიმართ, რათა ჩვენ უარი ვთქვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას მოწმობს ანდერს ფოგ რასმუსენის ამასწინანდელი განცხადება, რომ საქართველოს ჯერ–ჯერობით ნატოში ვერ მიიღებენ. მათ კარგად იციან, რომ დღევანდელ სიტუაციაში აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას ვერცერთი ხელისუფალი ვერ გაბედავს. ნატოს კარი იმდენ ხანს იქნება ღია საქართველოსათვის, სანამ ჩვენვე არ დავრწმუნდებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების უპერსპექტივობაში და ჩვენივე სურვილით გვათქმევინებენ უარს. ეს კარი რომ ღია იქნება საქართველოსათვის და არ დახურულა, ამის დასარწმუნებლად ევროკავშირის და აშშ–ს მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ალბათ, ისევ ხშირად ივლიან საქართველოში და ზოგჯერ შეშფოთდებიან კიდეც რუსეთის უმსგავსი ქმედებების გამო. თუმცა ისინი მშვიდობიანად შეძლებენ რუსეთთან მორიგებას, საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე.

ივანიშვილის მიერ „სანიმუშო დემოკრატიის“ (http://kartlos46.blogspot.com/2013/10/blog-post_16.html#!/2013/10/blog-post_16.html) დამყარებით საქართველოში, დასავლელ პოლიტიკოსებს უფრო მეტი საფუძველი ექნებათ უმტკიცონ ქართველ ხალხს, რომ, რადგან საქართველო ჭეშმარიტი დემოკრატიის მაგალითია რეგიონში, ნატოსთან ძალიან ახლოს ვართ და ევროპის ბაზარიც (სადაც ბევრს ვერაფერს გავყიდით) ბოლომდე გაიხსნება ჩვენი მწარმოებლებისათვის. ამას რომ ამდაგვარი პერსპექტივა აქვს, ალბათ, ივანიშვილიც ამიტომ მიდის ოფიციალურად ხელისუფლებიდან და ამით იხსნის პასუხისმგებლობას
ქვეყნის წინაშე; თუმცა იგი იქნება ფაქტიური მმართველი, რადგან მის მიერ დატოვებული ხელისუფლება ყოველ მის რჩევას მიიღებს კანონად და ამ რჩევების აღმასრულებელი იქნება.

ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითაა ჩამოყალიბებული ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა. ნატოშიც და ევროკავშირშიც ინტეგრაცია უნდა მოხდეს აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად. ამისათვის კი ჯერ ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტად რეგიონული მასშტაბით, ამით მას შეეძლება ეფექტური როლი ითამაშოს ყარაბახის კონფლიქტის მოწესრიგებაშიც, რითაც კონფლიქტის მონაწილე ორივე ქვეყანაა დაინტერესებული. ეს კი საფუძველი გახდება ამიერკავკასიის
ქვეყნების დაახლოებისა და მათი გაძლიერებისა. აფხაზების და ოსებისთვისაც უფრო ხელსაყრელია ამიერკავკასიის ქვეყნებთან ინტეგრაცია, რადგან პატარა ქვეყნებთან ურთიერთობა უკეთესია,
თუ ეს ქვეყნები მათ დაჩაგვრას არ ცდილობენ, ვიდრე სუპერსახელმწიფოსთან, რომლისთვისაც მცირე ერის გაქრობა პრობლემას არ წარმოადგენს.

როდესაც ქვეყანა ძლიერია და გეოგრაფიულადაც კარგი მდებარეობა აქვს, ნატოს ევროკავშირის სტანდარტები იცვლება და ისეთი მკაცრი მოთხოვნები აღარ აქვთ პერსპექტიული წევრისადმი, როგორსაც დღეს
საქართველოს უყენებენ. საკმაოდ რთული იქნება რუსეთთან მოლაპარაკება და მისი დარწმუნება, რომ საქართველო მისი მტერი არაა. ასეთი მოლაპარაკების წარმოების რესურსი კი მხოლოდ და მხოლოდ ბურჯანაძეს გააჩნია და ალბათ შეძლებს კიდეც ამის გაკეთებას.

ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა, რომ რეალურია და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, კარგად ესმის ოცნების კანდიდატ მარგველაშვილს. სწორედ ამიტომ იგი ვერ ბედავს ბურჯანაძესთან
ტელედებატებში მონაწილეობის მიღებას. გაუბედავი და სხვაზე დამოკიდებული პრეზიდენტი ვერაფერი ხეირი იქნება ქვეყნისათვის, იგი ვერასდროს შეძლებს საჭირო მომენტში შესაბამის
გადაწყვეტილების მიღებას, ეს კი აუცილებელია თანამედროვე პოლიტიკაში.

0
15
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0