x
სანიმუშო დემოკრატია

ივანიშვილმა პირველივე პოლიტიკურ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს გახდიდა სანიმუშო დემოკრატიის ქვეყნად. ადრე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს სანიმუშო დემოკრატია მხოლოდ ქართული დემოკრატიის ფასადური გაკეთილშობილებაა („რისი თქმა არ სურთ ივანიშვილს და მისი კოალიციის წევრებს?“ http://kartlos46.blogspot.com/2012/05/blog-post.html#!/2012/05/blog-post.html), მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო ნათელი ხდება, თუ რა იგულისხმება ასეთ სანიმუშო დემოკრატიის დამყარებაში.

პრემიერის გადაწყვეტილებამ ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ ბევრი შეაშფოთა, რომ ეს ქვეყანაში ქაოსს გამოიწვევდა, მაგრამ პრემიერმა იქვე დაამშვიდა ისინი და განუმარტა, რომ შორს არსად მიდიოდა და სამოქალაქო სექტორიდან შეძლებს ქვეყანაში სანიმუშო დემოკრატიის მშენებლობას. ასევე ბევრი მითქმა–მოთქმა და მარჩიელობაა გამართული, თუ ვინ დაიკავებს პრემიერის თანამდებობას. როგორც კოალიციის ლიდერები განმარტავენ ახალი კანდიდტურა განხილული იქნება კოალიციის პოლიტსაბჭოზე და თუ პოლიტსაბჭო დაეთანხმება ივანიშვილის წარდგენილ კანდიდატურას, მხოლოდ ამის შემდეგ გაამხელენ მის ვინაობას.

როგრც ჩანს, პოლიტსაბჭოს ეს განხილვაც სანიმუშო დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა არავითარი განხილვა და ბჭობა
არ მოხდება, უბრალოდ ივანიშვილი აკვირდება საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის პროცესებს და მხოლოდ იმის მიხედვით დაასახელებს კანდიდატურას, თუ როგორ წაადგება იგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას. ანუ პრემიერის მიერ კანდიდატურის დასახელებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, რადგან ეს დაადასტურებს მარგველაშვილის სრულად დამოკიდებულებას ივანიშვილის ნება–სურვილზე; ამიტომ ისე უნდა დაიგეგმოს ამ განცხადების გაკეთება, რომ კარგ პიარ–აქციად
გამოდგეს, ან სულაც არჩევნების შემდეგ გაკეთდეს ეს განცხადება. შემდეგ კი კოალიციის დანარჩენი ლიდერები იტყვიან დიდი დავის და ბჭობის შემდეგ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილებაო.

ახლანდელი პარლამენტის შემადგენლობა, პრეზიდენტი მარგველაშვილი (თუ მან გაიმარჯვა არჩევნებში) და ახალი პრემიერი, ყველა ვალდებული იქნება ივანიშვილის წინაშე, მათ შორის ნაციონალი პარლამენტარებიც, რადგან მათი დეპუტატად დარჩენა პირდაპირ დამოკიდებულია ივანიშვილის სურვილზე. ხელისუფლების ასეთი შემადგენლობა ივანიშვილს აძლევს იმის გარანტიას, რომ ფაქტიურად იგი გახდეს ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი და დემოკრატიის ნაცვლად მივიღებთ შენიღბულ მონარქიას.

ბიძინა ივანიშვილის სურვილზე იქნება დამოკიდებული რომელ არჩევნებში, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს და რომელი იყოს ოპოზიციაში, ქართული ოცნება თუ ნაციონალური მოძრაობა (შუა უნდა გაიკრიფოს). გარედან ეს ისე გამოჩნდება როგორც წარმატებული დემოკრატიული მმართველობის ფორმა. ამით ივანიშვილი დაუმტკიცებს დასავლეთს, რომ საქართველო, როგორც ჭეშმარიტი დემოკრატიის ქვეყანა, კვლავ მათ სამსახურშია და ღირსია მიიღოს მათგან მორალური (რუსეთთან ურთიერთობაში) და მატერიალური დახმარება.

რეალური სიტუაცია, ცხადია ცნობილი იქნება დასავლეთისათვის, რადგან მათ სპეცსამსახურებს განუზომლად დიდი რაოდენობის აგენტურა ყავთ საქართველოში, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასე არასამთავრობო სექტორში. საერთოდ
საქართველო სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების პოლიგონად იქცა უკანასკნელ 25 წლის განმავლობაში. ჩვენი სპეცსამსახურები კი მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებზე კომპრომატების შეგროვებით არიან დაკავებულნი.

დაზვერვის და კონტრდაზვერვის მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობაში. რუსეთის, აშშ–ს, დასავლეთ ევროპის, ჩინეთის და ყველა მეტნაკლებად ძლიერი ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკური ძლიერება, დიდადაა დამოკიდებული ამ სამსახურების ეფექტიან მოქმედებაზე. დიდი თანხები იხარჯება დასავლეთის მხრიდან ჩვენი ჯარის გაწვრთნა–შეიარაღებაზე, მაგრამ მისი ეფექტურობა, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, პრაქტიკულად ნულის ტოლია, რადგან შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის გამო, ხელისუფლებამ არ იცის სად გამოიყენოს ეს გაწვრთნილ–შეიარაღებული ჯარი.

საქართველოში ასეთი პოლიტიკური მდგომარეობა ყველა უცხო ქვეყნის ინტერესებში შედის; ჩვენი ქვეყნისათვის კი შეიძლება სავალალო შედეგები მოყვეს, რადგან ამით, ფაქტიურად, ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე ჩვენივე ნებით ვამბობთ
უარს. იმის იმედი, რომ დასავლეთი თუ დაინახავს, საქართველოში დემოკრატიული მმართველობა დამყარდა და იგი დაგვეხმარება ამ ტერიტორიების დაბრუნებაში, უფრო სატყუარაა ქართული
საზოგადოებისათვის, ვიდრე რეალობა. უბრალოდ, რომ დავფიქრდეთ, ჩვენ რომ ვიყოთ ძლიერი ქვეყანა, განა სხვა ქვეყანას ხელს შევუწყობდით გაძლიერებულიყო? ამით ხომ ჩვენს ეროვნულ
ინტერესებს დავაზარალებდით.

ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და მისი უსაფრთხოების დაცვა, მხოლოდ ჩვენს ინტერესებში შედის. საპრეზიდენტო კანდიდატებიდან მხოლოდ ბურჯანაძემ წარმოადგინა რეალური პროგრამა, თუ რა გზით უნდა განვითარდეს საგარეო ურთიერთობები, რომ ქვეყანამ შეძლოს წინსვლა. სხვა დანარჩენი კანდიდატების გეგმა ამ მხრივ, ერთი და
იგივეა, ნატოში და ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია დაგვეხმარება საგერეო ურთიერთობის მოწესრიგებაშიც და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიც, რაც მხოლოდ გაუთვიცნობიერებელ საზოგადოებაზეა გათვლილი, თორემ არა მგონია, კაცს რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, იმას ვერ ხვდებოდეს, რომ სხვის იმედზე, საერთაშორისო პოლიტიკაში, ვერაფერს მიაღწევ.

საზოგადოების უმეტესი ნაწილი რომ ამ საკითხის არსის ცოდნაში მოიკოჭლებს, პოლიტიკური თოქ–შოუების წამყვანების კითხვებიდანაც ჩანს. ბურჯანაძის მიმართ მათ მხოლოდ ასეთი კითხვა აქვთ: ნატო თუ ევრაზიული კავშირი? ან აშშ თუ რუსეთი? კითხვის ასეთი სახით დასმა საზოგადოების პოლიტიკურ უვიცობაზე მიუთითებს; ისინი (ტელეწამყვანები) ამ კითხვებს სვამენ, იმის გათვალისწინებით თუ რა აინტერესებს ტელემაყურებელს. ასეთი კითხვების გაჩენა საზოგადოებაში სააკაშვილის „დამსახურებაა“ და არაფერი აქვს საერთო რეალურ პოლიტიკურ პროცესებთან. სააკაშვილმა მოახერხა და დააჯერა საზოგადოება, რომ რუსეთი ჩვენი უპირველესი მტერია და ამით ცდილობდა ხელისუფლებაში ყოფნის
გახანგრძლივებას, რადგან ერთადერთი იგი იყო რუსეთთან შეუპოვარი მებრძოლი. ზემოთ აღნიშნული კითხვები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, ხალხს აჩვენონ, რომ ბურჯანაძე აქსიომად ქცეულ
ნატო–ევროკავშირში ინტეგრაციას საეჭვოდ ხდის; ეს კი ფრიად არაპოპულარულია.

ბურჯანაძის პროგრამაში სავსებით რეალურადაა წარმოდგენილი თუ როგორ უნდა განვითარდეს საგარეო ურთიერთობები. რეგიონული ურთიერთობების დარეგულირებით მეზობელ ქვეყნებთან, საფუძველი ჩაეყრება ისეთი პოლიტიკური ბერკეტის შექმნას, რომელიც შეიძლება წარმატებით გამოიყენო რუსეთთან პრობლემატური საკითხების გადაწყვეტისას. ძალიან ხშირად ტელეწამყვანები კითხულობენ, ენდობა თუ არა ბურჯანაძე პუტინის სიტყვებს. რა თქმა უნდა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ნდობის არსებობა კარგია, მაგრამ მთავარი მაინც მოლაპარაკების წარმათვის ცოდნაა, რათა აიძულო მეორე მხარე შენი ინტერესები გაითვალისწინოს. მხოლოდ ნდობაზე დამყარებული პოლიტიკა წარმატების მომტანი არაა და ამის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაშიც მრავლადაა.

ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამა რომ რეალური და სხვებთან შედარებით, გაცილებით უკეთესია, ადასტურებს ისიც, რომ ოცნების კანდიდატი ვერ ბედავს მასთან გამართოს დებატები და ყველანაირი ხერხით ცდილობს აიცილოს ბურჯანაძესთან გაპაექრება. ამიტომ, ახლანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის. ამ არჩევნებით უნდა გაირკვეს, სურს საქართველოს პოლიტიკურად ძლიერ სუბიექტად ქცევა? თუ „სანიმუშო დემოკრატიით“ შენიღბული მონარქია ურჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მონარქი კეთილშობილი ადამიანი იქნება.

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0