x
პოლიტიკური კულტურა

ივანიშვილმა თავის ერთერთ ინტერვიუში თქვა, რომ ქართულ საზოგადოებას დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვს, ანუ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხია დაბალი. ეს, რა თქმა უნდა სიმართლეა და ალბათ ამას უნდა დავუკავშიროთ მისი გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორში გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა და იქიდან შეეცადოს საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლებას. თუმცა საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოყენებას იგი იქვე შეეცადა, როდესაც ფაქტიურად ულტიმატუმის სახით განაცხადა, რომ თუ მის კანდიდატს არ აირჩევენ პრეზიდენტად იგი უფრო მალე დატოვებს პრემიერის თანამდებობას. ასეთი განცხადების გაკეთება მხოლოდ დაბალი კულტურის საზოგადებისათვისა შესაძლებელი, რადგან სხვა შემთხვევაში ხალხი ამას შეურაცხყოფად მიიღებდა და ზურგს აქცევდა ივანიშვილს, მიუხედავად მისი უზარმაზარი ღვაწლისა ქვეყნის წინაშე.

ქართულ საზოგადოების დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოყენება სცადა გამსახურდიამაც, როდესაც თქვა, რომ თუ იგი თავისი ნებით გადადგებოდა ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია დაისადგურებდა, რაც ფაქტიურად სამოქალაქო ომისკენ მოწოდება იყო და საბოლოოდ სწორედ ეგ მივიღეთ. იგივე შეიძლება ითქვას შევარდნაძის შესახებაც, როცა მას ჰქონდა შესაძლებლობა ხელახალი არჩევნები დაენიშნა და საქმე რევოლუციამდე არ მიეყვანა. შემდეგ კი რევოლუციის ლიდერების გასაკვირად, სულაც დატოვა თანამდებობა, რადგან შეურაცხოფილად იგრძნო თავი. მას მსოფლიო დონის პოლიტიკოსად მოიხსენიებენ, მაგრამ პოლიტიკოსი მაშინ ჩაითვლება წარმატებულად, თუ იგი ცივი გონებით აზროვნებს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველაზე წინ, ხოლო ემოციებს და პირად ამბიციებს თავისთვის ინახავს.

ჩვენს საზოგადოებას რომ დაბალი პოლიტიკური კულტურა აქვს და ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხიც დაბალია, გასაკვირი არაა, რადგან 2 საუკუნე საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი
ნაწილი იყო და მის საზოგადოებას არავითარი პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება არ ჰქონდა. სხვა საკითხია, შესაძლებელი იყო თუ არა ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვად
გაზრდილიყო პოლიტიკური კულტურის დონე საქართველოში.

პოლიტიკური კულტურის დონის და დემოკრატიზაციის ხარისხის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ქვეყანაში რელიგიის გაძლიერებამ. ადამიანებს შეექმნათ ილუზია, რომ თუ ისინი ღვთის მოშიშნი და ღრმად მორწმუნენი იქნებოდნენ, თუ არ დაარღვევდნენ მარხვას, უფრო ხშირად ილოცებდნენ და მეტს შესწირავდნენ ეკლესიას, ღმერთი არ გასწირავდათ, მოუვლენდა მესიას და გადარჩენდა მათაც და ქვეყანასაც. ამით საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა უარი თქვა პრაგმატულ აზროვნებაზე და ყველაფერი ღმერთს მიანდო.

რელიგია და სარწმუნოება ერთერთი ძირითადი მიზეზთაგანია, ენასთან და მამულთან ერთად, დედამიწაზე სახელმწიფოების ჩამოყალიბებისა. სახელმწიფო სამართალის გარეშე არ არსებობს, სამართლი კი, რაც ადამიანთა (Homo sapiens) მოდგმა არსებობს, რელიგიის მსახურებმა განავითარეს („რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს, თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა?“ – ნეტარი ავგუსტინე). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიის არსებობის ძირითადი საფუძველი სასწაულებია, რომელთა ახსნაც ადამიანს არ შეუძლია; თუმცა ამ საწაულების შესახებ იგივე ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: „სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე“.

XVI საუკუნის შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა გაათვიცნობიერეს, რომ სახელმწიფოს რეალური საყრდენი რელიგია და ეთნოსი კი არაა, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური ინტერესების ერთიანობაა, ამან კი საშუალება მისცა დემოკრატიულ ინსტიტუტებს განვითარებულყვნენ. ამას აღნიშნავდა მაკიაველიც რუანელ კარდინალთან საუბრისას – „კარდინალმა მითხრა: იტალიელებს სამხედრო საქმისა არა გაეგებათ
რაო, რაზედაც მე მივუგე: სამაგიეროთ ფრანგებს არა გაეგებათ სახელმწიფო საქმეებისა, თორემ განა დაუშვებდნენ ეკლესიის ასეთ აღზევებას–მეთქი?“ (მთავარი. ნიკოლო მაკიაველი).

ჩვენთან ეკლესიის აღზევებაში დიდი წვლილი მიუძღვის ივანიშვილსაც, თუმცა მისმა ქველმოქმედებამ ეკლესიის მიმართ მოუპოვა მას უდიდესი ავტორიტეტი და გზა გაუხსნა ხელისუფლებისაკენ. მიმდინარე წლის 17 მაისის მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა ეკლესიის აღზევებით წარმოშობილი პრობლემები. ბ–ნ ბიძინას მიერ გაწეულ ქველმოქმედებას ეკლესიის მიმართ შეიძლება სხვა ახსნაც მოეძებნოს: 90–იანი წლების განუკითხაობის პერიოდში, რწმენის გაძლიერება და ღვთის შიშის დანერგვა, უკეთური საქციელის ერთერთ შემაკავებელი ძალად შეიძლება განვიხილოთ.

დღესაც ეკლესიას სახელმწიფო ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით აფინანსებს; ბიზნესმენები და ჩინოვნიკები, რომელთაც გარკვეულ კაპიტალს მოუყარეს თავი, გულუხვად აფინანსებენ ეკლესია–მონასტრების მშენებლობებს, უმეტეს წილად პოპულარობის და ავტორიტეტის მოსახვეჭად. მღვდლობა და სასულიერო მოღვაწეობა შემოსავლიან საქმედ იქცა, ხოლო ეკლესია კი ფულის საშოვნ „ცეხად“.

პოლიტიკოსთა და ექსპერტთა უმრავლესობა მრავალ პროგრამებს ადგენენ, თუ მრეწველობის ან სოფლის მეურნეობის რომელ დარგს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, რომ ქვეყნის ეკონომიკამ წინ წაიწიოს. მაგრამ ყველაზე კარგი კაპიტალდაბანდება, ქველმოქმედების ყველაზე კარგი მიმართულება, მორწმუნეთათვის ყველაზე კარგი სულის საცხონებელი საშუალება, განათლების დაფინანსება მგონია. განათლებული ადამიანი თვითონ, სხვისი კარნახის გარეშე, განსაზღვრავს და გადაწყვეტს რა საქმიანობაა მისთვის სასარგებლო, გონიერი ანალიზის საფუძველზე და არა ემოციებს აყოლილი გააკეთებს მისთვის სასიკეთო პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არჩევანს. ასეთ საზოგადოებას ვეღარ გაუბედავს ხელისუფალი ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს. ასეთი საზოგადოება არის მაღალი პოლიტიკური კულტურის მატარებელი, რაც განაპირობებს ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის გაუმჯობესებას.

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0